თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. რუსეთს შეუძლია საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს, განაცხადა ხუთშაბათს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. საქართველოში, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააუქმა, მოსკოვის ეს წინადადება დადებითად აღიქვეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ვიზების გაუქმება უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს, თუმცა, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებმა, უპირველესად, 2008 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღადგინონ.
მოსკოვმა თბილისიდან პოზიტიური სიგნალები დაინახა
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნებს შორის დიდი ხნის ნანატრი დათბობის ნიშნები გაჩნდა, დიპლომატებმა ამ მიმართულებით ერთობლივად იმუშავეს. კერძოდ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკა გაატარა. თუმცა, რუსეთის საგარეო ურთიერთობათა უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ ვიზების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ შეიძლება, რომელიც 2008 წელს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შემდეგ გაწყდა.
და აი, ყოველწლიური პრესკონფერენციის მსვლელობისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააბრუნოს. „რაც შეეხება სავიზო რეჟიმს… დიახ, ვფიქრობთ და მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, პუტინმა აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენებზე და ორმხრივი ურთიერთობების „დეგრადაციაზე“ ბრალი „მთლიანად“ საქართველოს ხელისუფლების მხრებზეა. „ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ურთიერთობების დანგრევის ინიციატორები, მაგრამ ამის აღსადგენად მზად ვართ“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მოსკოვი „საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობისგან სიგნალებს ხედავს და ეს სიგნალები მიიღება“.
„მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოს ღვინომასალების საექსპორტო მოცულობის ორი მესამედი რუსეთის ბაზარზე შემოდის და არა სადღაც იქ, შორეულ უცხოეთში. ჩვენ ხომ ვიღებთ ამ პროდუქტებს ისევე, როგორც სხვას. საქონელბრუნვა გაიზარდა. ამჟამად, წელს, ზოგადეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ცოტა შემცირდა, მაგრამ მთლიანობაში, ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპს აჩვენებს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა.
თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი
რეაგირება მოსკოვის წინადადებაზე თბილისში უკვე ჰქონდათ. კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის სიტყვებს ვიზების გაუქმების თაობაზე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ამ სიახლეს ასევე საინტერესო და პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.
„ეს საინტერესო განცხადებაა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუკი ის, რაღა თქმა უნდა, რეალიზდება“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
რამდენ ხანში შეიძლება გაუქმდეს ვიზები?
სახელმწიფო დუმის დსთ–ის საქნეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. „იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს დროში მოხდება, ვინაიდან ეს საკითხი კარგა ხანია მომწიფდა“, — განუცხადა „რია ნოვოსტის“ სლუცკიმ.
ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ემელიანოვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მიიღონ, მაგრამ მისი რეალიზება შეიძლება დამუხრუჭდეს, თუ საერთაშორისო ვითარება მკვეთრად შეიცვლება და თბილისი მოსკოვის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს გადადგამს.
„თუ პუტინმა განაცხადა, მაშინ შეიძლება ძალზე სწრაფად მიიღონ. ამისთვის საჭირო არაა რაიმე სპოეციალური კანონები, გადაწყვეტილებები. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს პროცესი დააბრკოლოს, ეს საერთაშორისო ვითარების სწრაფი ცვლილებაა. თუ რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან კვლავ გამწვავდება, დასავლეთის მხრიდან რაიმე დემარში რუსეთის მიმართულებით შეიძლება საქართველოსთვის რუსეთთან მიმართ არამეგობრული ნაბიჯის გადასადგელად მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ემელიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველოსთან რუსეთის დამოკიდებულებაში მცირე პოზიტიური წინსვლა შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პოზიცია პრორუსული არ არის და დასავლურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს, ის უწინდებურად აგრესიული აღარაა, აღნიშნა დეპუტატმა. „ამიტომ, თუ არის ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება, რატომ არ უნდა გავაუმჯობესოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმეტესობა ანტირუსულად განწყობილი არ არის“, – განაცხადა მან.
თავდაპირველად დიპლომატიური ურთიერთობები, შემდეგ – ვიზების გაუქმება
„რია ნოვოსტის“ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად ქვეყნებმა 2008 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღადგინონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუქმდეს სავიზო რეჟიმი.
დსთ–ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხში თბილისის უმოქმედობით სავიზო რეჟიმის გაუქმება შეუძლებელი იქნება. „დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მხრიდან შეჩერდა. რუსეთი არც არასდროს წასულა მათი აღდგენის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯის გარეშე, ურთიერთობების აღდგენის გარეშე არც მომდევნო ნაბიჯი – ვიზების გაუქმება იქნება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
„ასეთი რამ არ ხდება, რომ უვიზო რეჟიმი ურთიერთობების მოგვარების გარეშე დაწესდეს“, – აღნიშნა ჟარიხინმა.
რუსული პოლიტოლოგიური ცენტრის „ჩრდილოეთ–სამხრეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იულია იაკუშევამ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ვიზების გაუქმება მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უნდა მოჰყვეს. „პუტინის სიტყვებში საუბარია არა მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ ამ საკითხის განხილვის მზადყოფნაზე. ვფიქრობ, ეს იყო ორმხრივ ურთიერთობებში დაახლოებისთვის მზადყოფნის ჩვენება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
„ამჟამად უკვე დინამიურად ვითარდება ეკონომიკური კავშირები, ჰუმანიტარული დიალოგი, და ამიტომ სრულებით ლოგიკურია, და გარკვეული გარღვევა იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნა“, – მიიჩნევს იაკუშევა.
უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი მარტინოვი დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში დათბობის პროცესი უნდა დაიწყოს: თუმცა ანტირუსული რიტორიკა წარსულს ჩაბარდა, აუცილებელია რეალური ქმედებები და ასეთ ქმედებად შეიძლება გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს მონაწილეობა.
ექსპერტმა, ამასთანავე არ გამორიცხა საქართველოს შესაძლო მონაწილეობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. „საქართველოსთან ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით – დარწმუნებული ვარ, ასეთი დათბობა იქნება“, – განუცხადა მარტინოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.
მან აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ეკონომიკურ სფეროშიც და ტურისტულშიც უკვე შეიმჩნევა.
„უფრო მეტი რუსი სტუმრობს საქართველოს, და საქართველოში უხარიათ რუსი ტურისტების ჩასვლა. და საერთოდ, ეს ანტირუსული რიტორიკა წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რა თქმა უნდა, რიტორიკა იქით დარჩეს, მაგრამ ჩვენ რეალური ქმედებები გვინდა. მაგალითად, საქართველოს უფრო აქტიური მონაწილეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებში“, – განაცხადა ექსპერტმა.
„არ გამოვრიცხავ საქართველოს მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, განსაკუთრებით რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების გამწვავების კონტექსტში. ეს, სხვათა შორის, აზერბაიჯანსაც ეხება – მხედველობაში მაქვს ამიერკავკასიის სახელმწიფოების ეკონომიკური ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეგიდით. ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება, ურთიერთობები გაუმჯობესდება, ურთიერთობები ურთიერთმომგებიანი იქნება და არა პირიქით. ანუ, თუ ჩვენთვის ეს საკითხი უფრო ემოციურია, ამიერკავკასიის სახელმწიფოებისთვის ეს გადარჩენის საკითხია“, – ვარაუდობს მარტინოვი.