სოფი ლორენი: კაბა უნდა ჰგავდეს ეკლიან მავთულს, იცავდეს ქალს და არ ფარავდეს პეიზაჟს

© FL/kate gabrielleშეუდარებელი სოფი ლორენი
შეუდარებელი სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

უკვე მერამდენედ, სამშაბათი დილა განსაკუთრებით მიმართლებს — თქვენც დააკვირდებოდით, ალბათ. ამიტომაც ვერ ვითმენ, თქვენს დიდხანს წვალებასაც არ ვაპირებ და პირდაპირ ვაცხადებ: დღეს ჩვენს აივანს ესტუმრება ლეგენდარული, ნიჭიერი, ღირსეული, მე ვიტყოდი,  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანდილოსანი, რომელსაც ამასთანავე, საოცარი იუმორის გრძნობაც ამკობს.  მაგალითად, ის ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც მიაღწია, არის… სპაგეტის დამსახურება.  მე კი ვფიქრობ, რომ იტალიურ-გასტრონომიული  აქცენტის გათვალისწინებით, თქვენ უკვე მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ  ყველა ძირითადი კინოფესტივალის: კანის, ვენეციის, მოსკოვის, ბერლინის, სან-სებასტიანის საპატიო ჯილდოების მფლობელს, ხუთგზის „ოქროს გლობუსის“ ლაურეატს,  უცხოურ ენაზე შექმნილ ფილმში ქალის საუკეთესო როლისთვის ჯერჯერობით ერთადერთ „ოსკაროსანს“  და  როგორც „მსოფლიო კინემატოგრაფიის საგანძურისთვის“ გადაცემული  საპატიო „ოსკარის“ მფლობელს,  შესანიშნავ და შეუდარებელ  სოფი ლორენს (სოფია შიკოლონეს), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1934 წლის 20 სექტემბერს.

 

© FL/kate gabrielleსოფი ლორენი
სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
სოფი ლორენი

სოფი ლორენის ცხოვრება სულ არ ჰგავდა ზღაპარს კონკიაზე. მან ყველაფერს ცხოვრებაში საკუთარი ძალისხმევითა და დიდი შრომის ფასად  მიაღწია. მამამ დედამისი რომილდა, რომელმაც, სხვათა შორის,  თავის დროზე გრეტა გარბოს ორეულების კონკურსში გაიმარჯვა, სოფის გაჩენამდე მიატოვა. ოჯახს ძალიან უჭირდა და  სოფი იმ დროს იხსენებს, როდესაც მისი ერთადერთი სათამაშო პურისგან გამოძერწილი ფიგურები იყო, რომლებსაც  ის ბოლომდე უფრთხილდებოდა — მანამ,  სანამ შიმშილის გრძნობა არ სძლევდა. ის იზრდებოდა მისი უკანონოდ გაჩენის გამო დაცინვისა და „დაბომბვების“ მუდმივ შიშში.

1949 წელს რომილდამ გაიგო, რომ ნეაპოლში ტარდებოდა სილამაზის კონკურსი „ზღვის დედოფალი“. მან სასწრაფოდ შეუკერა სოფის ძველი ფარდისგან კაბა, გაცვეთილი  ფეხსაცმელი თეთრი საღებავით შეუღება და ისინი  ნეაპოლში გაემგზავრენ. სოფი კონკურსის ფინალში გავიდა და მოიგო „ზღვის პრინცესის“ წოდება, მაგიდის გადასაფარებელი, 23 ათასი იტალიური ლირა (35 დოლარი) და უფასო ბილეთი რომში. 1950 წელს კი სოფიმ  უკვე კონკურსში „მის იტალია“ მიიღო სპეციალურად მისთვის შექმნილი პრიზი „მის ელეგანტობა“  და 25 ათასი ლირა — მთელი 2 ათასი ლირით მეტი, ვიდრე ნეაპოლში.

© FL/ Juliss11საოცარია, მაგრამ ზოგი რეჟისორი გარეგნობას უწუნებდა სოფის — ზოგს მიჩნდა, რომ მას გრძელი ცხვირი ჰქონდა, ზოგის აზრით კი — ზედმეტი წონა
საოცარია, მაგრამ ზოგი რეჟისორი გარეგნობას უწუნებდა სოფის — ზოგს მიჩნდა, რომ მას გრძელი ცხვირი ჰქონდა, ზოგის აზრით კი — ზედმეტი წონა - Sputnik საქართველო
საოცარია, მაგრამ ზოგი რეჟისორი გარეგნობას უწუნებდა სოფის — ზოგს მიჩნდა, რომ მას გრძელი ცხვირი ჰქონდა, ზოგის აზრით კი — ზედმეტი წონა

სწორედ ამ პერიოდში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც სოფი იყო მისული მეგობრებთან ერთად, მან გაიცნო კინოპროდიუსერი, მასზე 22 წლით უფროსი  კარლო პონტი, რომელმაც მასში მაშინვე დაინახა მომავალი კინოვარსკვლავი. კარლომ დაიწყო სოფის ტარება კინოსინჯებზე, მაგრამ რა გასაკვირიც უნდა იყოს, რეჟისორები სოფის გარეგნობას უწუნებდნენ. ზოგს მიჩნდა, რომ მას გრძელი ცხვირი ჰქონდა, ზოგის აზრით კი — ზედმეტი წონა. მას რამდენჯერმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაც კი შესთავაზეს, რაზეც სოფიმ კატეგორიული უარი განაცხადა, რადგანაც არ სურდა დამსგავსებოდა იმ დროისთვის მიღებულ სილამაზის ეტალონს. საბედნიეროდ, მან  გადაწყვიტა შეენარჩუნებინა თავისი ინდივიდუალურობა.

ლესლი ჰორნბი - Sputnik საქართველო
მინი-კაბაში გამოპრანჭული ორშაბათი

კარლო პონტი არ კარგავდა იმედსა და დროს.  ის ასწავლიდა სოფის სიარულს, სწორ და დახვეწილ მეტყველებას, მანერებს, აცნობდა კლასიკურ ლიტერატურას, აზიარებდა სტილისა და მაკიაჟის ხელოვნებას. აქ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მათი ურთიერთობები იმ პერიოდში არ ცდებოდა  მიღებული წესიერების ნორმებს, რომელსაც სოფი ყოველთვის განუხრელად იცავდა. მისი „შებმა“ და შეცდენა შეუძლებელი იყო. ერთხელ იხუმრა კიდეც, როდესაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენ ენას ფლობს, უპასუხა: „მე 12 ენაზე მშვენივრად გამოვთქვამ სიტყვას „არა“ და მიმაჩნია, რომ ქალისთვის ეს სავსებით საკმარისია“.

© FL/ Juliss11კარლო პონტი და სოფი ლორენი ერთად 40 წელზე მეტხანს იყვნენ
კარლო პონტი და სოფი ლორენი ერთად 40 წელზე მეტხანს იყვნენ - Sputnik საქართველო
კარლო პონტი და სოფი ლორენი ერთად 40 წელზე მეტხანს იყვნენ

როგორც იქნა, 1952 წელს, სოფის წილად ხვდა მთავარი როლი ნახევრად დოკუმენტურ ფილმში „აფრიკა ზღვების მიღმა“, რის შემდეგაც მან, პროდუსერ გოლფრედოს რჩევით, გვარი შიკოლონე  ლორენად შეიცვალა… და დაიწყო მისი აღმავლობა კინემატოგრაფიის ოლიმპზე.

პირველი სერიოზული წარმატება მას მოუტანა ვიტორიო დე სიკას ფილმმა „ნეაპოლის ოქრო“. სწორედ დიდმა დე სიკამ შექმნა მსახიობი სოფი ლორენი — ასწავლა მას, გამორჩეულ შეხედულებასთან ერთად, გამორჩეული სამსახიობო ნიჭის გამოვლენაცა და გამოყენებაც. 1954 წელს კი შედგა კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამსახიობო დუეტი  —  ლორენი-მასტროიანი.

© FL/ Tsuru1111მსოფლიოს უდიდესი სამსახიობო დუეტი: მარჩელო მასტორიანი და სოფი ლორენი
მსოფლიოს უდიდესი სამსახიობო დუეტი: მარჩელო მასტორიანი და სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს უდიდესი სამსახიობო დუეტი: მარჩელო მასტორიანი და სოფი ლორენი

ცოტა ხანში სოფი ლორენი  ჰოლივუდშიც მიიწვიეს, სადაც მას შესთავაზეს მთავარი როლი ფილმში „სიამაყე და ვნება“, რომელშიც მას პარტნიორობას უწევდა ცნობილი მსახიობი კერი გრანტი.  კერის სოფი პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა და, როგორც იტყვიან,  გასაქანს არ აძლევდა. ამ დროს კი სოფი ლორენს უკვე რომანი ჰქონდა კარლო პონტისთან, რომელიც მას სიყვარულს ეფიცებოდა, ოჯახს კი ვერ ტოვებდა. სოფის ცხოვრებაში გრანტის გამოჩენა იყო სწორედ ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც კარლო პონტის საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა. ის სასწრაფოდ გაემგზავრა მექსიკაში — რადგანაც მაშინდელი იტალიური კანონებით განქორწინება  შეუძლებელი იყო —  გააფორმა განქორწინება და იქვე იქორწინა სოფიზე, ოღონდ… მინდობილობით. ამ დროს სოფი იმყოფებოდა ჰოლივუდში, გადასაღებ მოედანზე, სადაც სცენარის მიხდვით, გრანტს  მიჰყვებოდა ცოლად.

