ძალიან დილა მშვიდობისა!
ასეთი მხიარული და ხალისიანი ორშაბათი ჯერ არ შემხვედრია. პირველ რიგში, იმიტომ რომ დღეს წვენების საერთაშორისო დღეა. ასე რომ, ჩვენი აივანი ლამისაა ჩაიზნიქოს სინებისგან, რომლებზეც ლამაზად და მოხდენილად არის დალაგებული მაღალი ჭიქები კომშის, ვაშლის, ატმის, ფეიხოას, მარწყვის, ფორთოხლისა და ბროწეულის ჩაცივებული წვენებით. ვერავის გამოვარჩევ, მაგრამ ამ სტატუსს ვინც პირველი წაიკითხავს, პრივილეგიას მივანიჭებ — გაგიმხელთ, რომ ყველაზე გემრიელი ადესის წვენია, რომელსაც ყოველწლიურად ჩემი საოცარი მეზობელი ციცო მჩუქნის ხოლმე, თუმცა რეცეპტს ცოცხალი თავით არ მიზიარებს.
გარდა ამისა, დღეს მეკობრეებისთვის საუბარში მიბაძვის საერთაშორისო დღეცაა (International Talk Like A Pirate Day). აი ეს დღესასწაულიც თუ არსებობდა, გუშინ გავიგე მხოლოდ. სამწუხაროდ, მეკობრეები როგორ საუბრობენ, ნამდვილად არ ვიცი, რადგანაც ჯერ არ ჩავუგდივარ ტყვედ. ამიტომ ყველაზე დიდი, რაც მათ საპატივისცემულოდ შემიძლია, ცალი თვალი ავიხვიო სილვერივით „განძეულთა კუნძულიდან“, თანაც ცოტა ვკოჭლობ და მეტი რაღა უნდათ?!
ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი სტუმარი კი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი მანეკენი, მსახიობი და მომღერალი ლესლი ჰორნბი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1949 წლის 19 სექტემბერს.
ლესლი იმდენად მინიატურული, ტანწერწეტა და თხელია, რომ მას მთელ მსოფლიოში იცნობენ როგორც „თვიგის“ (Twiggy), რაც თარგმანში ნიშნავს ჩალის ღეროს.
თვიგი მაღალი მოდის ისტორიაში პირველი სუპერმოდელია, რომლის იმდროინდელ პორტფილიოს ვერც კი შეედრება თანამედროვე სუპერმოდელების, მათ შორის, ნაომი კემპბელის, სინდი კროუფორდისა და კლაუდია შიფერის პორტფილიოები. მისი სიმაღლე სულ 167 სმ-ს შეადგენდა, რაც სუპერმოდელის ნორმებში მაშინაც კი არ ჯდებოდა. რაც შეეხება წონას, ის დღემდე უცვლელია: 45კილოგრამი.
თვიგი აცხადებს, რომ არასდროს არავითარი დიეტა არ დაუცავს. თუმცა ხალხში გავრცელებული ჭორების თანახმად, ის ფორთოხლის წვენში გავლებულ ბამბის ბურთულებს ყლაპავდა და ამიტომაც ვერ გრძნობდა შიმშილს.
და რაც მთავარია, სწორედ თვიგი იყო ის ქალბატონი, ვინც პირველმა მოახდინა მინი-კაბის პოპულარიზაცია. ის პირველი გავიდა მინი-კაბაში პოდიუმზე. ეს რომ ბებიაჩემ ალექსანდრა ბარათაშვილს გაეგო, თვიგი ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა, რადგანაც ყველაფერში მიმტევებელი ბებია, ერთადერთს, რასაც ვერ იტანდა, იყო მინი-კაბები და ეს იყო ჩვენი დაუსრულებელი კამათების თემა.
ერთხელ, მახსოვს, უკვე ძალიან რომ მოხუცდა — 96 წლისა გახდა, მხედველობა დაუქვეითდა და მის სანახავად მინი-კაბით მივედი. გამოცვლა ვერ მოვასწარი და ვიფიქრე, იქნებ ვერ შეამჩნიოს-მეთქი. დიდხანს ვჭორაობდით, გავარჩიეთ ყველა აქტუალური საკითხი, დიდი პოლიტიკით დაწყებული, ნათესავებით დამთავრებული. თანაც მითხრა, ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ სილუეტებს ვარჩევ, ხალხს მხოლოდ ხმით ვცნობო. წამოსვლის წინ კი, მის საკოცნელად რომ დავიხარე, ყურში ჩამჩურჩულა: რამდენჯერ გთხოვე, ბებია, მოკლე კაბას ნუ იცვამო.
