ვინა ვარ? რა ვარ? - ვარ მეოცნებე, თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი…

© FL/MoscowRockitხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან
ხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

წესით, დღეს უნდა შემობრძანდეს განსაკუთრებით შესანიშნავი დღე, რადგან ჩვენ გულისფანცქალით ველით ცისფერთვალება და ხორბლისფერთმიან მგოსანს, რომელმაც კარგად იცოდა სილამაზისა და ბუნების ფასი… თუმცა, ამ ხავერდოვანი ოქტომბრის დასაწყისში მოულოდნელი ქარიშხალიც რომ ამოვარდეს და ქარბუქიც, ამასაც გავიგებთ, რადგან ბუნება, ალბათ, არასდროს დაიღლება ამ ლამაზი კაცის დატირებით და მისი მონატრებით… 

ალბათ ყველა მიხვდით, რომ დღეს ვმასპინძლობთ შესანიშნავ რუს პოეტს, საოცარ ადამიანს, სხვანაირად ფაქიზი და სათუთი სულის მატარებელს სერგეი ესენინს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1895 წლის 3 ოქტომბერს რიაზანის გუბერნიის სოფელ კონსტანტინოვოში.

ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია. ვერ ვიტყვი, ვის წინ დგას თუ ვის შემდეგ, მასზე ჩვეულებრივი კრიტერიუმები არ ვრცელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც თქვენ იტყვით, რადგან ის ყველასგან იმდენად განსხვავებულია, რომ ჩვენი გულების სიღრმეში საკუთარ, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს… 

© Sputnik/ РИА Новости სერგეი ესენინი
სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი

განწყობისთვის თავიდანვე შემოგთავაზებთ სერგეი ესენინის ლექსს ბატონი ბესო ხომერიკის საოცარ თარგმანში: 

…ვინა ვარ? რა ვარ?— ვარ მეოცნებე, 

თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი…

და ეს ცხოვრებაც ისე ვიცხოვრე,

როგორც მის გარდა სხვები მრავალი.

ჰო და შენც გკოცნი, მიჩვევით, ისე, 

როგორც შენამდე მრავალი ვკოცნე 

და ვიმეორებ: "მიყვარხარ" მქისედ, 

ვით ნამეორებს მრავალჯერ ლოცვებს.

მე ჩაგჩურჩულებ გულსგარეთ, ყურში

— "ჩემი სუნთქვა ხარ," "ჩემი ნდომა ხარ", 

თუ გააღვივებ ვნებას ჩემ გულში, 

სიმართლეს უკვე ვეღარ მონახავ.

ამიტომ ამ გულს აღარ დავიფლეთ,

ცეცხლს მინთებ, მაგრამ მითხარი, რისთვის?!

თუ ტანკენარავ ჩემო, ალვის ხევ

მოვლენილი ხარ ჩემთვის და სხვისთვის.

და თუმცა სხვასთან ვენაწყლიანობ, 

სხვის ტყვეობაში ვეწამე ბევრი,

შენზე არასდროს არ ვეჭვიანობ, 

ისიც იცოდე, არასდროს გწყევლი.

ვინა ვარ? რა ვარ? ალბათ სინდბადი 

თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი,

მთელი ცხოვრება მე შენ მიყვარდი,

ისევე, როგორც სხვები მრავალი“…

მთავარი კი, იცით, რა არის? კითხულობ ამ ლექსს და ხვდები, რომ სიტყვების მიღმა იმალება ყველაზე მთავარი — ქალი, ვისაც ესენინი ამ ლექსს უძღვნიდა, მას, რა თქმა უნდა, უყვარდა ისე, როგორც არავინ და არასდროს… 

სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
ესენინის მისტიური თავგადასავალი ტფილისში — ახდენილი წინასწარმეტყველება და პაოლოს თოფი
 

იმიტომ, რომ საქმე გვაქვს სერგეი ესენინთან… 

კაცთან, რომლის ბაღშიც წითელი კენკრებისგან გაჩაღებული კოცონი იწვოდა… 

რომელიც დედას ისეთ ლექსს უძღვნიდა, რომ კითხულობ და შენც ტატიანა ფიოდოროვნასავით გინდა გახვიდე გზის ბოლოს და შეეგებო… 

რომელიც კაჩალოვის ძაღლს, ჯიმს ისეთი ლექსი დაუწერა, სხვა პოეტი ქალისთვისაც რომ არ გაიმეტებდა…  

რომელიც იმდენად რუსი პოეტი იყო, რომ ამ გულწრფელ პატრიოტიზმში, უანგარობასა და თავგანწირვაში მსოფლიო სიმაღლეებამდე და ფასეულობებამდე ავიდა…

სერგეი ესენინი და აისედორა დუნკანი - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი: „ბედნიერებას ვეძებდი მასში... მაგრამ შემთხვევით სიკვდილი ვნახე“...

