ღირსეული და საიმედო კაცი – მარლენ ხუციევი

მარლენ ხუციევი
მარლენ ხუციევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, იცით, როგორ სტუმარს უნდა შევეგებოთ? იმედია, არ ეწყინება, რომ გამიგოს, მაგრამ რომელიც ცოტა ექიმ აიბოლიტს ჰგავს, ცოტა მოხუც ჰოტაბიჩს, ცოტაც ანდერსენის ოლე ლუკოიეს და თავისი არაჩვეულებრივად კეთილი და მომღიმარე აურით კი – ყველა ბაბუას ერთად აღებულს.

სხვათა შორის, მე ის ცხოვრებაში მყავს ნანახი და ძალიან ახლოსაც. ერთხელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში, ჩვენ საელჩოში მოვიდა და ისე მოვიხიბლე მისი უბრალოებით, ბავშვური უშუალობით და პოზიტიურობით, რომ საშინლად მომინდა მასთან მისვლა და გაცნობა, მაგრამ მომერიდა…

მომერიდებოდა, აბა რა იქნებოდა, რადგან მშვენივრად მახსოვდა ის ისტორია, როდესაც თავად დიდმა ფელინიმ მოსკოვში თავისი „რვა-ნახევრის“ პრემიერაზე ჩამოსვლისას პირველი, რაც მოითხოვა, იყო ჩვენ დღევანდელ სტუმართან შეხვედრა, რომლის ერთ-ერთმა ფილმმა დიდ მაესტროზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.

ხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან - Sputnik საქართველო
ვინა ვარ? რა ვარ? - ვარ მეოცნებე, თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი…

წესით, სცენარისტი რომ ვიყო და ჩემზე რამე რომ იყოს დამოკიდებული, ახლა ქარს უნდა გაეხსნა ყველა ფანჯარა, რომელიც ჩვენ აივანზე გამოდის და კოკისპირული წვიმაც უნდა წამოსულიყო, როგორც ფილმის „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“ კულმინაციურ ეპიზოდში, რადგან…

დღეს ჩვენი სტუმარია სწორედ ამ ფილმის ავტორი, ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი, მსახიობი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ საოცარი ადამიანი მარლენ ხუციევი.

კარგად მესმის, რომ, სამწუხაროდ, ცხოვრება ადგილზე არ დგას და შესაძლებელია, დღეს ჩვენ აივანზე ამოსული სტუმრების გარკვეულ ნაწილს არც ახსოვდეს მისი ფილმები, მაგრამ, აბა, რისთვის ვარ აქ მე, თუ ის მაინც ვერ მოვახერხე, რომ ცოტა მაინც გაგაცნოთ ეს ლამაზი კაცი?

მარლენ ხუციევი თბილისელია. ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1925 წლის 4 სექტემბერს, სავარაუდოდ, ასეთივე შემოდგომაგამჯდარ და ფელამუშივით გემრიელ ქალაქში.

შეუდარებელი სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
სოფი ლორენი: კაბა უნდა ჰგავდეს ეკლიან მავთულს, იცავდეს ქალს და არ ფარავდეს პეიზაჟს

შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1937 წელს მარლენის მამა სტალინურ რეპრესიებში მოყვა და თბილისში მხოლოდ პატარა მარლენი და მისი დედა, ქალბატონი ნინა უთენელიშვილი დაბრუნდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მარლენს უნდოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, მაგრამ ვერ მოხვდა. 1944 წელს კი მან თბილისის კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა მხატვრის თამაშემწედ. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ჩააბარა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის პრესტიჟულ სარეჟისორო ფაკულტეტზე.

მარლენ ხუციევის ფილმები საოცრად ლირიკული, გულწრფელი და სუფთაა. ის არასდროს არ ისახავდა მიზნად გადაეღო ბევრი ფილმი, სულ 13 ფილმი აქვს შექმნილი. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ხუციევი არაერთგზის იყო როგორც სსრკ-ის, ასევე რუსეთის ფედერაციის კინემტოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, რუსეთის კინორეჟისორების გილდიის პრეზიდენტი და რუსეთის კინემატოგრაფიის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. ნუ, აი, ასეთია მარლენ ხუციევი.

