ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

© http://www.arte.tv/ძველი თბილისი, აბანოთუბანი
ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

იგორ ობოლენსკი

სამხედრო ექიმს, თავად ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი, სახელად ნინა, 1906 წელს დაიბადა ოდესაში, სადაც ანდრონიკაშვილი სამედიცინო განათლებას ეწაფებოდა და სადაც შეხვდა კიდეც მომავალ მეუღლეს, მარია ლვოვას. 1910 წელს წყვილს მეორე ქალიშვილი, თამარი შეეძინა, ხოლო კიდევ ათი წლის შემდეგ, როდესაც ანდრონიკაშვილების ოჯახი, როგორც იქნა, ტფილისში გადმოვიდა საცხოვრებლად არაერთი ქალაქის გამოცვლის მერე, ქვეყანას მესამე გოგონა, ეთერი მოევლინა.

ნინა ანდრონიკაშვილი და ირანის პრემიერ–მინისტრი

ანდრონიკაშვილები ბედს არ უჩიოდნენ, არ უჭირდათ — არც საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო წელს და არც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში. ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი საავადმყოფოშიც მუშაობდა და კერძო პრაქტიკასაც ეწეოდა. კომუნისტების მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი მისი ნაცნობი ოჯახიანად წავიდა ემიგრაციაში, ხოლო ვინც დარჩა, იმათგან უმეტესობა დააპატიმრეს. ამიტომაც ცდილობდა თავადი, პოლიტიკისგან თავი შორს დაეჭირა, მხოლოდ  მედიცინით იყო დაკავებული.

სოფიკო ჭიაურელი - Sputnik საქართველო
სოფიკო ჭიაურელი, ანუ „ეძებეთ ქალი“

აი მისი უფროსი ქალიშვილი ნინა კი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი და მშობლებთან არც მალავდა, რომ საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდა. და ასეთი შანსი 1928 წელს მიეცა.

ნინა ანდრონიკაშვილის დისშვილი თეიმურაზ გველესიანი: „ულამაზესმა ნინამ, რომელიც იმხანად 22 წლისა იყო, საქართველოში ირანის კონსული მირზა ალი–ხან სოჰეილი გაიცნო. ის ძალიან განათლებული კაცი იყო, რუსულიც იცოდა და ინგლისურიც. პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა ნინა და როცა საქართველოდან წასვლის  დრო მოუვიდა, შესთავაზა, თან გაჰყოლოდა.

დეიდას საოცრად სძულდა საბჭოთა ხელისუფლება და სოჰეილის წინადადება მისთვის ხსნა იყო — ეს იყო სსრკ–დან წასვლის შანსი, რომელიც ხელიდან არ გაუშვა. ოჯახში არასდროს მსმენია, რომ ნინას რაღაც გიჟური სიყვარული ჰქონოდა ალის მიმართ. ეს უფრო პატივისცემა უნდა ყოფილიყო“.

ნინა სოჰეილის ცოლი გახდა და მუსლიმანობა მიიღო. ახლა მას უკვე თუბა–ხანუმი ერქვა. გამოხდა ხანი და ვაჟი შეეძინა, რომელსაც ირაჯი, ანუ ქართულად ირაკლი დაარქვეს. მირზა ალიმ კი კარიერულ კიბეზე სწრაფი ასვლა დაიწყო და მალე ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს. 1937 წელს კი ისევ დიპლომატიურ სამსახურში დააბრუნებს და ინგლისში ირანის ელჩად გაუშვეს.

დიდი ბრიტანეთი იმ პერიოდში ირანის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნეოდა. ამიტომაც ამ ქვეყანაში ელჩად წარგზავნა — ეს შაჰის მხრივ დიდი ნდობის გამოვლინება გახლდათ და მომავალში სერიოზულ პოლიტიკურ პერსპექტივებს უქადდა მირზა ალის.

