ინოკენტი ადიასოვი, პოლიტექსპერტი
სპეციალურად საიტისთვის "Sputnik საქართველო"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან და უკვე 23 დეკემბერს მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების ახალი ეტაპის დაწყება გვამცნო (წინა ეტაპი 2013 წელს იყო). ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, გააფორმონ ნებისმიერი ჯერადობის საქმიანი, სასწავლო, სამუშაო და ჰუმანიტარული ვიზები იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმწვევი პირები ნათესავები არ არიან.
უვიზო რეჟიმის აღდგენისკენ სვლა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდეგომი ნორმალიზაციისათვის. თუმცა გადამწყვეტი როლი ამ პროცესში მაინც ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდამ უნდა შეასრულოს.
თურქულ საქონელზე სანქციების დაწესება ქართულ პროდუქციას შანსს აძლევს
2015 წლის იანვარ–ნოემბერში რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა შორის მესამე გახლდათ. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 675,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო ბრუნვის მთლიანი მოცულობის 7,6%–ს შეადგენს.
ცოტაა ეს თუ ბევრი? 2008 წლის ზაფხულის მოვლენების შემდეგ სავაჭრო ურთიერთობების სრულად ჩამოშლის ფონზე ეს შედეგი შეიძლება სულაც არ მოგვეჩვენოს ცუდად. მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი კიდევ 10%–ით შემცირდა. განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტის დაცემა. მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოში ღვინის რუსეთში ექსპორტმა 58%–ით იკლო, რაც 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46%–ით ნაკლებია, – იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
როგორც ჩანს, რუსული რუბლის მკვეთრმა დევალვაციამ უარყოფითი როლი შეასრულა ღვინის ექსპორტირების საქმეში. ქართული პროდუქცია შედარებით იაფფასიან ყუბანურ და ყირიმულ ღვინოებს შეერია რუსულ ბაზარზე. თუმცა, ეს უკვე ბაზრის საკითხია და არა სავაჭრო შეზღუდვების.
საქართველომ დიდი ენთუზიაზმით აღიქვა რუსეთის მიერ თურქულ საქონელზე სანქციების დაწესება. თბილისი სამართლიანად ხედავს ამ სანქციებში იმის შანსს, რომ მიიღოს (უფრო სწორად, დაიბრუნოს) ტევადი რუსული ბაზრის ნაწილი.
ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა პირველებმა ქართველმა მეციტრუსეებმა მოიწადინეს. აჭარაში სკმაოდ სწრაფად აიწია მანდარინის შესასყიდმა ფასმა. ახლა ერთი კილო მანდარინი 60 თეთრის ნაცვლად 85 თეთრი ღირს.
რუსული ბაზრის მოთხოვნა კი 800 ათას ტონაზე მეტია, საიდანაც თურქეთის წილად 220 ათას ტონაზე მეტი მოდიოდა.
წელს საქართველოში 110 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, რუსეთი კი ორჯერ მეტის შესასყიდად არის მზად. ასე რომ, თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ქართული მანდარინი ვერ შეძლებს რუსეთის სრული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ციტრუსების გარდა, საქართველო მზადაა გაზარდოს რუსეთში ბოსტნეულისა და მწვანილის გატანაც.
თუმცა, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას რუსეთში თან სდევს გასაგები პრობლემები. მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ექსპორტიორების (აზერბაიჯანი, სომხეთი, მანდარინის კუთხით კი, პირველ რიგში, აფხაზეთი, რომელიც რუსეთთან ძალიან ახლოსაა და ამიტომ მცირე სატრანსპორტო ხარჯები აქვს) მხრივ მზარდი კონკურენცია.
სულ ახლახან მომხდარი მანათის დევალვაციის ფონზე, აზერბაიჯანული პროდუქცია უკიდურესად კონკურენტუნარიანი ხდება რუსეთის ბაზარზე. არადა, ამ უკანასკნელს პრეტენზია აქვს რუსეთში ქართული კვების პროდუქტების ექსპორტის ტრადიციულ სეგმენტზე.
და, რაღა თქმა უნდა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის გაფართოება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავების საკითხს აყენებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ექსპორტის სატრანსპორტო ხარჯები ძალიან მაღალი იქნება, რაც სხვა ექსპორტიორებისთვის კონკურენციის გაწევაში ხელს შეუშლის.
თუმცა ეს საკითხი, როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ჯერჯერობით არ განიხილება.
საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ევროკავშირში მუშაობას
დეკემბერში ევროკომისიამ საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულების თაობაზე ანგარიში წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელმა დადებითად შეაფასა ორივე ქვეყნის მიერ გატარებული ზომები და სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაცია გასცა. თუმცა, ეს რეჟიმი უვიზოა და არა უპირობო (ამაზე ქვემთ).
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე წარმოადგინა რიგით მესამე მოხსენება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 15 მოთხოვნიდან მხოლოდ შვიდი შეასრულა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვიზების გაუქმებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გაურკვეველი დროით ვადდებოდა.
მაგრამ ახლა ბრიუსელმა გადაწყვიტა დაგვანახოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რაღაც კუთხით მაინც მუშაობს.
აქამდე გაურკვეველია, ზუსტად რა დროიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობას. თანაც არც სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზეა ლაპარაკი შესაძლებელი.
პირველი: ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ ანიჭებს.
საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ ევროკავშირში ფულის დახარჯვას, მაგრამ არა მის შოვნას. მუშაობის დასაწყებად ცალკე ვიზის მიღება იქნება საჭირო.
მეორე: საზღვარზე ბიომეტრული პასპორტების მფლობელებსაც კი (ეს ბრიუსელის პირობა იყო) შეიძლება მოსთხოვონ ახსნა–განმარტება, რა მიზნით მიემგზავრება ევროკავშირში, და უფრო მეტიც: დაადასტუროს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და შემდგომი გამოსვლისთვის საკმარისი სახსრები გააჩნია.
შეიძლება უკანა გზის ბილეთის ჩვენებაც კი მოსთხოვონ.
ნათესავებთან თუ ნაცნობებთან წამსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მიმწვევის შესახებ და ასევე მათი მისამართი და ტელეფონის ნომერი.
ქართველ სტუდენტებს კი შენგენის ზონაში შესასვლელად ევროკავშირის სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა უნდა ჰქონდეს თან.
გამოდის, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ბევრით განსხვავდება შენგენის ზონის შიგნით მცხოვრებთათვის დადგენილი წესისგან.
რეალურად საქართველოს მოქალაქეები ეკონომიას მხოლოდ საკონსულო მოსაკრებელზე გასწევენ (ვიზა ოფიციალურად ღირს 60–70 ევრო მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის საკონსულო გასცემს მას, მაგრაზმ საშუამავლო კომპანიები ამ მომსახურებაში რამდენიმე ასეულ დოლარს იღებენ).
ფორმალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის პრობლემას.
ამასთან, საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმ სახსრებზე, რომლებსაც შრომითი მიგრანტები რიცხავენ ქვეყანაში.
შრომითი მიგრაციის საკითხის გადასაჭრელად თბილისს მომავალშიც მოუწევს მოსკოვთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გზების ძებნა.
არის თუ არა მზად რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? რაღა თქმა უნდა, კი. რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობათა განვითარების ამგვარი დინამიკის ფონზე, 2016 წელი შესაძლოა ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის სრულად აღდგენის წლად იქცეს.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას