ჩვენი გულების ვინი პუჰი – ევგენი ლეონოვი...

ევგენი ლეონოვი
ევგენი ლეონოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორც იქნა, მოვიდა ის დღეც, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, ჩვენი აივნის გახსნიდანვე… ამიტომ არ გაგიკვირდეთ ბუშტები, თაიგულები და დახატული გულები, პეტარდები და პიცები, ტორტები და ტარტალეტები, ფერად-ფერადი კანფეტები… მოკლედ, ყველაფერი, რაც ტკბილია, თბილია, გემრიელია და კეთილია, და, ესე იგი, ცოტა ბავშვური, რადგან, დღეს ჩვენთან სტუმრად მოდის კაცი, რომელიც ყველას გვიყვარს, თანაც ძალიან და თანაც შორიდან.

კაცი, ვისაც ნათქვამი აქვს ფანტასტიკური სიტყვები: „თუ შენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვის წინაშეც არ გეშინია გამოჩნდე პატარა, სულელი, დაუცველი და ბოლომდე გულწრფელი, სწორედ ეს ადამიანია შენი მთავარი დაცვა“.

ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ადამიანი (მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი) არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი ევგენი ლეონოვი. ეპითეტიც კი არ გამომიყენებია, რადგან მისი სახელის ხსენებაზეც კი ყველას გული ისეთი პოზიტივით ივსება, რომ ვერც ერთი ეპითეტი და მეტაფორა ვერ შეედრება.

ევგენი ლეონოვი ზუსტად ამ დღეს, 1926 წლის 2 სექტენბერს დაიბადა მოსკოვში, ანუ დღეს ის იუბილარია, მას 90 წელი შეუსრულდებოდა.

საკუთარ ცხოვრებას რომ გადავხედავ ხოლმე, რაღაცებზე გული მწყდება, რაღაცები მეამაყება. არ გაგიმხელთ და ერთი რამ, რაც მართლა მახარებს, არის ის, რომ არ ვარ შურიანი, მაგრამ გამოვტყდები, რომ მაინც მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც მეგობრობდა ლეონოვთან, და მათ შორის ბატონი გია დანელიასიც.

ბატონმა გიამ ლეონოვი პირველად გადაიღო თავის ფილმში „33“ და მას შემდეგ დანელიას არც ერთი ფილმი არ გამოსულა ლეონოვის გარეშე. ბატონი გიას მტკიცებით, ევგენი ლეონოვს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული მაგნეტიზმი, ბიოდენები, ფლუიდები, რომლებიც ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევდა. დანელია იხსენებს, რომ თბილისში „არ იდარდოს“ გადაღების დროს ის ავადმყოფი მეგობრის სანახავად წავიდა საავადმყოფოში და თან ევგენი (ჟენია) ლეონოვი გაიყოლა. როდესაც ავადმყოფმა და მისმა მეზობლებმა ლეონოვი დაინახეს, საოცრად გაუხარდათ, ფერიც კი მოსვლიათ ნაინფარქტალებს. დამშვიდობების წინ კი პალატაში ექიმი შემოსულა და ლეონოვისთვის უთხოვია, თუ არ შეწუხდებით, იქნებ რეანიმაციაში შემყვეთ, იქ ძალიან მძიმე ავადმყოფები არიან და გაუხარდებათო. ლეონოვი, რა თქმა უნდა, გაჰყვა რეანიმაციაში, ყველა სათითაოდ მოიარა, ყველას გამოელაპარაკა და დამშვიდობებას რომ აპირებდა, ექიმს უკითხავს, „ქალებმა რაღა დააშავესო?“ და ლეონოვმა ქალების განყოფილებაც მოიარა. გია დანელია ამტკიცებს, რომ მისი „შემოვლა“ ნებისმიერ წამალზე და თერაპიაზე უკეთ მოქმედებდა ავადმყოფებზე.

© www.vokrug.tvევგენი ლეონოვი ფილმში "ზოლიანი რეისი"
ევგენი ლეონოვი ფილმში ზოლიანი რეისი - Sputnik საქართველო
ევგენი ლეონოვი ფილმში "ზოლიანი რეისი"

მე, სავარაუდოდ, თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი ლეონოვის მონაწილეობით, დაწყებული „ზოლიანი რეისიდან“, რომელზეც თავად მსახიობი ხუმრობდა ხოლმე, რომ ის საბჭოთა კინემატოგრაფიის პიონერი პორნო-ვარსკვლავი იყო, რადგან პირველად გამოჩნდა ეკრანზე შიშველი (სცენა, როცა მას სააბაზანოში ვეფხვი უვარდება). ვერც კი გავიხსენებ, რამდენჯერ მაქვს ნანახი „33“, „ბედის ზიგზაგი“, „ბელორუსული სადგური“, „ჩვეულებრივი საოცრება“, „აფონია“, „იღბლიანი ჯენტლმენები“, „საშემოდგომო მარათონი“, “ არ იდარდო“, „მიმინო“… დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც. მაგრამ ერთს გთხოვთ — თუ არ გაქვთ ნანახი მისი ფილმი „დონის ამბავი“, რომელიც გადაღებულია მიხეილ შოლოხოვის მოთხრობების მიხედვით და რომელშიც მას პარტნიორობას უწევს მშვენიერი ლუდმილა ჩურსინა, აუცილებლად ნახეთ. ასეთ, სერიოზულობით გულშიჩამწვდომ ლეონოვსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.

ევგენი ლეონოვი ფილმში "იღბლიანი ჯენტლმენები"
ევგენი ლეონოვი ფილმში იღბლიანი ჯენტლმენები - Sputnik საქართველო
ევგენი ლეონოვი ფილმში "იღბლიანი ჯენტლმენები"

ლეონოვზე ამბობდნენ, რომ ის ეკრანზე კომიკოსია, ხოლო სულში — ტრაგიკოსი. და ეს ამ ფილმში ნათლად ჩანს.

იცით, კიდევ რატომ მიყვარს ლეონოვი განსაკუთრებით? იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემ პატიოსან და ერთგულ მამაკაცებს. ბატონი გია დანელია იხსენებს, რომ მილიონობით ქალი იყო შეყვარებული ლეონოვზე, მაგრამ მას არავინ არ აინტერესებდა თავისი მეუღლის გარდა და ყველა საუბარს ბოლოს ვანდათი (ასე ერქვა მის მეუღლეს) და პატარა ანდრეით ასრულებდა, რომელიც არანორმალურად უყვარდა. ალბათ ბევრს გაქვთ წაკითხული ლეონოვის წერილი შვილისაადმი. მე ზეპირად ვიცი. იმიტომ, რომ ყოველი სიტყვა არის გაჟღენთილი სიბრძნით, სიყვარულით და სიკეთით. ასეთი წერილის დაწერა მხოლოდ უზარმაზარი გულის და ნათელი სულის ადამიანს შეეძლო.

ვგიჟდები ლეონოვის სიტყვებზე – „ვიღაცისთვის ღმერთი ცაშია, ვიღაცისთვის კი — საკუთარ გულში და სწორედ ეს, გულში არსებული ღმერთი არ გაძლევს უფლებას დაეცე ადამიანისთვის განსაზღვრულ გარკვეულ დონეზე დაბლა — ფეხი დაარტყა ძაღლს, აწყენინო მოხუცს, ცუდად მოექცე მშობლებს…” ხომ ვითომ სულ რაღაც 3 უბრალო პრინციპია, მაგრამ…

და კიდევ იცით რატომ მიყვარს ლეონოვი? მას ჰქონდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი თვისება — იყო მიმტევებელი და არასდროს არ ინახავდა წყენას გულში. მსახიობი სტას სადალსკი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიულობით, ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ვერ შეეწყო ლეონოვს და ისინი სულ ჩხუბობდნენ. საქმე იქამდე მივიდა, ელდარ რიაზანოვის მეუღლე რომ არ ჩარეულიყო, ერთ-ერთ მათგანს გადასაღები მოედანი უნდა დაეტოვებინა. გავიდა დრო და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ფილმის გახმოვანებაზე. სადალსკი ჰყვება, რომ იდგა და გულში ფიქრობდა – „რა საშინელი და აუტანელია ეს ლეონოვი“, ევგენი პავლოვიჩი კი მასთან თავად მივიდა, გაღიმებული, გაეხუმრა და დაამატა — „ეჰ, რა სულელები ვიყავით“…

მინდა დავასრულო ევგენი ლეონოვის ერთ-ერთი გმირის მოკლე ფრაზით, რომლითაც მან განსაზღვრა, თუ რა არის ბედნიერება: 

„ბედნიერებაა, როცა დილით სამსახურში წასვლა გიხარია, საღამოს კი სახლში დაბრუნება“.

არ ვიცი, მაპატიოს ყველა ბრძენმა და, მათ შორის, ჩემმა საყვარელმა კოელიომ, მაგრამ მე ასეთი მართალი და ყოვლისმომცველი განსაზღვრება სხვა არ მეგულება.

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0