ხოსე რაულ კაპაბლანკა და ოლგა ჩუბაროვა - Sputnik საქართველო
დედოფლად ქცეული ტფილისელი თავადის ასულის ისტორია

და სანამ ირანის ელჩი დიპლომატიური მისიის შესრულებით იყო დაკავებული, მისი მეუღლე, ნინა ანდრონიკაშვილად დაბადებული თუბა–ხანუმი, მიღებებისა და წვეულებების მოწყობით იყო დაკავებული.

ას, როგორც ელჩის ცოლს, ლონდონში უცხო ქვეყნის მოქალაქის სტუმრად მიწვევის უფლება ჰქონდა და მანაც პირველი მიწვევა უმცროს დას, ეთერის გაუგზავნა.

თეიმურაზ გველესიანი: „და მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელი იდგა, ეთერი საზღვარგარეთ გაუშვეს. ეს ლავრენტი ბერიას ხელმოწერით მოხდა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რა პოტენციალსაც ფლობდა სოჰეილი და მაშინვე შეუდგა ირანთან „ხიდის გადებას“… ეთერმა ლონდონში მთელი წელი დაჰყო“.

ინგლისიდან კვლავ თეირანში დაბრუნებულმა სოჰეილიმ საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, მერე კი სულაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდა. ირანის შაჰი მაშინ მთლად ახალგაზრდა იყო და ამიტომაც მართვის ყველა სადავე, ფაქტობრივად, მირზა ალი–ხანს ეპყრა ხელთ.

რუბენ მამულიანი - Sputnik საქართველო
ჰოლივუდელი პიონერი ტფილისიდან

რაც შეეხება ნინა ანდრონიკაშვილს, ის შაჰის მეუღლის, ულამაზესი პრინცესა სორაიას ახლო მეგობარი გახლდათ. და სანამ ქმრები პოლიტიკით იყვნენ დაკავებულები, ქალბატონები  ხან შაჰის სასახლეში ატარებდნენ დროს და ხან პრემიერ–მინისტრის სასახლეში, რომელიც ცოთათი თუ ჩამორჩებოდა მონარქის საცხოვრისს.

სოჰეილი შაჰის დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობდა და ირანის პოლიტიკური ძალებისაც. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე მან სამი ვადა გაატარა. სწორედ მინისტრთა–კაბინეტი ხელმძღვანელად მისი მოღვაწეობის პერიოდში გამოუცხადა ირანმა ომი გერმანიას და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა იაპონიასთან.

1943 წელს  სწორედ მირზა ალი–ხანი ხელმძღვანელობდა მოკავშირე ქვეყნების ლიდერების კონფერენციის მომზადებას თეირანში. ეს მან უმასპინძლა სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს. თქმა არ უნდა, სტალინს უეჭველად ეცოდინებოდა, რომ ირანის პრემიერ–მინისტრის მეუღლე ქართველი გახლდათ. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომაც უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს ყველა მიღებაზე დავით სარაჯიშვილის ქარხნის ქართული კონიაკით; სწორედ იმ დავით სარაჯიშვილისა, ვისი ფინანსური ხელშეწყობითაც მიიღო სამედიცინო განათლება ნინას მამამ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა.

თეიმურაზ გველესიანი: „1944 წელს დედაჩემი თამარი და ბაბუა ნიკოლოზი დეიდას ესტუმრნენ. ნინამ მათ წასაყვანად თბილისში ირანის პრემიერ–მინისტრის პერსონალური თვითმფრინავი გამოგზავნა. თეირანში სამი თვე დაჰყვეს, რაღა თქმა უნდა სასახლეში ცხოვრობდნენ. დედა მერე ხშირად იხსენებდა იქაურ ფუფუნებასა და მსახურების ჯარს, რომლებიც ვრცელ დარბაზებში ბუზს არ აჭაჭანებდნენ და თეთრი ხელთათმანებით დასდევდნენ მათ.

