თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, 11 დეკემბერს 83 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ხმით მიიღო „საქართველოს კანონი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
2016 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა და ასიგნებები დაგეგმილია 10,145 მილიარდი ლარის დონეზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
2016 წლის ბიუჯეტში მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი სოციალური სფეროს და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იქნება, განაცხადა საქართველოს ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა.
მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31,2%-ს შეადგენს.
2012 წელთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა განათლების სისტემის დაფინანსება და 2016 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზითა და 4,5% ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3% იქნება, რაც შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2016 წლისათვის, დაახლოებით 8,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 7,980 მილიარდი ლარით, აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ მუნიცეპალიტეტებში დარჩება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა საერთო მოცულობა 2016 წლისათვის 10,145 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9,335 მილიარდ ლარს, გრანტები — 130 მილიონ ლარს, კრედიტები 680 მილიონ ლარს.