კაცები მიდიან, ბრილიანტები კი რჩება – ნაომი კემპბელი

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშინაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე დეფილეა გამოცხადებული. თანაც მასში მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული (პირველ ხუთეულში შედის), ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მართლაც ყველასგან განსხვავებული ქალბატონი, მოდელი, უფრო სწორად, სუპერმოდელი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ სიტყვა „მოდელს“ წინსართი „სუპერ“ პოდიუმზე მისი პირველივე გამოჩენის შემდეგ დაემატა.

ეს გახლავთ გრაციოზული, მოქნილი, ულამაზესი და დახვეწილი ნაომი კემპბელი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1970 წლის 22 მაისს ქალაქ ლონდონში.

მას „შავ პანტერას“ ეძახიან და მართლაც შესახედავადაც და ხასიათითაც ბაგირას ჰგავს. პირადად მე კი, რატომღაც, აიდას მაგონებს, რომლის გულისთვისაც რადამესმა ყველაფერი გაწირა და დათმო.

ნაომის მამამ (რომელიც ნახევრად ჩინელი იყო) მისი დედა ვალერი მორისი (წარმოშობით — იამაიკიდან) ფეხმძიმობის მეოთხე თვეს მიატოვა, რის გამოც ნაომი მამინაცვლის გვარს ატარებს. მამა კი არასდროს თვალით არ უნახავს. არადა, ერთხელ ტელევიზიით ნაომი და დედა ერთად აჩვენეს და, მინდა გითხრათ, ვალერი ნაომიზე ნაკლები არაფრით გახლავთ.

ნაომის ბავშვობიდან უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ის ტელეეთერში პირველად 7 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად გადაიღეს ბობ მარლის კლიპში Is This Love?

მართალი გითხრათ, ეს კლიპი რამდენჯერმე ვნახე და ბოლოს ერთი გოგო ნაომის მართლაც მივამსგავსე, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვარ. ამიტომ სიტყვაზე ვენდოთ მის მემატიანეებს.

სამაგიეროდ მაიკლ ჯექსონის ცნობილ კლიპში In The Closet, რომელიც გადაღებულია 1992 წელს და რომელშიც ნაომი უკვე სუპერმოდელია, მას ნამდვილად ყველანი იცნობთ და, დარწმუნებული ვარ, დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ:

სამოდელე ბიზნესში ნაომი შემთხვევით მოხვდა. როდესაც 15 წლის იყო და ცნობილ Covent Garden Park-ში სეირნობდა, მას ყურადღება მიაქცია სამოდელო სააგენტო Elite-ის თანამშრომელმა ბეტ ბოლდტმა. მან თვალი ვერ მოწყვიტა ნაომის იდეალურ ტან-ფეხს, ეგზოტიკურ შესახედაობასა და განუმეორებელ პლასტიკას. ბეტმა ნაომი კასტინგზე მიიწვია და უკვე რამდენიმე თვეში ნაომი ცნობილი მოდელი გახდა.

80-იანი წლების დასასრულს ნაომი დაუმეგობრდა სახელგანთქმულ მოდელებს — კრისტი ტარლინგტონს, ლინდა ევანგელისტას და შეიქმნა ცნობილი „სამეული“, რომელიც ხშირად ერთად მონაწილეობდა ჩვენებებში.

აქვე მინდა მოგახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ მოდელებზე გადაღებული ფილმების დიდ ნაწილში მოდელები სულ ერთმანეთს ეპაექრებიან და ჩხუბობენ, „სამეულის“ მეგობრობაზე მართლაც ლეგენდები დადიოდა. თურმე, მათ „სამაიურ“ ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენების ავტორები ეწინააღმდეგებოდნენ პოდიუმზე ნაომის გასვლას (ცნობილი გარემოების გამო) და მაშინ ლინდა ევანგელისტამ კატეგორიულად განაცხადა — თუ თქვენ ნაომი კემპბელთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებთ, ჩვენც უარს ვიტყვით თქვენთან თანამშრომლობაზეო.

ხომ არის ახლა შესანიშნავი (თურმე, ყველაფრით) ლინდა ევანგელისტა ამ მოკლე კლიპის დადების ღირსი?

არ შემიძლია ისიც არ გავიხსენო, რომ 1988 წელს ივ სენ-ლორანი დაემუქრა ჟურნალ Vogue-ს, რომ ის მოხსნიდა საკუთარი ბრენდის რეკლამას ჟურნალიდან, თუ მის ყდაზე ნაომის ფოტოს არ გამოაქვეყნებდნენ.

1994 წელს ნაომიმ გამოუშვა თავისი პირველი მუსიკალური ალბომი — Baby Woman. ბრიტანეთში ის გააკრიტიკეს, თუმცა იაპონიაში 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ხოლო ნაომის მომღერალ ტოშიბა კუბოტასთან ერთად დაწერილი სიმღერა — La La La Love Song ნამდვილი ჰიტი გახდა:

აღსანიშნავია, რომ ნაომი 30-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. მე, „ცნობილ კინომანს“ ძალიან მრცხვენია, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი არ მაქვს ნანახი. როგორც ჩანს, რეჟისორები მხოლოდ მის გარეგნობას იყენებდნენ. ისიც კი ამოვიკითხე, რომ ნაომი მონაწილეობდა გახმაურებულ სერიალში "საშინელებათა ამერიკული ისტორია“, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯესიკა ლენგმა და ლედი გაგამ დაჩრდილეს და… არ მახსოვს.

მოდით, დღეს გვერდი ავუაროთ ნაომის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს, მის მრავალრიცხოვან სასიყვარულო რომანებს. თუმცა ერთმა დამაინტერესა — მას საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები აკავშირებდა რობერტ დე ნიროსთან. ასევე ნუ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას მის საშინლად ექსცენტრიულ და ფეთქებად ხასიათს და ხაზი იმას გავუსვათ, რომ ნაომიმ 1998 წელს გამოუშვა წიგნი „გედი“, რომლისგან მიღებული მოგება სომალის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცა.

ნაომის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ნელსონ მანდელასთან და მას „ბაბუასაც“ კი ეძახდა. ნელსონ მანდელა კი ნაომის „საპატიო შვილიშვილს“ უწოდებდა.

ის თანამშრომლობს დალაი ლამასთან, აგროვებს სახსრებს ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.

ნაომიმ შექმნა საქველმოქმედო ფონდი Fashion for Relief, რომელიც ეხმარება სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულებს.

ამჟამად მას ამერიკულ ტელეარხზე Oxygen Media მიჰყავს საკუთარი სატელევიზიო შოუ The Face, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს.

მაგრამ…

ნაომი კემპბელის სახელის წარმოთქმისას მაინც ყველას ასოციაცია გვექმნება პოდიუმზე მის შეუდარებელ გავლა-გამოვლაზე…

2012 წელს, როდესაც ნაომიმ ბოლო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მოდის მეტრმა რობერტო კოვალიმ განაცხადა: „რომ არსებობდეს „ოსკარი“ მსოფლიოში საუკეთესო მოდელისთვის, მე დაუფიქრებლად გადავცემდი მას ნაომი კემპბელს“…

ბოლოს კი ქალბატონები მინდა გაგაფრთხილოთ — ნუ ეცდებით ნაომის სიარულის გამეორებას. გუშინ მთელი დღე ვვარჯიშობდი, 37-ჯერ ფეხები გადამეფსკვნა, 3-ჯერ დავეცი…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ნაომი კემპბელივით გრაციოზულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0