© Sputnik/ РИА Новостиმეჩეთი თეირანში — რეპროდუქცია
მეჩეთი თეირანში — რეპროდუქცია  - Sputnik საქართველო
მეჩეთი თეირანში — რეპროდუქცია

როგორც ჩანს, დეიდა ნინას მძიმე ხასიათი ჰქონდა. მგონი ამიტომაც თქვა სიცოცხლის ბოლოს დედაჩემმა რაღაც კრიტიკული ნინას მიმართ, რაზეც მამაჩემი აყვირდა, როგორ ამბობ მაგას, ნინამ ხომ ყველანი გადაგვარჩინაო?!

მართალიც იყო. რომ არა ნინასა და ირანის უპირველესი პოლიტიკოსის ქორწინება, ქვეყნისა, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახლდათ, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩვენო ოჯახის ცხოვრება“.

50–იან წლებში სოჰეილი კვლავ დიდ ბრიტანეთში გაუშვეს ელჩად, სადაც გარდაიცვალა კიდეც კიბოს დიაგნოზით 1957 წელს.

ნინა ირანში დაბრუნდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრების ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო. საბჭოთა რევოლუციონერებს კი გაექცა, მაგრამ ირანში მაინც შეეჯახა მათ. რევოლუციის შემდეგ ნინას სასახლე ჩამოართვეს და პატარა ოთახში შეასახლეს…

თბილისში ჩამოსვლას ვერ ბედავდა. ეშინოდა, რომ უკან აღარ გაუშვებდნენ, რომ დააპატიმრებდნენ და ბანაკში გამოამწყვდევდნენ. საბჭოთა ხელისუფლებისადმი უნდობლობის საფუძველი კი ნამდვილად ჰქონდა. ამისთვის საკუთარი დის, ეთერისა და მისი მეუღლის, მხატვარ დავით კაკაბაძის ბედიც კმარობდა.

ნინა ანდრონიკაშვილი 2003 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თეირანში.

ეთერ ანდრონიკაშვილი და დავით კაკაბაძე

ლონდონში დასთან სტუმრად მყოფი ეთერი 1938 წელს თბილისში დაბრუნდა და გადაწყვიტა, უცხო ენების ინსტიტუტში ჩაებარებინა. მაგრამ მერე იფიქრა, ინგლისური ისედაც ვიციო და საბოლოოდ, 1940 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ხატვა ყოველთვის უყვარდა.

ამირ კაკაბაძე — ეთერ ანდრონიკაშვილისა და დავით კაკაბაძის ვაჟი: „დედამ სწორედ იქ გაიცნო აკადემიის ერთ–ერთი დამაარსებელი, პროფესორი დავით კაკაბაძე — მამაჩემი. ასაკში დიდი სხვაობა იყო, მამა დედაზე მთელი 32 წლით უფროსი გახლდათ, მაგრამ ამან ვერცერთი დააფრთხო და ერთი წლის მერე კიდეც დაქორწინდნენ, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მეც გავჩნდი“.

© Sputnik/ РИА Новостиმხატვარი დავით კაკაბაძე
მხატვარი დავით კაკაბაძე - Sputnik საქართველო
მხატვარი დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე იმ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო. პარიზში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და საიდანაც 1926 წელს დაბრუნდა, რამდენიმე გამოფენა მოაწყო მეგობრებთან ერთად. სხვათა შორის, წარმატებული გამოფენები — კაკაბაძის ნამუშევრების სანახავად თავად პაბლო პიკასოც კი დადიოდა.

ამირ კაკაბაძე: „1928 წელს მამამ სამხატვრო აკადემიაში დაიწყო მუშაობა. საფრანგეთში დაგროვებული ცოდნის საქართველოსთვის გადაცემა სურდა. პარიზში საკუთარი ხარჯებით წიგნიც გამოსცა: „ხელოვნება და სივრცე“. ქართული შრიფტი მოუძიებია და იქვე დააბეჭდვინა. ეს წიგნი თბილისში ჩამოიტანა, რათა სტუდენტებს სახელმძღვანელო ჰქონოდათ“.