რადგან მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც იმდენად უყვარს თავისი „დაბალი, არყისხეებიანი სახლი“, რომ ლექსში აღწერილი აქვს სამარილეს უკან დამალული კვერცხის ნაჭუჭებიც კი, არ შეიძლება მართლა და მთელი გულით არ უყვარდეს ამ სახლის მიღმა არსებული ყველაფერი, კოსმოსის ჩათვლით.

მე დღეს განგებ არ მინდა გავამახვილო ყურადღება ესენინის და აისიდორა დუნკანის რომანზე, რადგან მის შესახებ ყველამ ყველაფერი ისედაც ვიცით. გვახსოვს, რომ 26 წლის სერგეი ესენინი მხატვარ იაკულოვის სტუდიაში მოხიბლა 44 წლის ფეხშიშველა ამერიკელმა მოცეკვავე აისიდორა დუნკანმა, რომელიც „ინტერნაციონალის“ მუსიკაზე ასრულებდა თავის ცნობილ ექსცენტრულ „ცეკვას შარფით“… და ისიც გავხსოვს, რომ მაშინ ესენინმა მხოლოდ ერთი სიტყვის ამოთქმა მოახერხა: "ქალღმერთი!“ (Богиня!)

© Sputnik/ РИА Новости სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი  - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი

გავა წლები და… 1925 წლის 28 დეკემბერს სულ რაღაც 30 წლის ასაკში სერგეი ესენინი ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ თავს ჩამოიხრჩობს. 1927 წლის 14 სექტემბერს კი ნიცაში აისიდორა დუნკანი დაიხრჩობა საკუთარი შარფით, რომელიც მანქანის ბორბლებში მოჰყვა… 

მე კი მინდა მახსოვდეს სულ სხვანაირი… არყის ხეების ჩითებში და გვირილებში უზომოდ შეყვარებული სერგეი ესენინი, რომელიც ეტრფოდა ლიმნისფერ ნეკერჩხლებს, ზაფრანისფერ საღამოებს, სიღრმემდე ლურჯ  შეღამებებს და ვარსკვლავივით შორეულ შაგანეს…

„შაგანე, შენ ჩემო შაგანე,

მე, ჩრდილოეთელმა დაგღალე,

მზადა ვარ მოგიყვე, რომ ღამე

თავთუხის ტალღებში ვატარე.

შაგანე, შენ ჩემო შაგანე,

თუ გინდა, გაგანდობ სატკივარს,

ხორბლების თმები მაქვს ნამდვილად,

თითზეც დაიხვიო, არ მტკივა,

უბრალოდ წავართვი ამ დილას…

თუ გინდა, გაგანდობ სატკივარს…

სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი ხომალდ "პარიზზე" - 1923 წელი.
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი ხომალდ პარიზზე - 1923 წელი. - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი ხომალდ "პარიზზე" - 1923 წელი.

აი ახლა რაც დავწერე, ეს უკვე ესენინის ჩემი უსაყვარლესი ლექსის ერთი ნაწყვეტის ჩემებური თარგმანია.

თუ არ მოგეწონებათ, მკაცრად ნუ გამსჯით, რადგან არავითარი პრეტენზია არ მაქვს იმაზე, რომ ის კარგია…

 ეს არის უბრალოდ ის, რასაც მე ქართულად ვგრძნობ ესენინის ამ ლექსში.

ამ ფიქრებში ჩაღრმავებულს ჩემი ლაბრადორი მომიახლოვდა… შევხედე მას ალბათ ისე, ესენინი რომ უყურებდა ჯიმს და ვუთხარი: 

შენ გაგაჩნია ძაღლური შარმი,

სანდომიანი ხარ მაშინ, როცა

დაუკითხავად, სულ ერთი წამით

მთვრალი კაცივით გინდება კოცნა… 

აქ კი უკვე ჩემი მეორე თარგმანიც შემოგაპარეთ…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და პოეტურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0