თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, შესაძლოა, თამბაქოს დიზაინის გამოყენებაზე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესების საკითხი დააყენოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით.
ნოემბერში დელიში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო–კონვენციის მხარეების კონფერენცია გაიმართება. როგორც გამოცემა ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის მოხსენების მასალებზე დაყრდნობით წერს, კონფერენციაზე, შესაძლოა, სიგარეტის წვრილი ფორმატის (slims, super slims, ultra slims), ასევე ფილტრში არომატული კაფსულების ჩადგმის შეზღუდვის ან სრული აკრძალვის საკითხი დადგეს.
მართალია, ამ წინადადებას რეკომენდაციის სახე ექნება, მაგრამ თამბაქოს კომპანიები შიშობენ, რომ ამ რეკომენდაციას, ადრინდელი რეკომენდაციების მსგავსად, მომავალში შეიძლება კონვენციის მონაწილე ქვეყნებისთვის საკანონმდებლო სტატუსი მიეცეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფი შეშფოთებულია თამბაქოს ნაწარმის მუდმივი მოდიფიკაციებით, რაც მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველად გახდომას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის ორგანიზაციის მოსაზრებებს თამბაქოს მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოწევის გავრცელებას წვრილი ან ფილტრში კაფსულიანი სიგარეტი ნამდვილად არ უწყობს ხელს. ამასთან, ამ აკრძალვამ შეიძლება არალეგალური თამბაქოს ბაზრის ჩამოყალიბება გაააქტიუროს.