დღეს არ გაიკვირვოთ, თუ ჩვენ თბილისურ და შესანიშნავ აივანზე ხალხმრავლობა დაგხვდებათ. მოგეხსენებათ, მე ვცხოვრობ კერძო სახლში და კერძო სახლების ერთ-ერთი განუმეორებელი პეწი და შარმი მდგომარეობს მეზობლებში. სანამ ჩემ აღმართზე ამოვდივარ ხოლმე, განსაკუთრებით, როცა კარგი ამინდია, 20-მდე მეზობელი მაინც მხვდება და ყველა სათითაოდ მეკითხება — „როგორ ხარ?“ და “რა ხდება ახალი?“ მართალია, ასეთ ამოსვლას საკმაოდ დიდი ხანი მიაქვს, მაგრამ… დამიჯერეთ, ეს გულგახსნილობა, ეს ინტერესი და სითბო ნამდვილად ღირს იმად, რომ გზა გაიგრძელო.
ჩემ ეზოში კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს, ერთი საერთო ჭიშკარი გვაქვს. ორივე ოჯახს ორი არაჩვეულებრივი დიასახლისი მართავს — თამრიკო და ციცო. სამწუხაროდ, ძალიან ადრე დაქვრივდნენ, მაგრამ ღირსეული შვილები გაზარდეს. უდიდეს პატივს ვცემ.
როდესაც ცოტა შეუძლოდ ვიყავი, ხან ერთი შემომიტანდა ხოლმე ცხელ ღომს და ხარჩოს, ხან მეორე შემომირბენინებდა თავისი ხელით დაწურულ ყურძნის წვენს…
ალბათ ისიც იგრძენით, რომ განსაკუთრებული დელიკატურობითაც გამოირჩევიან. ამდენი ხანია ვიკრიბებით ჩვენ აივანზე და მათ ერთხელაც არ შევუწუხებივართ.
დღეს კი, დიდი ხვეწნის შემდეგ, მთელი ჩვენი აღმართის მეზობლები დაგახვედრეთ, რადგან სწორედ დღეს ევროპა „მეზობლების დღეს“ დღესასწაულობს (European Neighbours Day).
ჩემმა მეზობლებმა შესანიშნავი მოლხენა იციან, ასე რომ, დღეს არ მოგაწყენენ ნამდვილად. მარტიდან დაწყებული გვერდითი ეზოდენ ისეთი ტკბილი სიმღერები ისმის და ისეთი სადღეგრძელოები… ჰაერში კი წალამზე შემწვარი მწვადის სურნელი ცამდე ადის…
მეზობლების დღესასწაული დაარსდა პარიზში 2000 წელს. ის დააარსა შესანიშნავმა ფრანგმა კაცმა ანათაზ პერიფანმა და თავისი იდეა იმით ახსნა, რომ ხალხი აუცილებლად უნდა გაერთიანდეს და ერთად ებრძოლოს არსებულ პრობლემებს და ბოლო დროს გახშირებულ იზოლაციას. პირველი დღესასწაულის გადახდისას პერიფანმა შეკრიბა პარიზის მე-17 ოლქის 800 სახლის 10 ათასი მცხოვრები, ისინი მიუსხდნენ ღია ცის ქვეშ გაშლილ უზარმაზარ მაგიდებს (ყველამ საკუთარი ხელით გაკეთებული კერძები მოიტანა). უკვე შემდეგ წელს ამ დღესასწაულმა ეროვნული ხასიათი მიიღო, 2003 წელს კი საფრანგეთს შეუერთდა ბელგია. დღეს კი ამ დღესასწაულში უკვე ჩაბმულია 36 ქვეყანა.
საქართველო ჯერჯერობით ამ დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავს, მაგრამ საქართველოში მეზობლობის ინსტიტუტი ყოველთვის განსაკუთრებული და ძლიერი იყო.
მე მახსოვს ყველა ჩემი მეზობელი არა მხოლოდ სახელებითა და გვარებით, არამედ ის სუნიც კი მახსოვს, თითოეულის სახლში რომ ტრიალებდა.
