მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დღეს საოცრად „მოწესრიგებული“ დილა გველის. მოკრძალებით გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ მოძრაობის წესები. მიაქციოთ ყურადღება იმ ახალ გარემოებას, რომ ჩვენ აივანზე მისასვლელ წიკლაურის ციცაბო, მაგრამ საკმაოდ მოკლე ქვაფენილიან აღმართზე დაგხვდებათ… შუქნიშანი.
შუქნიშანი ასევე დაგხვდებათ ჩვენი ეზოს ჭიშკართან და უშუალოდ აივანზე ასასვლელი კიბის დასაწყისში.
მეცნიერების გამოთვლებით, დიდი ქალაქის მოწესრიგებული მცხოვრები საშუალოდ 6 თვეს კარგავს შუქნიშანთან სანუკვარი მწვანე ფერის მოლოდინში. იმედია, ამ 6 თვიდან მაქსიმუმ წუთნახევარს არ დაინანებთ და ამ დილით მაინც არ გაივლით ყვითელ და, მით უმეტეს, წითელ ფერზე. არ ინერვიულოთ, უკან პარალელური, ჯანელიძის უშუქნიშნო ქუჩით ჩაგაცილებთ…
თანაც გპირდებით, რომ ეს დისკომფორტი მხოლოდ დღევანდელ დღეზე გავრცელდება, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცემთ პატივს იუბილარებს („აქაური, აივნური“ წესია), და სწორედ დღეს კი, 5 აგვისტოს, შუქნიშნის საერთაშორისო დღეა. 1914 წლის 5 აგვისტოს აშშ-ის ქალაქ კლივლენდში ამუშავდა ლესტერ ვაილის პირველი შუქნიშანი, რომელსაც იმ დროს მხოლოდ ორი ნათურა ჰქონდა — წითელი და მწვანე, ხოლო მათი გადართვისას ისეთ საშინელი, მძაფრი ხმა გამოიცემოდა, რომ, ამბობენ, კლივლენდელები მაქსიმალურად ცდილობდნენ შუქნიშნიანი ქუჩის გვერდის ავლასო.
ხომ იცით, თქვენ არაფერს გიმალავთ და ახლაც გაგიმხელთ, რომ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებასა და ისტორიაში, კლივლენდურ შუქნიშანს პირველობა დაუმსახურებლად მიანიჭეს. სინამდვილეში პირველი შუქნიშანი ბრიტანელმა ჯეი ნაითმა გამოიგონა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და 1868 წელს ის ლონდონის პარლამენტის გვერდით დადგეს. სანამ ახალ გამოგონებას ოფიციალურად გააფორმებდნენ, ის აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდა პოლიციელი. რას იზამ, ჩამოვარდნილი იკაროსიც, სამწუხაროდ, პირველ მფრინავად არ სცნეს…
ასევე ცნობილია, რომ რუსეთში პირველი შუქნიშანი გამოჩნდა 1930 წელს ლენინგრადში, იმავე წლის დეკემბერში კი ერთდროულად მოსკოვსა და, რატომღაც, როსტოვში.