დავით კაკაბაძე განათლებით მათემატიკოსი გახლდათ, პეტერბურგის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სხვათა  შორის, სტერეოკინოს შემქმნელიც სწორედ ისაა. ევროპაში ცხოვრების პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში დააპატენტა კიდეც თავისი გამოგონება. თბილისში დაბრუნებულმა მოსკოვშიც გაგზავნა განაცხადი დასაპატენტებლად, მაგრამ…

მოსკოვი ხუთი წელი დუმდა, მერე კი გამოუცხადეს, სტერეოკინო შენ კი არა, ივანოვმა გამოიგონაო და ამით დაამთავრეს ყველაფერი.

კახი კავსაძე აბდულას როლში - Sputnik საქართველო
სტალინის მასწავლებელი, ქართველი შინდლერი და შავი აბდულა

1948 წელს საბჭოთა კავშირში ფორმალიზმთან ბრძოლა დაიწყო და კაკაბაძეს ბრალი დასდეს, „დამპალი კაპიტალიზმის მომღერალი“ ხარო. მხატვართა კავშირიდან გარიცხეს და პროფესორის წოდებაც ჩამოართვეს.

ამირ კაკაბაძე: „მამას „მგლის ბილეთი“ მისცეს და სამუშაოდ ვეღარსად მოეწყო. მანამდე შინ რომ მჯდარიყო და ეხატა, კიდევ რა უჭირდა, მაგრამ ის აკადემიაში ასწავლიდა და მისი მწვალებლების ლოგიკით, ახალგაზრდებს შორის მტრულ იდეოლოგიას ავრცელებდა. ამიტომაც საბოლოოდ „დაასვეს ჯვარი“. მამა ითხოვდა, იმის უფლება მაინც მომეცით, ფრანგულის მასწავლებლად ვიმუშაოო, მაგრამ არც ამის ნება დართეს. მაშინ ადგა და ერევანში დაიწყო წერილების გზავნა, იქნებ იქ მაინც ამიყვანონ სამსახურშიო, მაგრამ იქაც არაფერი გამოვიდა.

იტალიური ეზო სოლოლაკში - Sputnik საქართველო
ოლეგ ბასილაშვილისა და მისი დედის თბილისური ეპოპეა

არადა, მამა ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივ განათლებული კაცი იყო. კინოშიც მუშაობდა და თეატრშიც, წიგნსაც წერდა „ქართული ორნამენტის გენეზისი“ და მთელ საქართველოში მოგზაურობდა უძველესი არქიტექტურული ძეგლებისთვის სურათების გადასაღებად. სამწუხაროდ, წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო. ბოლოს, როგორც იქნა ხელნაწერი ტიპოგრაფიამდე მივიდა, მაგრამ ხანძარი მოხდა და ნაშრომი დაიწვა“.

დავით კაკაბაძე ოთხი წლის განმავლობაში იყო უმუშევარი. დეპრესიისგან ფეხების ტკივილი დაეწყო და ძირითადად იწვა. ოჯახს მისი სიმამრი, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი ინახავდა. მხოლოდ 1952 წელსღა აიყვანეს სატირულ ჟურნალ „ნიანგში“, რომლის რედაქციაც მეხუთე სართულზე მდებარეობა და დავითს ყოველდღე უწევდა უამრავ საფეხურზე მტკივანი ფეხებით ავლა. დიდხანს ვერ გაუძლო. ძალიან მალე ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა.

ამირ კაკაბაძე: „თავი ნინა დეიდას წყალობით გაგვქონდა. ის გვიგზავნიდა პროდუქტებსა და ტანსაცმელს. დედაც, რაც შეეძლო, აკეთებდა, ბაბუას პაციენტების მიღებაში ეხმარებოდა, ოპერაში კი ქართულ კოსტიუმებზე მუშაობდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი 25 წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის დოცენტი იყო.