მაგალითად, ჩემი ბავშვობის სახლის კარის მეზობლის — ლიდია დიმიტრიევნას ბინაში სულ სუნამო „კრასნაია მოსკვას“ არომატი იდგა, ხოლო ალიკა რონდელის სახლში წიგნების ჭკვიანური და სერიოზული სურნელი. ტატა დეიდას ბინაში კი ვაშლის ღვეზელის გემრიელი და ტკბილი ატმოსფერო ტრიალებდა…
მიუხედავად იმისა, რომ კორპუსში ვცხოვრობდი, ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე ვინმეს ბინაში, ან ეზოში, არაჩვეულებრივი მეზობლობა გვქონდა…
რამდენჯერ დედიკოს გავუგზავნივარ მეზობლებთან მარილის, ან ხახვის, ან კვერცხის გამოსართმევად… კი ვთხოვდი — „მასესხეთ-მეთქი“, მაგრამ ახლა რომელი მეზობელი გამომართმევდა უკან ორ ცალ კვერცხს?
ყველამ ყველას ამბავი ვიცოდით, ცოტა ვჭორაობდით კიდევაც, მაგრამ ეს კეთილი ჭორები იყო, აი, გული რომ შეგტკივა ვინმეზე, ისეთი.
ამ დროს ჩემი ბებია მოსკოვში ცხოვრობდა და ხშირად ჩავდიოდი ხოლმე მასთან. დღემდე მახსოვს ჩისტიე პრუდის ქუჩაზე მისი მეზობელი ანა გერასიმოვნა, რომელთანაც, როცა ბებია საქმეს გადაყვებოდა, ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე და მეთამაშებოდა ძველი, რკინის ლამაზი კოლოფიდან ამოღებული ღილებით.
სტამბულში მუშაობისას კი ისეთი შესანიშნავი მეზობლები მყავდნენ… შორიდან მომავალს ფანჯრიდან რომ დამინახავდნენ, სადარბაზოს კარს მიღებდნენ ხოლმე – გასაღების ამოღებით რომ არ შევწუხებულიყავი. მართალია, ერთმანეთის არ გვესმოდა (თურქული ვერაფრით ვერ ვისწავლე), მაგრამ ყველა დღესასწაულზე უგემრიელესი ფახლავა შემოჰქონდათ…
სამწუხაროდ, ცხოვრებაში ბევრი ბინის გამოცვლა მომიხდა, მაგრამ მეზობლებში ყველგან ბედი მქონდა.
და, სხვათა შორის, ერთ რამეს მივხვდი — ყველა ადამიანი მოწადინებულია გულწრფელი იყოს, ღია და გახსნილი, უბრალოდ, ყველას ამის გამოხატვის უნარი არ გააჩნია. მაგრამ საკმარისია ადამიანს გული გაუხსნა, უმეტეს შემთხვევაში, მოგყვება ხოლმე.
ახლა ჩვენ გვერდით ეზოში ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობს. ჩემი პატარა შვილიშვილი ანდრო ბაღიდან სახლში რომ ბრუნდება, მირბის აივნის იმ ადგილამდე, სადაც მისი კარი ჩანს და ყვირის — „ჩემი ძმა! ჩემი ძმა!“ არ ვიცი, რატომ დაარქვა ასე, მაგრამ ის ახალგაზრდაც, რითიც არ უნდა იყოს დაკავებული, გამოდის აივანზე და საათობით ელაპარაკება 4 წლის ბავშვს… მე კიდევ მიხარია პატარა ანდრიამ მეზობლობის გემო ბავშვობიდან რომ გაიგო…
იცით, ახლა ვიფიქრე — მეზობელი ხომ ყველას და ყველაფერს ჰყავს – ადამიანებს, ქუჩებს, სახლებს, ქალაქებს, თვით პლანეტებსაც კი…
რადგან კარგი მეზობელი ყველას სჭირდება.
კარგი მეზობლობა — ეს არის ხელოვნება, სიკეთე და დიდი ბედნიერება…
გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და კეთილი მეზობლებით გარშემორტყმულ დღეს!