ახლა კი მართლა ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით (ვინც იცოდით, არ შეიმჩნიოთ და გაკვირვებით გამახარეთ), ბოლო-ბოლო იმდენ ხანს ვეძებე ეს ინფორმაცია: თურმე, თბილისში პირველი შუქნიშანი 1932 წელს დამონტაჟდა. უცნობია როგორც მისი შემომტანის ვინაობა, ასევე ისიც, თუ ვინ დაამონტაჟა. ორი ცალი სამფერიანი, კლასიკური შუქნიშანი პირველად ამუშავდა ორ გზაჯვარედინზე — ალექსანდრე ჭავჭავაძე-რუსთაველის გადაკვეთაზე (ოპერის თეატრთან) და დღევანდელი თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე. სხვათა შორის, მაშინ მათ ჯიხურებიდან მილიციელები მართავდნენ. პრინციპი მარტივი იყო — სადაც მეტი მანქანა იყო, იქით მხარეს ანთებდნენ მწვანე შუქს… იმდროინდელი ჯენტლმენური თბილისი რომ წარმოვიდგინე, მილიციელები, სავარაუდოდ, ლამაზ მანდილოსნებს წყნარად გადასვლას აცლიდნენ, არაფერი რომ აღარ ვთქვათ ბავშვებსა და ხანდაზმულებზე…
მინდა გითხრათ, რომ პირადად მე შუქნიშნები მიყვარს და პატივს ვცემ, რადგან, ზოგჯერ ზედმეტი ემოციურობის და ფანტაზიის მიუხედავად, ვარ საშინლად დისციპლინირებული ადამიანი. ცხოვრებაში არ დამიგვიანია, მათ შორის, პაემანზეც… ნახევარი საათით ადრე მივდიოდი და ვიმალებოდი. ასევე არასდროს ჩემი ნებით არ გადავსულვარ არამწვანე შუქზე. ამიტომაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მაგალითად, ნიუ-იორკში ყოფნის დროს, სადაც შუქნიშნები ჩემსავით უყვართ და დილის 4 საათზეც კი, როცა არც ერთი მანქანა პერსპექტივაშიც კი არ ჩანდა, ჩემნაირად სათითაოდ მოხეტიალე ადამიანი კი არა, ძაღლებიც კი არ გადადიოდნენ წითელ-ყვითელ ფერზე.
სხვათა შორის, ლონდონში შუქნიშნის საპატივსაცემოდ ძალიან ლამაზი ქანდაკება – ე.წ. „შუქნიშნების“ ხე დადგეს. ხოლო ჭკვიანი მეცნიერების ქალაქ ნოვოსიბირსკში შუქნიშანს ეძღვნება მთელი კომპოზიცია, რომელიც შედგება შუქნიშნისა და მის წინ გაჭიმული პოლიციელისგან…
იაპონიაში კი, თურმე, პირველ შუქნიშნებს მწვანე ფერის ნაცვლად ლურჯი ფერი ამშვენებდა, რომელიც შემდგომში მწვანემ შეცვალა. თუმცა დღესაც შუქნიშნის მწვანე ფერს იაპონელები უწოდებენ „აო სინგუს“, რაც „ლურჯ სიგნალს“ ნიშნავს. საერთოდ, იაპონიაში ფერების განსხვავებული აღქმაა, იქ მკვახე ვაშლზე არასდროს იტყვიან მწვანეაო, ამბობენ — ლურჯი ვაშლიაო, ხოლო იაპონელი ბავშვები არასდროს არ ხატავენ ყვითელ მზეს, მათი მზე ყოველთვის წითელია.
აი, რიო-დე-ჟანეიროში კი, სადაც მშვენივრად იციან მწვანე ფერის გარჩევა, ღამის 10-დან დილის 5 საათამდე მძღოლებს წითელ ფერზე სიარულის უფლებაც აქვთ, რადგან ეს საათები ითვლება ყველაზე მძიმე პერიოდად კრიმინოგენური თვალსაზრისით და, თავდასხმების თავის არიდების მიზნით, ფერების არევა დასაშვებია.
ხშირად მიფიქრია, ზოგიერთ ადამიანს, აი, ცოტა უჟმური და გაუგებარი ხასიათის და არაპროგნოზირებადი რომ არის, ნამდვილად არ აწყენდა პატარა კომპაქტური შუქნიშანი. მისვლამდე შეხედავდი და წინასწარ მაინც გეცოდინებოდა, მიხვიდე თუ გაეცალო… იმისთვისაც კარგი იქნებოდა და შენთვისაც.
მე კი, რა ვქნა, მიყვარს მწვანეფერანთებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის „თავისუფლები“ და ღია არიან ურთიერთობისთვის, თანაც, ტაქსებივით შორიდან მწვანედ რომ ანათებენ… სხვათა შორის, ტაქსისგან განსხვავებით, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი მგზავრი ჰყავთ აყვანილი თქვენამდე.
ბოლოს მინდა გთხოვოთ, დაგვეწვიოთ ერთ ძალიან კეთილ მულტფილმზე – ჩიტში შეყვარებულ შუქნიშანზე, რომელმაც მე, მაგალითად, ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე