თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა №5. სწორედ ამ ეზოსკენ მივდიოდი. მინდოდა მენახა ადგილი, სადაც ოლეგ ბასილაშვილის ომისდროინდელმა ბავშვობამ გაიარა.
მანამდე მოსკოვში შევხვდით, პოკროვკის რაიონში მდებარე ერთოთახიან „კომუნალკაში“ — ოთახში, რაც მსახიობს არქიტექტორი ბაბუის საცხოვრებლიდან დაუტოვეს. ბასილაშვილი აქ მაშინ ჩერდებოდა, როცა პიტერიდან მოსკოვში ჩამოდიოდა გადაღებებზე.
იმ შეხვედრისას ოლეგ ბასილაშვილმა ისე გადამდებად, ისეთ ხასხასა ფერებში დამიხატა თბილისი, სადაც 1941 წელს მამის ფრონტზე წასვლის შემდეგ აღმოჩნდა დედასთან და ბებიასთან ერთად, რომ თავი საქართველოში მეგონა; მეჩვენებოდა, რომ ფანჯრებს მიღმა გრიბოედოვის ქუჩა იყო.
ბასილაშვილის დედამ თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. პირველივე დღეს აცრემლებული დაბრუნდა — თურმე მის ლექციაზე კაციშვილი არ მისულიყო. იფიქრა, საქმე ჩემს ეროვნებაშია, რუს პროფესორთან მეცადინეობა არავის უნდაო. კიდევ კარგი, რექტორმა დაამშვიდა: „აბა, ფანჯარაში გაიხედეთ! თოვლია თბილისში. ვინ მოვიდოდა ასეთ დღეს ლექციაზე?!“ და, მართლაც, ორიოდე დღის შემდეგ აუდიტორიაში სტუდენტები გამოჩნდნენ.
მე კი უნივერსიტეტის გასწვრივ, ვარაზისხევის აყოლებაზე გავლისას ოლეგ ბასილაშვილის ბებია მახსენდება. ოლგა ნიკოლოზის ასული ახლანდელ გმირთა მოედანზე მდებარე სასადილოში დადიოდა. ოდესღაც ეს თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იყო, რომელსაც „თერთმეტსართულიან სახლს“ ეძახდნენ.
ოჯახიდან მხოლოდ ოლეგის დედა მუშაობდა. ბაბუა ნოშრევანი, რომელსაც საშინლად ერცხვინებოდა სხვის კმაყოფაზე ყოფნა, დილაობით სახლის გრძელ აივანზე ცარიელ ღვინის კასრს დაახრიგინებდა. ხმაურზე მეზობლები იღვიძებდნენ, მაგრამ არასდროს არც ერთ მათგანს სიტყვაც არ უთქვამს მოხუცისთვის.
და, აი, აქ ვარ, გრიბოედოვზე. ეზოში შევდივარ. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში აქ ბევრი არაფერი შეცვლილა – იგივე ხის აივნები, რომელზეც მსახიობის ბაბუა კასრებს დააგორებდა, იგივე ციცაბო კიბე, რომელიც ზედა სართულისკენ მიდიოდა, სადაც ევაკუირებულთა ოთახები იყო. ამ კიბით მიდიოდა მომავალი მსახიობის დედა სამსახურში. ის ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარს უჭერდა შვილის სურვილს, არტისტი გამოსულიყო.
მამა, როცა ფრონტიდან დაბრუნდება, რატომღაც წინააღმდეგი იქნება. თუმცა წიგნებზე შეყვარებულ და ზუსტ მეცნიერებებთან საკმაოდ მწყრალად მყოფ ყმაწვილს სხვა მომავალი, ალბათ, ვერც ექნებოდა. ის დღემდე ვერ ივიწყებს კითხვას, რომელიც მათემატიკის გამოცდაზე დაუსვეს: „როგორი დამოკიდებულებაა კათეტსა და ჰიპოტენუზას შორის?“ — „კარგი“, — უპასუხა ოლეგმა… და გამოუშვეს.
ოლეგ ბასილაშვილი შესანიშნავი მთხრობელია. მეორედ მას პიტერში შევხვდი. მის თეატრალურ საგრიმიოროში ვიჯექი და ის კვლავ იხსენებდა თბილისს, დედასა და ბებიას.
ის ერთგული შვილი იყო. როცა ექიმმა თქვა, რომ ირინა სერგეევნას დათვლილი თვეებიღა რჩებოდა, ოლეგმა დედას ჰკითხა, როგორ გინდა ეს დრო გაატარო? ქალს მოსკოვთან ახლოს მდებარე ხოტკოვოში სურდა წასვლა. ოლეგმაც თეატრში შვებულება აიღო და დედასთან ერთად იქ წავიდა.
იმის გამო, რომ არ სურდა დედას წამითაც მოშორებოდა, ბასილაშვილმა უარი თქვა გადაღებაზე მიხალკოვის ფილმში „დაუმთავრებელი პიესა მექანიკური პიანინოსათვის“.
მერე კი ზაფხული მიილია. ოლეგ ბასილაშვილი მომაკვდავ დედასთან იყო საავადმყოფოში. ის უკვე მიდიოდა. ოლეგმა დედის ხელი აიღო და დაინახა, როგორ სწორდებოდა ხელისგულზე სიცოცხლის ხაზები. რამდენიმე წუთში ხელისგული გლუვი გახდა…