დღეს ქართველმა ონკოლოგებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს და ხელისუფლებას თამბაქოს მოხმარებასთან მიმართებით კანონმდებლობის დაუყოვნებლივი გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ კანონმდებლობის გამკაცრება მწეველთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მოწევისთვის თავის დანებება რთულია, ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო. ამ ადამიანებმა, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაიცვალნენ, ნიკოტინის მოხმარებაზე, რომელიც მათ ორგანიზმზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა, უარი არ თქვეს და ამით სიცოცხლე მოისწრაფეს.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი ყელის კიბოსგან 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაღებებზე ის სოლონიცინთან (მსახიობი) დამეგობრდა. ორივე აქტიური მწეველი იყო. დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა შეეძლოთ. ანატოლი სოლონიცინი ასევე ფილტვის კიბოსგან 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არჩილ გომიაშვილი — ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვის კიბოსგან 2005 წელს, 80 წლის ასაკში, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
პარადოქსია, მაგრამ კომპანია Marlboro-ს პირველი მფლობელი ფილიპ მორისიც ასევე ფილტვის კიბოსგან გარდაიცვალა. მან 1924 წელს გამოუშვა სიგარეტი ქალებისთვის Marlboro, 1955 წელს კი გადაწყვიტა, რომ ეს სიგარეტი მამაკაცებისთვის გამოეშვა.
სიგარეტი რომ მამაკაცური ყოფილიყო, საჭირო იყო არამარტო მეტი „სიმაგრე“, არამედ „ბრენდული სახეც“. მსახიობები უეინ მაკლარენი, დევიდ მილარი-უმცროსი და დევიდ მაკტინი Marlboro-ს სარეკლამო რგოლში კოვბოის როლში გადაიღეს. სამივე მსახიობი ისევე, როგორც თავად ფილიპ მორისი, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
ძალიან დიდხანს და წამებით კვდებოდა დიდი ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი. მას პირის ღრუს კიბო ჰქონდა. იავადმყოფა 16 წელი და 83 წლის ასაკში მორფის ინექციით გარდაიცვალა.
მოწევამ იმსხვერპლა 1952 წელს ინგლისის 57 წლის მეფე გეორგ VI, ამჟამინდელი დედოფლის ელიზაბეტ მეორის მამა. უკვე 50 წლისას მას დარღვეული ჰქონდა სისხლის მიმოქცევა — დაუდგინდა ბიურგერის ავადმყოფობა, თან იმ სტადიაში, როდესაც ავადმყოფი ფეხის გადასარჩენად ქირურგიული ჩარევაა საჭირო. შემდეგ განუვითარდა ფილტვის კიბო და ამოკვეთეს ერთი ფილტვი, კიბოს ემფიზემა დაერთო და ბოლოს, კორონარულ სისხლძარღვებში თრომბის წარმოიქმნით გარდაიცვალა.
ჯორჯ ჰარისონი — ბითლზის წევრი — მსოფლიოში სიმსივნის წამლის საძებნელად მოგზაურობდა. ყელის კიბომ ის 58 წლის ასაკში მოკლა.
უოლტ დისნეი — ამერიკელი მულტიპლიკატორი და მწეველი ფილტვის კიბოთი 1966 წელს გარდაიცვალა. მთელი თაობების უსაყვარლესი მულტიპლიკაციური გმირების ავტორი მაშინ 65 წლის იყო.
ფილტვის კიბოთი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა სერგო ფარაჯანოვიც — მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი, კინორეჟისორი, მრავალი პრემიის მფლობელი.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი — უდიდესი რუსი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებამ მთლიანად მუსიკალურ კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, თამბაქომ 68 წლის ასაკში შეიწირა.
საბჭოთა კავშირში ცნობილი საოპერო და საესტრადო მომღერალი მუსლიმ მაგომაევი ასევე თამბაქოს მოხმარების მოხმარებამ იმსხვერპლა.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. უამრავი, ცნობილი თუ უცნობი ადამიანი იღუპება ამ მავნე ჩვევის შედეგად. დააფასეთ სიცოცხლე და დაანებეთ მოწევას თავი!