ესენინის მისტიური თავგადასავალი ტფილისში — ახდენილი წინასწარმეტყველება და პაოლოს თოფი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ესენინი
სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ დიდი რუსი პოეტის სერგეი ესენინის მისტიკურ ისტორიას გიამბობთ, რომელიც საქართველოს დედაქალაქში გადახდენია.

იგორ ობოლენსკი

სერგეი ესენინი ბევრს მოგზაურობდა საბჭოეთის ქვეყნებში და ლამის ყველა ქალაქში მოიძებნება მის სახელთან დაკავშირებული ადგილები და ისტორიები. მაგრამ ტფილისური ამბები გამორჩეულია, რადგან მისტიკური ელფერი დაჰკრავს…

ესენინს უყვარდა ქალები. ვინ იცის, საქართველოში მეტ ხანს რომ დარჩენილიყო — რასაც აპირებდა კიდეც — იქნებ ახალი ოჯახიც კი შეექმნა და ესენინების ახალი შტოსთვისაც დაედო სათავე.

თუმცა, რატომ „იქნებ?“ ორმოციან წლებში ქალაქში კიდევ ერთი ესენინი გამოჩნდა — ასე ეწერა პასპორტში: ვასილი სერგეის ძე ესენინი. პოეტის ვაჟად ის ესენინის უახლოესმა მეგობარმა, ტფილისელმა რიურიკ ივნევმა აღიარა.

© Sputnik/ РИА Новости სერგეი ესენინი
სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი

ის კი არა, ფაინა რანევსკაიამაც კი, როცა ვასილის მიერ წაკითხული ლექსი მოისმინა, თქვა, რომ ეს აბსოლუტურად ესენინისეული მანერა იყო, რომ მის წინ თითქოს პოეტის ორეული იდგა…

თბილისში სერგეი ესენინმა სასტუმროში ცხოვრება არ მოისურვა და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ჟურნალისტის ნიკოლაი ვერჟბიცკის მიწვევით მის სახლში დაბინავდა კოჯრის ქუჩაზე.

სწორედ ამ სახლიდან (რომელსაც დღემდე ამშვენებს მემორიალური დაფა პოეტის სახელით) დადიოდა ესენინი რუსთაველის გამზირზე მდებარე „ზარია ვოსტოკას“ რედაქციაში და ლექსები მიჰქონდა დასაბეჭდად. იქიდანვე ჩადიოდა სარდაფებში მდებარე პატარა დუქნებში. აბა, სხვანაირად, ქეიფის გარეშე როგორ იქნებოდა? ეს ხომ საქართველო იყო?!  

პოეტი მეორედ იყო საქართველოში. მანამდე, რამდენიმე წლის წინ მოგზაურობისას ვერ მოასწრო ამ ქვეყნის შეყვარება — თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა, მისი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდა და არც თავად იცნობდა ვინმეს. 

ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

ყოფილი ცოლის, ცნობილი მოცეკვავის აისიდორა დუნკანის აღფრთოვანება საქართველოთი, რომელსაც ის „კავკასიურ სამოთხეს“ უწოდებდა, უცნაური ეჩვენებოდა. პოეტი მოსკოვში ჩქარა დაბრუნებაზე ოცნებობდა. აისიდორას ნაამბობს ეჭვით უყურებდა.

ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ მეორე ჯერზე „კავკასიურ პარიზში“ დიდი ხალისით არ მოემგზავრებოდა, უბრალოდ, საქმე ჰქონდა გამომცემლობის თაობაზე.

მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ესენინი შეძრა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში უკვე მხოლოდ სახეზე კი არ ცნობდნენ, არამედ, თურმე, ქართულადაც კი თარგმნიდნენ მის ლექსებს. ამის პასუხად პოეტმა გადაწყვიტა, სერიოზულად შეჭიდებოდა თავისი ახალი მეგობრების ლექსების რუსულად თარგმნას. რუსეთში თქვენი თარჯიმანი მე ვიქნებიო, ეუბნებოდა ქართველ თანამოკალმეებს.

© Sputnik/ РИА Новости სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი  - Sputnik საქართველო
სერგეი ესენინი და აისიდორა დუნკანი

ტფილისში ის პაოლო იაშვილს დაუმეგობრდა — ქართველების ერთ-ერთ უსაყვარლეს პოეტს. ერთ დღეს მთაწმინდაზე წავიდნენ, მამადავითის ეკლესიაში.

ეს ადგილი ნებისმიერი სტუმრისთვის, მით უმეტეს, რუსი მწერლისა თუ პოეტისთვის აუცილებლად სანახავთა ნუსხაში შედიოდა. იქ ხომ დიდი რუსია დაკრძალული — ალექსანდრ გრიბოედოვი.

და თითქოს დაუწერელი კანონის მორჩილებით, ესენინმაც მოინახულა „ვაი ჭკუისაგან“ ავტორის უკანასკნელი განსასვენებელი. მერე პაოლომ მეგობარს ერთი ძველებური მისნობა ასწავლა: თუ გინდა გაიგო, რამდენ ხანს იცოცხლებ, წყაროდან ქვა ამოიღე და ტაძრის კარს მიადე, რამდენ ხანსაც გაუძლებ და არ გაგივარდება ხელიდან, იმდენი წელი იცოცხლებო.

ესენინი სასწრაფოდ დაწვდა ქვას, ამოიღო და ისე მოიქცა, როგორ მეგობარმა უთხრა: ტაძრის კარს მიადო და თვლა დაიწყო… მაგრამ ძლივს მოასწრო წარმოეთქვა „ერთი“, რომ ხელიდან გაუვარდა.

