უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე ვიჯექი...

© FB/Շավարշ Կարապետյան / შავარშ კარაპეტიანიშავარშ კარაპეტიანი: „უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე ვიჯექი“
შავარშ კარაპეტიანი: „უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე  ვიჯექი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

აი, ასეთ დღეებში განსაკუთრებით მიხარია, რომ ბუნებამ შემქმნა ადამიანად და „არ მოვედ წვიმადა“. თუმცა, მქონია ხოლმე ისეთი დღეებიც, წვიმადაც მოსვლა რომ მერჩივნა, პეპლადაც და საპოვნელადაც, ვერავინ რომ ვერ მიპოვოს, ალბათ იმიტომ.

დღეს კი მეამაყება და თავს ვგრძნობ  აბსოლუტურად  დაცულად. თქვენc იგივეს გირჩევთ:  მოეშვით ბოლომდე, ეჭვის თვალით ნუღარ უყურებთ ჩვენი აივნის მობრეცილ კიბეს და მთელი ძალით შეგიძლიათ დაეყრდნოთ ყველაზე მერყევ მოაჯირაც კი. ასევე შეგიძლიათ, რომ თბილის-ქალაქზე გადმოკიდებული  აივნის მთლად კიდემდეც მიხვიდეთ  უშიშრად. ჩვენ ისეთი ადამიანი გვესტუმრება, რომ  რაც გინდათ, ის აკეთეთ — ის მაინც გადაგვარჩენს.

© FB/Շավարշ Կարապետյան / შავარშ კარაპეტიანიშავარშ კარაპეტიანი — თერთმეტგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ჩვიდმეტგზის მსოფლიო ჩემპიონი და ცამეტგზის ევროპის ჩემპიონი წყალქვეშა ცურვაში
შავარშ კარაპეტიანი — თერთმეტგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ჩვიდმეტგზის მსოფლიო ჩემპიონი და ცამეტგზის ევროპის ჩემპიონი წყალქვეშა ცურვაში - Sputnik საქართველო
შავარშ კარაპეტიანი — თერთმეტგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ჩვიდმეტგზის მსოფლიო ჩემპიონი და ცამეტგზის ევროპის ჩემპიონი წყალქვეშა ცურვაში

ზუსტად ამ ამ დღეს, 40 წლის წინ,  1976 წლის 16 სექტემბერს, მოხდა ტრაგედია. ერევნის წყალსაცავში გადავარდა ხალხით სავსე ტროლეიბუსი. ამ დროს, 23 წლის  სპორტსმენი, თავის მეგობართან და ძმასთან ერთად ასრულებდა დილის გარბენს და შემთხვევით მოხვდა ტროლეიბუსის გადავარდნის ადგილას. ის დაუფიქრებლად ჩახტა წყალში 10 მეტრის სიღრმეზე, ჩატეხა ჩაძირული ტროლეიბუსის ფანჯარა და 92 მგზავრიდან 46  ამოიყვანა!

ის წყლიდან ამოყვანილ მგზავრებს გადასცემდა ძმას, რომელსაც ისინი ჯერ ნავში და შემდეგ მანქანაში გადაჰყავდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ოცი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. თუმცა, მეორე მხრივ, საბედნიეროდ, მოხერხდა მთელი ოცი ადამიანის გადარჩენა.

ევგენი ლეონოვი - Sputnik საქართველო
ჩვენი გულების ვინი პუჰი – ევგენი ლეონოვი...

დაზარალებულები მიყავდათ საავადმყოფოში და ექიმებს არ ეჯერათ, რომ ისინი ერთმა (!) ადამიანმა გადაარჩინა. ყველას ეგონა, რომ გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა პროფესიონალ მაშველთა რაზმი.  

სხვათა შორის, მაშველთა რაზმი რომ მოვიდა, მათ არ ჰქონდათ აკვალანგები და ტროლეიბუსზე ტროსის მიბმაშიც მათ დაეხმარა ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც ბოლო ჩაყვინთვის შემდეგ  წყლიდან ადამიანის ნაცვლად ბალიში ამოიტანა. ამის გამო დღემდე ესიზმრება ის ერთი ადამიანი, ვისი გადარჩენისათვის სულ ცოტა ძალა კიდევ ჰქონდა შემონახული, მაგრამ,  შეცდა.

© FB/Շավարշ Կարապետյան / შავარშ კარაპეტიანიტროლეიბუსი, რომლის მგზავრთა ნახევარი შავარშ კარაპეტიანმა მარტომ ამოიყვანა წყლიდან
ტროლეიბუსი, რომლის მგზავრთა ნახევარი შავარშ კარაპეტიანმა მარტომ ამოიყვანა წყლიდან - Sputnik საქართველო
ტროლეიბუსი, რომლის მგზავრთა ნახევარი შავარშ კარაპეტიანმა მარტომ ამოიყვანა წყლიდან

ამ შემთხვევის შემდეგ, ჩვენმა გმირმა 45 დღე გაატარა საავადმყოფოში…

ეს არაჩვეულებრივი, დიდი და ლამაზი  კაცი, ვისაც ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ, არის შავარშ კარაპეტიანი.

მადლობა, ფეხზე რომ წამოდექით, ეს-ესაა, მინდოდა მეთხოვა თქვენთვის და დამასწარით.

რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანი ამ გმირობას არა მხოლოდ მორალურად, ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა. შავარში გახლავთ თერთმეტგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ჩვიდმეტგზის მსოფლიო ჩემპიონი და ცამეტგზის ევროპის ჩემპიონი წყალქვეშა ცურვაში. ამიტომაც თავის საქციელს განსაკუთრებით დიდ საქმედ არ მიიჩნევდა. ერთხელ ისიც კი თქვა, მაშველი არ ვიყავი, მაგრამ კარგად ხომ ვცურავდიო.

ქალთევზა კოპენჰაგენში - Sputnik საქართველო
ნუ უგდებთ ანკესებს პატარა ქალთევზებს...

მე კი გულში ვიფიქრე, ხანძარი რომ ყოფილიყო, ხომ გასაგებია, რომ მაინც შევარდებოდა და რას იტყოდა, მაშველი არ ვიყავი, მაგრამ ცეცხლში ხომ კარგად ვიწვოდიო?

თქვენ მთავარი არ იცით. თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდი და ეს რომ გავიფიქრე, სწორედ მაშინ წავიკითხე: „1985 წლის 15 თებერვალს შავარშ კარაპეტიანი  ერევანში, სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში მომხდარი ხანძრის დროს, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევარდა ცეცხლში და მეხანძრეებთან ერთად გამოჰყავდა ხალხი“.

უნამუსო სკეპტიკოსი ან „უკბილო ხუმარა“ იტყვის, რადგან უკვე გმირის სახელი ჰქონდა, უკან არ დაიხიაო. და მე იცით, რას ვუპასუხებ მათ?

1974 წლის 8 იანვარს, ერევნის წყალსაცავის ტრაგედიამდე ორი წლით ადრე, შავარში ავტობუსით ბრუნდებოდა სპორტული ბაზიდან ერევანში. ავტობუსში ოცდაათამდე სპორტსმენი იჯდა.  ციცაბო აღმართზე მძღოლს ავტობუსი ჩაუქრა და გადავიდა  შესაკეთებლად. ამ დროს ავტობუსი დაიძრა და დაგორდა ხრამისაკენ. შავარშმა პირველმა შენიშნა ეს, ჩატეხა მძღოლის შუშა, მოასწრო საჭეს მისწვდომოდა და ბოლო წამებში ავტობუსი კლდისკენ შეატრიალა. ეს იყო მისი პირველი გმირობა.

და მაშინ, როდესაც ის  ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ჰკითხეს, როგორ არ დაიბნა და როგორ მოახერხა ეს, შავარშმა ფანტასტიკური ფრაზა წარმოთქვა: „უბრალოდ, ყველაზე ახლოს მე ვიჯექი“.

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
„ცხოვრებაში მთავარია, რომ არ მოხდეს ავარია“

აი, არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის  „უბრალოდ, ყველაზე ახლოს სხედან ხოლმე“. და კიდევ კარგი, რომ ისინი არსებობენ.

ისეთი გრძნობა გრჩება, რომ რაღაცა უჩინარი ძალა მათ მართლა იმ ადგილას გააჩენს ხოლმე, სადაც ასე საჭირონი არიან. ანუ ისინი რაღაც განსაკუთრებული მისიით არიან ამ ქვეყნად მობრძანებულები.

ალბათ ისევე, როგორც საოცარი კაცი, პროფესორი იოსებ ჟორდანია, რომელმაც 1962 წლის 20 ივნისს, ბრაზილიაში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციიდან სამშობლოში მომავალმა, თვითმფრინავის კატასტროფის დროს, უყოყმანოდ გადასცა საკუთარი მაშველი რგოლი უბილეთო ბავშვს… სახლში მას 10 წლის ვაჟი, კირილე ელოდებოდა.

გადარჩენილთა მონაყოლით, მან ეს ისე დაუფიქრებლად და უცებ გააკეთა, რომ ყველას ეგონა, ალბათ, ძალიან კარგად ცურავს და თავის იმედი აქვსო. არადა, სავარაუდოდ, ცურვა კარგად არც იცოდა, რადგანაც კატასტროფას ემსხვერპლა 15 ადამიანი იმ დროს, როდესაც წესით, მსხვერპლი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.

© FB/Շավարշ Կարապետյան / შავარშ კარაპეტიანი„ჩვეულებრივი“ გმირი — შავარშ კარაპეტიანი
„ჩვეულებრივი“ გმირი — შავარშ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
„ჩვეულებრივი“ გმირი — შავარშ კარაპეტიანი

ამბობდნენ, რომ ვერ გადარჩნენ სწორედ ისინი, ვისაც მაშველი რგოლები არ ჰქონდათ ან  ვერ გამოიყენეს.

როდესაც ასეთ ამბებს ვკითხულობ, ვიგებ ან ვიხსენებ, განსაკუთრებით მინდა ხოლმე  ვუთხრა, პირველ რიგში, ჩემ თავს და მერე ყველას: მოვეფეროთ და გვერდში ამოუვუდგეთ ერთმანეთს. ესეც ხომ გმირობა არ არის. ვიცხოვროთ ღირსეულად, იმიტომ მაინც, რომ ამ განსაკუთრებული და რჩეული ადამიანების ღირსნი ვიყოთ.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ღირსეულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0