თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მიიჩნევს დეპუტატი გოგი თოფაძე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება, თან დასძინა, რომ ეს ფაქტი საქართველოსთან სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობას უფრო გააღრმავებს.
„ფაქტია, რომ ეს (სავიზო რეჟიმის გაუქმება) საგრძნობლად გაზრდის ქართული პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადივითაა. მით უმეტეს, რომ მან (პუტინმა – რედ.) განაცხადა, რომ მზადაა ჩვენი პროდუქტი მიიღოს. მან თქვა, რომ ჩვენი ღვინის 2/3 გააქვთ და ნებისმიერ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მზად არიან“, – აღნიშნა თოფაძემ.
2015 წლის იანვარ–ნოემბრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ–ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 675,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%–ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ–ნოემბრის თვის მონაცემზე. დღევანდელი მდგომარეობით რუსეთთან საქონელბრუნვა საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 7,6%–ს შეადგენს.
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.