შავარშ კარაპეტიანი: „უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე  ვიჯექი“ - Sputnik საქართველო
უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე ვიჯექი...

სწორედ მარლენ ხუციევმა ფილმისთვის „ორი ფიოდორი“ ანდრეი ტარკოვსკის მიერ შეთავაზებულ ვასილ შუკშინში დაინახა ის, რამაც დაუფიქრებლად მიაღებინა გადაწყვეტილება, შუკშინი ფილმში გადასაღებად მიეწვია. უდიდესი მადლობა მას იმისთვის, რომ „მაკარიჩმა“ სწორედ მის ფილმში ითამაშა თავისი პირველი როლი.

თავად მარლენ მარტინოვიჩი ამას ასე იხსენებს: „უცებ დავინახე ვასია შუკშინი… ის მოდიოდა ქუჩაში და ეცვა სამხედრო ფორმა, გალიფე შარვალი. მომესალმა. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ფილმის მთავარი გმირი. შუკშინს აქვს ერთი უნიკალური თვისება — ის მოდის ხალხიდან, ამავე დროს საოცრად ინდივიდუალურია და ამ ყველაფრის ერთ კაცში შერწყმა გამაოგნებელია“…

აქვს კი აზრი ასეთი ფოტოს გადაღებას? - Sputnik საქართველო
გიულჩიტაი, მაჩვენე სახე!
 

ახლა კი მინდა მთავარზე გადავიდე. მე ნამდვილად ვერ გთხოვთ, რომ ჩემი ხათრით ნახოთ ინტერნეტში ბატონი მარლენ ხუციევის ძველი ფილმები, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად მოგეწონებოდათ, რადგან ისინი მსუბუქია და ამავდროულად ღრმაც. იმედია, მენდობით… 

მინდა მოგიყვეთ ერთი ეპიზოდი ბატონი მარლენის ცხოვრებიდან, რომლის შემდეგაც, შეიძლება, თავისთავად გაგიჩნდეთ მისი თუნდაც ერთი ფილმის ნახვის სურვილი.

როდესაც რუსეთის მოქალაქე მარლენ ხუციევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აჯილდოებდა, მან სიტყვა მოითხოვა და განაცხადა, რომ „საქართველო და რუსეთი — ორივე მისი სამშობლოა, მისი გულისტკივილი და რომ მისი გული ორივეს ეკუთვნის“…

ქველმოქმედება გადამდებია - Sputnik საქართველო
“რასაცა გასცემ, შენია”... ანუ, გონიერი აზრები გონიოდან...

ეს იმ დროს იყო ძალიან სერიოზული განცხადება და, შეიძლება, ვიღაცას ჩაეთვალა, რომ არანაკლებ სერიოზული გამოწვევა. მაგრამ ხუციევს ამის არ შეეშინდა, მან თქვა ის, რასაც ფიქრობდა და რაც სტკიოდა.

ვთვლი, რომ ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცობა. აბა, მითხარით, პრეზიდენტი რომ გადმოგცემს კრემლში ჯილდოს და ყველა კამერა შენკენ რომ არის მომართული, განა ბევრი გაბედავს მადლობის გარდა რამის თქმას?

აი, ამიტომაც განსაკუთრებით მიყვარს ეს კაცი. ის ყოველთვის ბოლომდე იცავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას ყველაფერში, შემოქმედებაშიც და ურთიერთობებშიც.

ბოლოს კი, მინდა გთხოვოთ, ჩემთან ერთად ნახოთ ერთი პატარა ნაწყვეტი მისი ფილმიდან „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“. შეიძლება, ძალიან მოძველებულადაც მოგეჩვენოთ, ცოტა პრიმიტიულადაც, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გესიამოვნებათ, რადგან ძალიან გულღიაა და სუფთა…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და, შემოდგომის მიუხედავად, გაზაფხულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0