ძალიან გვიჭირდა, მაგრამ დედა მეუღლის ნახატებს არ ჰყიდდა — ისედაც ვერ მოასწრო ბევრის შექმნა…

© Sputnik/ РИА Новостиდავით კაკაბაძის ნახატი
დავით კაკაბაძის ნახატი - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის ნახატი

მამაჩემის პირველი დიდი გამოფენა 1959 წელს გაიმართა მოსკოვში. ეს, ფაქტობრივად, რეაბილიტაციას ნიშნავდა. მერე კი იმ შენობაში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, დავით კაკაბაძის სახლ–მუზეუმი გახსნეს. სანამ დედა ცოცხალი იყო, უამრავ დელეგაციას მასპინძლობდა. თუ ვინმე ცნობილი ჩამოდიოდა საქართველოში, აუცილებლად მოჰყავდათ ჩვენთან“.

თამარ ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილების შუათანა და თამარი თბილისში ცხოვრობდა. კონსერვატორია დაამთავრა და ნიჭიერთა მუსიკალურ სკოლაში მუშაობდა პედაგოგად. ცოლად ლევან გველესიანს გაჰყვა — საქართველოს დროებითი მთავრობის იუსტიციის მინისტრის ვაჟს.

თეიმურაზ გველესიანი: „მამას კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ვიოლინოს კლასი, რუსთაველის თეატრის ორკესტრში მუშაობდა და კოტე მარჯანიშვილთან, სანდრო ახმეტელთან და ევგენი მიქელაძესთან მეგობრობდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რაღაც შეეცვალა საკუთარ ცხოვრებაში და ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში ჩააბარა. მერე დიდხანს მუშაობდა ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ“.

თამარმა ხანგრძლივი ცხოვრება განვლო, 93 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უფროსი დის, ნინას ნახვას ვერ ეღირსა.

© Sputnik/ გიორგი ზელმადავით კაკაბაძის "იმერული პეიზაჟი"
დავით კაკაბაძის იმერული პეიზაჟი - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის "იმერული პეიზაჟი"

ამირ კაკაბაძე: „დეიდა ნინას სულ ეგონა, რომ საბჭოთა კავშირში ისევ შიმშილობა იყო და ფქვილს, შაქარს, ბრინჯსაც კი გვიგზავნიდა. მერე, როცა როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ საკვები არ გვიჭირდა და ახლა ტანსაცმლის გამოგზავნა დაიწყო. ამანათებს ხელოვნების შესანიშნავი ალბომებსაც აყოლებდა. ასე მგონია, რომ სწორედ ნინა დეიდას დამსახურებაა, რომ ჩვენს ოჯახს თითი არ დააკარეს და ციმბირში არ გადაგვასახლეს.

ერთხელ, 60–იან წლებში, დედა „კაგებეში“ დაიბარეს და გამოუცხადეს, შეგიძლია დასთან წახვიდე თეირანში, ოღონდ ერთი თხოვნა უნდა შეგვისრულო: პატარა ჩემოდანს გაგატანთ და ერთ კაცს გადაეციო.

დედა მაშინვე მიხვდა, რომ „დავერბოვკებას“ უპირებდნენ და უარი უთხრა.

მერე ჩემს გადაბირებასაც შეეცადნენ. ჩვენს სახლში ხომ გამუდმებით ირეოდნენ უცხოელები, ჰოდა, პირდაპირ გამომიცხადეს, რვეულში ჩაიწერე ყველაფერი, რასაც ილაპარაკებენ და რასაც ყურს მოკრავ, მერე კი კვირაში ერთხელ მოგვახსენეო. რა თქმა უნდა, მეც უარი ვუთხარი“.

სამივე და ანდრონიკაშვილი დღეგრძელი გამოდგა. ნინამ 96 წელი იცოცხლა, თამარმა — 93, ხოლო უმცროსი ეთერი დღესაც ცოცხალია. დავით კაკაბაძის ქვრივი და მისი ქალიშვილი ლარი სტუმრებს არ ღებულობენ, ჩაკეტილად ცხოვრობენ დიდი ხელოვანის ბინა–სახელოსნოში.

სამწუხაროა, რომ ეთერ ანდრონიკაშვილ–კაკაბაძესთან შეხვედრა ვერ შედგა. მისი ქალიშვილის ნება — არ დაუშვას დედასთან არავინ, უდრეკი გამოდგა…

ყველა ახალი ამბავი
0