— რა იყო, სულ ერთი წელი დამრჩა?— გაეცინა ესენინს.

დაგნი იული - Sputnik საქართველო
ედვარდ მუნკის ტფილისში ტრაღიკულად გარდაცვლილი "მადონა"

— მომეცი, აბა, მეც ვსინჯავ, — უთხრა პაოლომ.

მერე ქვა აიღო, კარს მიადო, ესენინმა თვლა დაიწყო და… მეცამეტე თვლაზე პაოლოსაც გაუსრიალდა ქვა ხელიდან.

— ესე იგი, მე მომავალ წელს, შენ კი 37-ში, — სწრაფად გამოთვალა ესენინმა.

— სისულელეა ეს ყველაფერი. წამო, სჯობს ღვინო დავლიოთ. ნახავ, თუ ასამდე არ დავიჭირო შემდეგ ჯერზე ეგ ქვა! — მიუგო პაოლო იაშვილმა.

და მეგობრები ისევ ქალაქში სახეტიალოდ დაეშვნენ. ერთ-ერთ დუქანში ისე მოილხინეს, რომ ხაში პაოლოს ქუდში მოხარშეს…

როცა მეგობრები დუქნიდან გამოდიოდნენ, რუსმა პოეტმა სიმღერას მოჰკრა ყური — ქუჩის მომღერალი ღიღინებდა.

—  რაზე მღერის?— ჰკითხა პაოლოს.

— ბიბლიას მღერის, თავისი სიტყვებით, — უპასუხა იაშვილმა.

— ბიბლია თავისი სიტყვებით? ასეთი რამ საქართველოში თუ მოხდება მხოლოდ…

© FL/MoscowRockitხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან
ხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან  - Sputnik საქართველო
ხელნაწერი სერგეი ესენინის სახლ-მუზეუმიდან

ტფილისში გატარებული რამდენიმე თვე ესენინისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სწორედ აქ დაასრულა პოემა „ანა სნეგინა“, რომელზეც ამბობდა, თუ რამ შემიქმნია, ეს ყველაზე საუკეთესოაო.

სერგეი ესენინი საქართველოში 1925 წლის ზამთრამდე გაჩერდა. არავინ იცის, რამ იმოქმედა მასზე — ტაძარში გადახდენილმა ამბავმა თუ სხვა რამემ, მაგრამ ეს კია, რადიკალურად შეცვალა ცხოვრება. და, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ წიგნს, რომლის იდეაც ტფილისში დაებადა, После скандалов დაარქვა.

ესენინი მეგობრებს გამოუტყდა, ტფილისში ბევრ რამეზე ფიქრი მოვასწარი და მივხვდი, რომ დროა, თავზეხელაღებულ „დუქნურ“ ცხოვრებას შევეშვაო. ისიც დაამატა, შესაძლოა საერთოდაც წავიდე საქართველოში და რამდენიმე წელი დავრჩე — „ზარია ვოსტოკაში“ ვიმუშავებ და ქართველ კლასიკოსებს გადავთარგმნიო.

ტიციანსა და პაოლოს ეუბნებოდა კიდეც, ჯერ მოსკოვში წავალ, მერე პიტერში შევივლი, საქმეებს მოვაგვარებ და მაშინვე უკან დავბრუნდები, აქ დავსახლდები და ერთად ვიმუშაოთო…

პაოლოს უნდოდა, ესენინისთვის გამოსათხოვარ საჩუქრად სანადირო თოფი მიერთმია, მაგრამ მეგობრისგან თავაზიანი უარი მიიღო: ერთი წლის მერე საკუთარი იარაღით ჩამოვალ ტფილისშიო.

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

აპირებდა კიდეც დანაპირების ასრულებას. მოსკოვში დაბრუნებისთანავე შეიძინა სანადირო თოფი. პოეტი ოცნებობდა ტფილისში დაბრუნებაზე. ექიმებიც ურჩევდნენ, თურმე, საქართველოში წამოსვლას: ფილტვებში მართლა რაღაც ისე ვერ მაქვს საქმე, ექიმებმა აბასთუმანი გამომიწერესო, ამბობდა.  

ნიკოლაი ვერჟბიცკისაც წერდა: „ყველაფერი, რისი იმედიც მქონდა და რაზეც ვოცნებობდი, ფერფლად იქცა. როგორც ჩანს, მოსკოვში არ დამედგომება. ოჯახური ცხოვრება არ გამომდის. გაქცევა მინდა. სად? კავკასიაში! ბღავილამდე მინდა შენთან, შენ მყუდრო სავანეში „ხოჯორზე“, მეგობრებთან!“ 

მაგრამ ესენინს ტფილისში ჩამოსვლა აღარ ეღირსა… აქ დაწერილი ლექსი На Кавказе წინასწარმეტყველური გამოდგა:

А ныне я в твою безглядь

Пришел, не ведая причины:

Родной ли прах здесь обрыдать

Иль подсмотреть свой час кончины!

მამადავითის წყაროს ქვის წინასწარმეტყველება კი ახდა: 1925 წელს ქალაქ ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერის“ ნომერში სერგეი ესენინი გარდაცვლილი იპოვეს…

13 წლის შემდეგ კი პაოლო იაშვილის ჯერიც დადგა: 1937 წელს პოეტმა თავი მოიკლა — სწორედ იმ თოფიდან დაიხალა ტყვია, რომელსაც ესენინს ჩუქნიდა, მან კი არ გამოართვა…

ყველა ახალი ამბავი
0