დღეს მთელი კაცობრიობა მკვეთრად გაიყო ორ ნაწილად — მწეველებად და არამწეველებად. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პირველ კატეგორიას მივეკუთვნები – მთლად ფილტვის სიღრმემდე მიყვარს სიგარეტის ბოლი და გამონაბოლქვი, უმისოდ ისე ეული და დაბნეული ვარ ხოლმე, როგორც იზოლდა ტრისტანის გარეშე.
მაგრამ დღეს ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ არ მოვწევ, რადგან 31 მაისი არა მხოლოდ გაზაფხულის ბოლო დღეა, არამედ დღეა მსოფლიო უთაბმაქობისა (World No Tobacco). მინდა გაცნობოთ, რომ ეს „საშინელი თარიღი" დაარსებულია 1988 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ (რეზოლუცია № WHA42.19).
კი, ბატონო, არ მოვწევ, მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიქნები, აქეთ შემეხვეწებით — მოწიეო.
სხვათა შორის, მსოფლიო სტატისტიკით, კაცები ქალებზე გაცილებით უფრო ადვილად ამბობენ უარს თამბაქოზე, იცით, რატომ?
როგორც ამბობენ, მწეველი ქალისთვის სიგარეტი ძალიან ბევრს ნიშნავს – ეს მისი ხედვაა, პოზა და სტილი, და ნუ წაართმევთ ამას ყველაფერს, თუ შეიძლება!
დილით რომ ვდგები ხოლმე, ყავას რომ ვადუღებ, შოკოლადის პატარა ფილას ფიალაზე რომ ვათავსებ ყავის როკოკოს ჭიქის მახლობლად და ლამაზად… ხელი, რა თქმა უნდა, სიგარეტისკენ მიილტვის…
აბა, ყავა უსიგარეტოდ ვის გაუგია?!
მინდა მოგახსენოთ არამწეველებს, რომ ძალიან მკაცრი დედა მყავდა, ამიტომაც ჩემი კლასელები რომ ჩუმ-ჩუმად ტუალეტებში სიგარეტს ეწეოდნენ, მე იმ ტუალეტებში საერთოდ არც შევდიოდი.
მოწევა დავიწყე 22 წლის ასაკში, მოსკოვში, ჩემი ბიძაშვილის, ცნობილი პინისტის ეთერ ზურაბის ასული ანჯაფარიძის მეტრო „დინამოსთან“ მდებარე ძალიან მყუდრო და ლამაზ ბინაში.
იმდენი მოვწიე, რომ ფილტვის აბსცესი დამემართა. ჰოდა, იმის შემდეგ ვეწევი და ვეწევი…
არ იფიქროთ, რომ დამავიწყდა დღევანდელი დღის დატვირთვა და გულწრფელად მოგახსენებთ, რომ…
თამბაქო მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოსა და მათ ფუნქციებზე. სიგარეტის კვამლი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს — ცეზიუმს, რადონს და პოლონიუმს, ჩუმ-ჩუმად აღწევს ბრონქებში, რაც ჭლექის და ასთმის წინამორბედია. თამბაქო ნეგატიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს ლეიკოკერატოზს, სტომატიტსა და ლეიკოპლაკიას. ყოველწლიურად მოწევით პროვოცირებული დაავადებებისგან იღუპება 5,5 მილიონი ადამიანი…
მინდა მოგმართოთ არამწეველებს – ვამაყობ თქვენით, მაგრამ…
ჩვენ, მწეველებმა რა დავაშავეთ? სიგარეტის კოლოფებზე საშინელ რაღაცეებს წერენ – მთლად ჯანმრთელი რომც იყო, მაინც რამე დაგემართება… წინასწარ.
მოწევას თითქმის ყველგან გვიკრძალავენ, მოკლედ, ძალიან დაჩაგრულები ვართ. ისიც კი ვიფიქრე, რომ მწეველთა ინტერესების დაცვის საზოგადოება შემექმნა…
არადა, თქვენიც მშვენივრად მესმის – ვის სჭირდება ზედმეტი ბოლები და ჭლექები…
იცით, რა, იქნებ მეცნიერებს ძალიან ვთხოვოთ, გამოიგონონ ეკოლოგიურად სუფთა სიგარეტები – შროშანების, ჟასმინების, ნასტურციების და გლიცინიების სურნელი რომ დაჰყვება…
სადმე რესტორანში რომ შეხვალ და მეზობელი მაგიდიდან გთხოვენ — თუ არ შეწუხდებით, იქნებ ახლოს მოწიოთო…
გამახსენდა ჩემი დედიკო, რომელიც არ ეწეოდა, და იმდენი ვალიდოლი მაქვს დაღეჭილი და ლიმონი ნაჭამი სახლში შემოსვლამდე, სიგარეტის სუნი რომ არ ეგრძნო…
რა თქმა უნდა, მაინც გრძნობდა და სულ მეჩხუბებოდა.
ამიტომაც დღეს, მისი განსაკუთრებული ხათრით, მართლა არ მოვწევ… ხვალამდე…
იცით, ერთი განცხადებაც უნდა გავაკეთო: თუ ეს ერთი უსიგარეტო დღე — 31 მაისი ჩვენს ცას სილურჯეს შემატებს, ჩვენს ბალახს უფრო ხავერდოვანს გახდის და ერთმანეთს უფრო სუფთად შევხედავთ, ყოველგვარი ბოლისა და დაბოლების გარეშე, ნამდვილად არ მოვწევ…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მთლად უთამბაქო დღეს!