იგორ ობოლენსკი
ჩვეულებრივი, ორსართულიანი კერძო სახლი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. მოჩუქურთმებული აივნები, ფასადზე მფლობელის მონოგრამა, მთავარი შესასვლელის თაღი. მოკლედ, ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით.
მეცხრამეტე ასწლეულის ბოლოს ტფილისში ასეთი შენობები მრავლად იყო. მთელ ამ ქუჩაზე (დღევანდელი სანქტ–პეტერბურგის ქუჩა) ისეთი ლამაზი სახლებია აშენებული, რომ თავად სანქტ–პეტერბურგის სამეფო კარის ინტერიერშიც იოლად ჩაეწერებოდა.
თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც №13 სახლს ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. ეს მემორიალური დაფაა. მასზე სამ ენაზე — ქართულად, სომხურად და ინგლისურადაა ამოტვიფრული ადამიანის სახელი, რომლის ცხოვრებაც სწორედ აქ დაიწყო. რუბენ მამულიანი — მსოფლიო თეატრისა და კინოს ლეგენდა.
ის 1897 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა. რუბენის მამა ცნობილი ბანკირი იყო და სურდა, რომ ვაჟს მისი საქმე განეგრძო. მაგრამ ის სულ სხვა რამეზე ოცნებობდა. მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ იურისტი მაინც ვერ გახდა. მერე დიდი ევგენი ვახტანგოვის თეატრალურ სტუდიაში შევიდა და სამუდამოდ დაავადდა თეატრით.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მამულიანი თბილისში დაბრუნდა. თუმცა სიმშვიდე აქაც მალე დაირღვა. საბოლოოდ მამულიანი ლონდონში აღმოჩნდა, სადაც ინგლისელ ოფიცერზე გათხოვილი მისი და ცხოვრობდა.
სწორედ ლონდონში დაიბადა მამულიანი–რეჟისორი. ეს 1922 წლის 6 ნოემბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ უმეტესად გამანადგურებელი რეცენზიები დაიწერა, მამულიანი თეატრმა მოიცვა.
აბა, რომელი რეჟისორი არ ოცნებობს ბროდვეიზე?
და 1927 წელს რუბენ მამულიანის ვარსკვლავიც ნიუ–იორკში ამობრწყინდა. მან პირველმა დადგა სცენაზე ჰეივორდის რომანი „პორგი და ბესი“, რომელიც შემდეგ ძალიან გახმაურებული გახდა. სპექტაკლი 367–ჯერ წარმოადგინეს.
იმ წლებში სწორედ ნიუ–იორკში მდებარეობდა კომპანია Paramount Pictures–ის ოფისი. რუბენი კინოზე ოცნებობდა, კინოკომპანია კი — კარგ რეჟისორებზე, რომლებიც მუნჯი კინოს მსახიობებს „აამეტყველებდნენ“. ეს კავშირი თითქოს ღვთის ნაკურთხი აღმოჩნდა.
რუბენ მამულიანის ყველაზე ცნობილი კინოსურათი ეკრანზე 1933 წელს გამოვიდა. თავდაპირველად მთელმა ამერიკამ, მერე კი ევროპამაც იხილა ფილმი „სიმღერათა სიმღერა“, რომელშიც მთავარ როლს მარლენ დიტრიხი ასახიერებდა. ტფილისელი რეჟისორის კინოსურათი დიდი წარმატებით სარგებლობდა. სწორედ ამ ფილმში შეასრულა მარლენ დიტრიხმა თავისი ცნობილი სიმღერა „ჯონი“.
თითქმის იმავდროულად დაასრულა მამულიანმა ფილმ „დედოფალ ქრისტინაზე“ მუშაობაც, რომელშიც მთავარ როლს გრეტა გარბო ასრულებდა. ჰოლივუდელი ჭორიკნები ამბობდნენ, რომ რეჟისორსა და ახალგაზრდა მსახიობს შორის გადაღებების პერიოდში მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა ჩაისახა. ჟურნალისტები მამულიანს „მისტერ გარბოსაც“ კი უწოდებდნენ.
რუბენ მამულიანი ჰოლივუდის აღიარებულ ოსტატად იქცა. სწორედ მან დაიწყო ფილმ „კლეოპატრას“ გადაღება — ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით. იმ დროის სენსაციად იქცა ჰონორარის რაოდენობა, რომელიც მსახიობმა მიიღო ფილმში მონაწილეობისთვის — 1 მილიონი დოლარი! თუმცა მერე პროდიუსერებთან ურთიერთობა არ აეწყო და ფილმის გადაღება სხვა რეჟისორმა დაასრულა.
ჰოლივუდში მამულიანის სახელი მრავალ მიზეზთა გამო დღემდე ახსოვთ. ტფილისელი რეჟისორი ნამდვილი პიონერი იყო. მთავარი გმირის შინაგანი მონოლოგის გადმოსაცემად სწორედ რუბენმა გამოიყენა პირველმა კინოში კადრსმიღმა ხმა; სწორედ მან გაიტანა გადაღებები პავილიონებიდან ქალაქის ქუჩებში.
ოთხმოციან წლებში რუბენ მამულიანის სახელი ბროდვეის დიდების დარბაზში მოხვდა.
არც რეჟისორული კარიერის დასრულების შემდეგ შეუწყვეტია რუბენს ხალხის გაოცება. მან დაწერა საბავშვო წიგნი, რომლის მთავარი გმირიც კატა იყო. მოგვიანებით გაირკვევა, რომ კატები ამ გასაოცარი ადამიანის ერთადერთი ნუგეში იყო.
სამწუხაროდ, პირადი ცხოვრება არ აეწყო. რუბენის მეუღლე ალკოჰოლიკი იყო. შვილები არ შესძენიათ. ის კი არა, მოსამსახურეების დაქირავებაც კი შეუძლებელი გახდა ცოლის მძიმე ხასიათისა და ავადმყოფობის გამო. საბოლოოდ, ოდესღაც ცნობილ რეჟისორს ირგვლივ მხოლოდ კატებიღა შემორჩა. როცა შინ ჯდომა გაუსაძლისი ხდებოდა, მამულიანი სამოგზაუროდ მიდიოდა.
საქართველოშიც კი ჩამოვიდა. საბჭოთა კავშირში ერთ–ერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს, როგორც საპატიო სტუმარი, და მამულიანმა საქართველოს მოაშურა. ჩამოსვლისთანავე ბავშვობისდროინდელ ეზოს ეწვია. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა აივნიდან ვიღაც მოხუცმა გადმოსძახა: „რუბენ, შენ ხარ, ბიჭო?!“ აი, ასე შეხვდნენ კლასელები ერთმანეთს.
ეს ისტორია ისე მოსწონებია სერგეი დოვლატოვს, რომ თავის მოთხრობაშიც გამოუყენებია.
რუბენ მამულიანის ცხოვრება, რომელიც 90 წელს ითვლის, კინოსა და მისთვის უაღრესად საყვარელი ჟანრის, მიუზიკლის სცენარად გამოდგება. პირველი აქტის დეკორაციებზე ფიქრიც არაა საჭირო. ისინი აქვეა, თბილისის ძველ ქუჩაზე: გვერდიგვერდ ჩამწკრივებული კერძო სახლები, ბებერი ჭადრები, ერთმანეთზე გადაბმული მოჩუქურთმებული აივნები და მთავარი ფონი — თბილისად ქცეული ტფილისი.