თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა, აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა ეროვნული გვარდიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ორშაბათს, 21 დეკემბერს გააკეთა.
ევროკომისიამ პარასკევს,18 დეკემბერს, გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რის საფუძველზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.
„როდესაც ვუყურებთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს მიზნები ჩვენი ევროპული არჩევანის იდენტურია; იდენტურია, ჩვენი საზოგადოების ისე განვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და, რისთვისაც თქვენმა თანამებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. აქედან გამომდინარე, 2016 წელს, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, სწორედ ამ წელს განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები“, – განაცხადა პრეზიდენტმა სამხედროებისადმი მიმართვისას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროპარლამენტს სპეციალურ რეგლამენტს წარუდგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველო შეიყვანონ იმ სახელმწიფოების ნუსხაში, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ქვეყნების მოსანახულებლად სავიზო პროცედურების გავლა არ სჭირდებათ.