06:05 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
385380

ძალიან დილა მშვიდობისა!

უნდა გითხრათ, რომ ამ კვირაში გამორჩეულად და განსაკუთრებით წესიერად ვიქცევით – გუშინ მსოფლიოში თამბაქოს გარეშე დღე იყო გამოცხადებული და არ ვეწეოდით, ხოლო დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანებულებებს გაგიმასპინძლდებით უგემრიელესი სასმელით — რძით, რადგან სწორედ დღეს, 1 ივნისს რძის მსოფლიო დღეა.

თუ ვიღაც მაინც და მაინც არ მოინდომებს რძის მირთმევას, რადგან ბავშვობიდან არ უყვარს, სათადარიგო ვარიანტიც მაქვს გამზადებული — რძიანი ჩაი (რომელიც ძალიან პოპულარულია ინგლისში), ნამცხვარ „ჩიტის რძესთან“ ერთად.

სხვათა შორის, რძიანი ჩაის სმის ტრადიცია შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაის ასხამდნენ ფაიფურის თხელ ჭიქებში, რომელიც ვერ უძლებდა მდუღარე სითხეს და იბზარებოდა. ამიტომაც ჭიქაში ჯერ ცივ რძეს ასხამდნენ, შემდეგ კი ჩაის. თანაც რძიანი ჩაი (განსაკუთრებით მწვანე) საოცრად სასარგებლოა — ის ანელებს ორგანიზმის დაბერებას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის სტრესებს, ამაგრებს კბილებს, ღრძილებს და აჩერებს თმის ცვენას.

ცნობილია, რომ უძველესი დროიდან რძე და რძის ნაწარმი გამოიყენებოდა არა მხოლოდ საკვებად, არამედ მედიცინაშიც. მაგალითად, ჰიპოკრატე თავის პაციენტებს რძეს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ჭლექის განსაკურნად უნიშნავდა. ასევე ავიცენაც. ძველი ფილოსოფოსები, რომლებმაც არ იცოდნენ რძის შემადგენლობა, რძეს „თეთრ სისხლს“ ეძახდნენ, აკადემიკოსი ივან პავლოვი კი ამბობდა, რომ რძე არის იდეალური საკვები, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა. ხოლო მწერალი და შეთავსებით ექიმი ანტონ ჩეხოვი რძის დალევას „მუცლიან კაცებს“ ურჩევდა.

რძე შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რიბოფლავინს, ვიტამინებს В12-სა და D-ს, ნახშირჟანგებს, მაგნიუმსა და თუთიას. ის, რომ რძე პატარებისთვის სასარგებლო და აუცილებელია (სავარაუდოდ, რძის დღე სწორედ ამიტომაც ემთხვევა ბავშვთა დაცვის დღეს), ყველამ იცის. ბევრი დიდობაშიც არ ამბობს უარს რძეზე, მაგრამ, თურმე, ჩინეთის, აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წარმომადგენლები, რომელთა კანის ფერი რძის ფერისგან საკმაოდ განსხვავდება, 2-5 წლის შემდეგ რძეს არ სვამენ, რადგან მათი ორგანიზმი მას ვერ ითვისებს.

ამბობენ, რომ რძე შესანიშნავად მოქმედებს კანზე. მაგალითად, ნერონის მეუღლე პოლეა ყოველდღე იღებდა რძის აბაზანებს, რისთვისაც სპეციალურად 500 ვირი ჰყავდა თავლაში. მე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამიჩნდა ამის სურვილი, მაგრამ აბაზანაში რძის 5 პაკეტის ჩასხმის შემდეგ, რაც აბაზანას საერთოდ არ შეეტყო, მივხვდი, რომ ამ საკითხში ჩემი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

არსებული ინფორმაციით, რძისგან არაჟნის და ხაჭოს მომზადება პირველად რუსეთში დაიწყეს, კეფირის — ყარაჩაეთში, მაწვნის კი — რა თქმა უნდა, საქართველოში.

განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ყაზახეთის ველებში მობინადრე ცხენების რძე — კუმისი, რომელიც დასუსტებულ ადამიანებს კურნავს. ჯერ კიდევ 1858 წელს ექიმ ნესტორ პოსტნიკოვის თაოსნობით სამარასთან აშენდა საავადმყოფო, სადაც ადამიანები კუმისით მკურნალობის სრულ კურსს გადიოდნენ.

გუშინ, თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდი, რძეზე უამრავი საინტერესო და საოცარი რამ ამოვიკითხე.

ჭექა-ქუხილის დროს რძე ფუჭდება მაშინაც კი, თუ მაცივარში გაქვთ შენახული, რადგან მასზე მოქმედებს გრძელტალღიანი ელექტრომაგნიტური იმპულსები.