სხვათა შორის, მინი-კაბების დაუძინებელი მტერი გახლდათ ძალიან პროგრესული კოკო შანელიც, რომელიც ამბობდა, რომ ქალის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ულამაზო ზონა სწორედ მუხლის თავია, რომლის გამოჩენაც დიდ რისკთან ყოფილა დაკავშირებული…
ლესლი ჰონბრი იყო თოჯინა ბარბის პირველი ცოცხალი პროტოტიპი, რომელსაც 1967 წელს სწორედ მისი ხათრით ჰქონდა ბიჭურად შეკრეჭილი ქერა თმები, უზარმაზარი თვალები, ეცვა ზოლიანი მინი-კაბა და ყვითელი ფეხსაცმელი. მხოლოდ ლესლის შემდეგ გამოუშვეს მერლინ მონროს, ელიზაბეტ ტეილორის, შერის და ა.შ. ორეული-ბარბები.
ლესლიმ საკუთარი ბრენდიც შექმნა. მისი სახე იყო გამოსახული ყველგან: ცნობილი ჟურნალების ყდებზე,საკვებ პროდუქტებზე, კაბებზე, ნაქსოვ ნაწარმზე, საქსოვ მანქანებზეც კი. ფირმა Yardley of London-მა ლესლის სახელობის ხელოვნური წამწამებიც კი გამოუშვა.
1970 წელს ლესლიმ, რომელიც კარიერის პიკზე იყო, ყველასგან მოულოდნელად განაცხადა, რომ ასრულებს მოდელის კარიერას. უკვე 1971 წელს კი მან ორი „ოქროს გლობუსი“ მიიღო. ერთი მიუზიკლ „ბოიფრენდში“ მონაწილეობისთვის, მეორე — პიგმალიონში“ ელიზა დულითლის სცენაზე შექმნილი როლისთვის. იმავე წელს გამოვიდა თვიგის პირველი სოლო ალბომიც. ის დღემდე აგრძელებს მომღერლისა და ტელეწამყვანის აქტიურ კარიერას.
Równo 50 lat temu Twiggy (Lesley Hornby) została wybrana najpiękniejszą modelką świata. Jest na tt: @twiggy pic.twitter.com/P8HNO7X6zB
— miejsce Chwila (@miejsceChwila) August 9, 2016
ლესლი, რომელსაც დღეს საკამოდ სოლიდურ ასაკშია და ფილოსოფიურად უყურებს სიბერის გარდაუვალობას, მაინც მიიჩნევს, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში უნდა რჩებოდს ქალად და 50 წლიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ „სასაფლაოსკენ გახედვები და სუდარისთვის თეთრი ზეწრების გამზადება დაიწყოს“, უნდა კვირაში ორჯერ იაროს ტრენაჟორებზე და აუცილებლად ცეკვებზე (უმჯობესია „ჩეჩოტკაზე“).
სხვათა შორის, თვიგიმ წიგნიც კი დაწერა სახელწოდებით „როგორ გამოვიყურებოდეთ შესანიშნავად 40 წლის შემდეგ“.
ასეთია საოცარი, ნიჭიერი, უშიშარი, მშვენიერი თვიგი, რომელმაც შექმნა 70-იანი წლების ქალის ერთგვარი სიმბოლო — გოგონა მოზარდი და ამავე დროს პოპულარული გახადა საკმაოდ გამომწვევი მოდა მინი-კაბაზე.
ძალიან მომწონს მისი გამონათქვამი:
„მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რადგანაც უნიკალური გზა გავიარე. მე არავისგან არ განვსხვავდებოდი. უბრალოდ, ცოტა იღბალი მქონდა და ბევრს ვმუშაობდი“.
მე კი, პირიქით, გისურვებთ ძალიან იღბლიან, წარმატებულ, ლამაზ დღეს და… ცოტა თქვენც იმუშავეთ!
ლელა ანჯაფარიძე