მოლოდინები წითელი მაიმუნის იმედად...

© https://www.facebook.com/parliamentgeo/პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა

  სულხან მელაძე

 დეკემბრის პირველი ნახევარი, იღბლიანი და თანაც როგორც ქუთათურები იტყვიან ხოლმე, ნამეტანი ნაყოფიერი გამოდგა. პარასკევს რიონისპირა ქალაქში პარლამენტარები შეიკრიბნენ და 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. 

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და წლის მთავარ საფინანსო-პოლიტიკურ დოკუმენტს საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

 არგუმენტებს რა გამოლევს, ცხრა წლის მანძილზე ერთპიროვნულად ნახელისუფარებმა ნეგატიურად შეაფასეს ხარჯების ზრდა როგორც სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირებისათვის, ისე ჯანდაცვისა და სხვა სოციალური პროექტების განსახორციელებლად.

 ე.წ „რემნების მოჭერის“ პოლიტიკის დეკლარირების პარალელურად უსაფუძველო არ ყოფილა ადმინისტრაციული ხარჯების საგრძნობლად შემცირების მოლოდინი. „მეოცნებე ხელისუფლებას“ ბიუროკრატიის შესანახი ფინანსების შემცირებისკენ ექსპერტ-ანალიტიკოსებიც მოუწოდებდნენ, თუმცა შედეგი სხვაგვარია.

 რაც შეეხება სოციალურ პროექტებზე ხარჯების ზრდას, პარადოქსია ხალხზე მზრუნველი პოლიტიკური პარტია ერთის მხრივ პენსიების 50 ლარით ზრდას ითხოვდეს და მეორეს მხრივ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა ტიპის სოციალური ამოცანებისა და გამოწვევების დასაძლევად ფინანსების ზრდას აპროტესტებდეს. არა, მე ვცდები. პარადოქსული და უცნაური ჩვენში არაფერია. აქ „ყველაფერი მოსულა“ და არავის უკვირს, რომ ულტრა მემარჯვენეები მემარცხენე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ და პირიქით. ერთი სიტყვით ხანმოკლე ისტორიულ გამოცდილების სრული დაცვით ქვეყნის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაჭირა. ხალხის რჩეულები ხალხისვე საკეთილდღეოდ! ვინ გაბედავს და იტყვის, რომ არა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის ნოდარ ხადურის განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად ხალხის ინტერესებზეა მორგებული.

Парламент Грузии - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტი მიიღო

 "ეს არის ბიუჯეტი, რომელმაც გადააჭარბა 10 მილიარდ ლარს და ამავე დროს არის ბიუჯეტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებს. ეს არის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე,  განათლებაზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.  ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით 2012 წლის არჩევნებამდე, სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ", — განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 ხელისუფლების მხრიდან დაპირებების შესრულებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბიუჯეტო პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. ასეა ამჯერადაც. ხარჯების ერთი მესამედი მოქალაქეთა ჯანდაცვასა და სოციალური პროექტებს მოხმარდება. ისიც ითქვა, რომ ბარში მცხოვრებთათვის პენსია ოცი ლარით მოიმატებს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში პენსიონერები 216 ლარს მიიღებენ. მთიანი რეგიონების მხარდაჭერის უპირობოდ აუცილებლობის მიუხედავად, რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო უზრუნველყოფის ამგვარი მიდგომა ცალკე მსჯელობის თემაა და ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბროთ და ახლა ის ვიკითხოთ ამ ბიუჯეტით  კიდევ რისი მოლოდინი და იმედი უნდა გვქონდეს?

 ეკონომისტი ოთარ ხუფენია:ხელისუფლება დაიცავს სოციალურ პრიორიტეტებს და ასევე, გაგრძელედბა ყველა პროგრამა — საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება (წარმოებულია საქართველოში) და სხვა. 