ისე, სანამ კაცობრიობა მაცივრებს გამოიგონებდა, რძეში ცოცხალ ბაყაყებს აგდებდნენ, რომ არ გაფუჭებულიყო. მართალი გითხრათ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორ სვავდნენ მერე ამ „ბაყაყებნამყოფ“ რძეს, მაგრამ ფაქტია.

წყნარად რომ მივირთმევთ კარაქსა და ყველს და ხშირად რომ ვწუწუნებთ — ძვირიაო, თურმე, 1 კგ კარაქის დასამზადებლად საჭიროა 21 ლიტრი რძე, ხოლო 1 კგ ყველის გაკეთებისას 10 ლიტრი რძე იხარჯება.

სოფელში ყოფნისას ბევრს უყვარს ახლადმოწველილი თბილი რძის დალევა. თურმე, ეს სულაც არ არის სასარგებლო, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის, რადგანაც ძროხის მოწველიდან პირველი 10-15 წუთის განმავლობაში რძე შეიცავს ესტროგენების ჭარბ რაოდენობას. თუმცა, ქალურ ესტროგენს მიახლოებულ — ფიტოსტერინებს ლუდიც შეიცავს, მაგრამ მამაკაცები მასზე უარს მაინც არ ამბობენ.

თუ უძილობა გაწუხებთ, საღამოს უნდა მიირთვათ თბილი თაფლიანი რძე. თუ გაცივდით — სოდიანი (მაგრამ აქვე გაფრთხილებთ, რომ პირადად მე გაცივებულად დარჩენა მირჩევნია).

რძე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასმელია.

სტატისტიკურად, ყველაზე „რძიანი“ ქვეყანაა ფინეთი. სხვათა შორის, ფინეთში „რძის დღე“ 2001 წლამდეც არსებობდა, სანამ ეს დღე გაერომ რძის მსოფლიო დღედ გამოაცხადა, და ამიტომაც ისინი „რძის დღეს“ ორი დღით გვიან აღნიშნავენ, ძველებურად — 3 ივნისს.

ესპანეთში დილაობით უყვართ შოკოლადიანი რძის მირთმევა, ხოლო ირლანდიაში წარმოებული რძის 43% უგემრიელესი ლიქიორის Baileys-ის მოსამზადებლად გამოიყენება.

გერმანიაში გამოდის ღვინო, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სახელწოდებით — „საყვარელი ქალის რძე“.

2009 წელს ე.წ. „შნობელის პრემიის“ („ნობელის პრემიის“ ანტიპოდი) ლაურეატები გახდნენ ვეტერინარი მეცნიერები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ძროხა, რომელსაც პატრონი სახელს არქმევს, მეტ რძეს იწველება, ვიდრე უსახელო ძროხა.

რძის გამოყენება ასევე შეიძლება „საჯაშუშო“ საქმიანობაში, როგორც ამას აკეთებდა ლენინი. ანუ სუფთა ფურცელზე უნდა დაწერო რამე რძით და, ბუნებრივია, არაფერი არ ჩანს, მაგრამ თუ შემდგომში ამ ფურცელს ქვევიდან გაათბობ, წარწერა ყავისფრდება. ერთხელ ახალგაზრდობაში ასეთი სასიყვარულო ბარათი მივიღე თავისი ინსტრუქციით და ეს მეთოდი შემოწმებული მაქვს.

ასევე რძის საშუალებით შეიძლება მელნის ლაქების ამოყვანა, თეთრეულის რეცხვა, მოოქროვილი ჩარჩოების წმენდა და ბევრი სხვა რამ.

მე, როგორც ცნობილ კინომანს, რაღა თქმა უნდა, ვერ გამომრჩებოდა რძის სახე და როლი კინემატოგრაფიაში. ალბათ ყველას გახსოვთ კილერი ლეონი, რომელიც სულ რძეს სვამდა, „რძის ბარი“ სტენლი კუბრიკის ფილმში „მექანიკური ფორთოხალი“ და სხვა.

ბოლოს კი ორი რამ მინდა მოგახსენოთ — დღევანდელ დღეს ბრიუსელის ცნობილ შადრევანში ურცხვი ბიჭისგან წყლის ნაცვლად რძე მოედინება.

ასევე მინდა მოვასწრო და ერთი უბრალო რჩევა მოგცეთ, თუ არ იცით: რძე რომ „არ გაგექცეთ“, ადუღებისას თავახდილ ქვაბს ზემოდან ხის კოვზი დაადეთ. რა თქმა უნდა, კოვზის სიგრძე ქვაბის დიამეტრს უნდა აღემატებოდეს. თუ ასეთი კოვზი არ გაქვთ, მაშინ ქვაბში უბრალო ჩაის კოვზი მოათავსეთ.

ჩვენ კი მოვუსმინოთ ერთ დროს პოპულარულ ბრიტანულ ჯგუფს MOLOKO.

სხვათა შორის, სიტყვა Moloko საერთაშორისოა და ძველი ბერძნულიდან არის წარმოშობილი.

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და რძესავით სუფთა დღეს!

 

მთავარი თემები