ლეგენდარული სოფი ლორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერას დაესწრო - Sputnik საქართველო
ლეგენდარული სოფი ლორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერას დაესწრო

სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ საოცარი ცხოვრება განვლეს. მათ დევნიდნენ. ერთი პერიოდი ისინი იტალიაში ვერც კი ჩადიოდნენ,  რადგანაც პონტის ორცოლიანობაში ედებოდა ბრალი, რაც კანონით ისჯებოდა. შემდეგ კარლო აიძულეს სოფისთან ქორწინება არაკანონიერად ეღიარებინა. თუმცა მან შეძლო გარიგებოდა ყოფილ მეუღლეს, რომელმაც დათმო პოზიციები მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარლო მას, პირადად პრეზიდენტ პომპიდუს მეშვეობით, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 

სოფი და კარლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებებზეც კი ვერ ჩნდებოდნენ ერთად. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყველას უკვირდა ის, თუ როგორ შეინარჩუნა სოფიმ ასეთი ღრმა გრძნობა საყვარელი ადამიანის მიმართ. მიუხედავად საოცარი მომხიბვლელობისა და ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ მსახიობებთან კინემატოგრაფიული დუეტებისა და „რომანებისა“, ვერავინ ვერც ერთხელ ვერ დაადანაშაულა ის იმაში, რომ მან კარლო პონტის ერთგულება არ შეუნარჩუნა.

კარლო პონტისა და სოფი ლორენის ოფიციალური ქორწინება შედგა 1966 წლის 9 აპრილს და ისინი ერთად 40 წელზე მეტხანს იყვნენ.

© FL/ kate gabrielleკერი გრანტი, რომელსაც სოფი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა
კერი გრანტი, რომელსაც სოფი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა - Sputnik საქართველო
კერი გრანტი, რომელსაც სოფი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა

ყველას გვახსოვს საოცარი სოფი ლორენის ვიზიტი თბილისში. ის ისევ შეუდარებელია. ჩნდება გრძნობა, რომ დრომ მის წინაშე უკან დაიხია.

ძალიან გამიხარდა, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა ჩვენი საყვარელი სერგო ზაქარიაძე და მასთან მოსკოვში გასეირნების ეპიზოდები. მე კი გამახსენდა ბატონი სერგო ზაქარიაძის მოგონება სოფი ლორენზე. მან მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც მსახიობებმა ერთმანეთი კინოფესტივალზე გაიცნეს, აღნიშნა, რომ სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ მე მითამაშია ისეთ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი, ისინი კი არც სილამაზით, არც ნიჭიერებით ტოლს არ უდებენ იტალიელ მსახიობსო.

ასე რომ, ქართველო მანდილოსნებო, ეს კომპლიმენტი თქვენ და ქართველო მამაკაცებო, დაგვაფასეთ და გაგვიფრთხილდით!

ახლა კი,  გაგანდობთ იმ საიდუმლოს, რასაც ვერსად ვერ ამოიკითხავთ და გაგონილი მაქვს პირადად რუსი მსახიობის, ნადეჟდა ჩერედნიჩენკოსგან, რომელსაც სოფი ლორენთან ერთად იღებდნენ  ფილმში „მზესუმზირები“. მან მე და დედას გვიამბო,  რომ სოფი, რომელიც საოცრად მოხიბვლელია როგორც ქალი და დიდებული ადამიანიცაა, იღვიძებს დილის 6 საათზე, იკეთებს მასაჟს და უზმოზე აუცილებლად მიირთმეს ერთ ცალ დიდ ანანასს. რაც შეეხება სპაგეტის, რის უზომო სიყვარულშიც სოფის ბრალს სდებენ საინფორმაციო საშუალებები, ნადეჟდა იფიცებდა, რომ არცერთხელ არ უნახავს, სოფის რომ მაკარონი, მათ შორის „სპაგეტიც“ მოეთხოვოს.

ასე რომ, ჩვენც სჯობს მაკარონის ნაცვლად  ნაკლებად კალორიული საკვები მივირთვათ, მაგალითად, იგივე ანანასი, რადგანაც, სოფი ლორენის თქმის არ იყოს:

„ნებისმიერ ასაკში, სილამაზე არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს!“

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0