ამასთან, დაიწყება მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მთიან რეგიონებში განვითარებული საწარმოები გათავისუფლდებიან მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისაგან. ამ რეგიონებში უპირატესად გაიზრდება ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასები, ხოლო პენსიონერთა პენსია 1 სექტემბრიდან იქნება 216 ლარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ უკვე მოქმედი პროგრამების დაფინანსების მოცულობა ფაქტობრივად არ იზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თვისობრივი გარღვევა ვერ მოხერხდება. მთიანი რეგიონების განვითარებისათვის დაგეგმილი პოტენციური ფინანსური შეღავათები (გადასახადებისაგან განთავისუფლება) მწირია, და უნდა ვივარაუდოთ, სათანადო შედეგებს მომავალ წლებში მივიღებთ. იმედია, მომავალი ხელისუფლებებიც  „მთის შენარჩუნების“ ეროვნულ პრობლემას გააცნობიერებენ და დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ!..“

 დარწმუნებული ვარ მკითხველი არ დამძრახავს, თუ იმასაც ვიკითხავ რას არ უნდა ველოდოთ და რატომ?

ოთარ ხუფენია: “უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ელოდოთ საპენსიო რეფორმას და აქედან გამომდინარე, აუცილებლობასთან მიახლოებულ საპენსიო უზრუნველყოფის დონეს. მომავალ წელი პენსიის 20 ლარიანი ზრდა (ისიც პირველი ივლისიდან!) ფაქტობრივად 2014-2015 წლების ინფლაციის კომპენსირებაა!  „საპენსიო ოფისმა“ დაასრულა საპენსიო რეფორმის მოდელზე მუშაობა, რაც გულისხმობს სავალდებულო კერძო საპენსიო დაზღვევის დანერგვას. პრეზენტირებული მოდელი ასეთია:  საშემოსავლო გადასახადის ორ პროცენტს გადაიხდის დასაქმებული, ორ პროცენტს გადაიხდის დამსაქმებელი, ხოლო ორ პროცენტს — სახელმწიფო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძო საპენსიო დაზღვევაზე მიიმართება 20 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის 6 პროცენტული პუნქტი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ-ჯერობით ეს მოდელი დამტკიცებული არ არის, არ ვიჩქარებთ ჩვენეული, მკვეთრად უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: საპენსიო რეფორმა (თუნდაც ასეთი სქემით!) 2016 წელს ვერ განხორციელდება თუნდაც იმიტომ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი — 2 089 მილიონი ლარი ხარჯებში უკვე გაწერილია, ხოლო სახელმწიფოს მიერ ორი პროცენტის დაფინანსების წყარო ბიუჯეტში მოცემული არ არის.  მაშასადამე, „საპენსიო ოფისის“ სამწლიანი მუშაობის შედეგი ყინულზე ცარცითაა დაწერილი!.. პოლიტიკოსთა განცხადებები დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ილოზორულია და მეტიც, საზოგადოებას აზიანებს ცრუ მოლოდინების გაჩენის გზით! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას დღემდე არ შეუფასებია საპენსიო რეფორმის დაწყების გაუმართლებელი დაგვიანება. ასევე, არ უნდა ველოდოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში „სადაზღვევო მენიუს“ გაფართოებას, თანაგადახდის პროცენტის შემცირებას, მედიკამენტის კომპონენტის ზრდას და ა. შ. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, ამ პროგრამაზე უარის თქმა კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, აუცილებელია მისი ეფექტიანობის ამაღლება და წინა ხელისუფლების ე.წ. ჯანმრთელობის დაზღვევის მავნე რეციდივის საბოლოო აღმოფხვრა. და ბოლოს, არ უნდა ველოდოთ, რომ 2016 წელი, ანუ ახალი ხელისუფლების მეოთხე წელი საუკეთესო იქნება“!

პროგნოზი სახარბიელო არ არის, თუმცა ვინ იცის ეგებ წითელი მაიმუნის წელმა სწორედ ის მოიტანოს რისი მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს. რატომაც არა, ჩვენში, ხომ ყველაფერი ხდება…


ყველა ახალი ამბავი
0