ძალიან დილა მშვიდობისა!
ამბობენ, ზღვაზე ყოფნის შემდეგ, ზღვაში და ზღვის ჰაერში იოდის ჭარბი რაოდენობის გამო, ადამიანი ცოტა ხნით მაინც ბრძენდებაო. ჰოდა, დღეს რაღაც გლობალურ საკითხებზე საუბრის ხასიათზე დავდექი და თქვენც მინდა მოგიწვიოთ უგემრიელეს ჩაიზე, აჭარიდან ჩამოტანილი ფახლავითა და „იდეებ რა ვუყოთი“.
საქმე კი ისაა, რომ ზუსტად ამ დღეს, 2010 წლის 14 სექტემბერს, საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით (246 ხმა 1-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავდა. კერძოდ, ახალი კანონი ეხებოდა მუსლიმ ქალებს, რომლებიც სახეს ნიქაბით ან ჩადრით იფარავენ. აღნიშნულ კანონს, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა 2011 წლიდან, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათ შორის ადამიანთა უფლებების ცნობილი დამცველებიც იყვნენ. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატმა, იემენელმა თავაკულ კარმანმა განაცხადა, რომ ის ტანისამოსი, რომელიც მას ფარავს, ცივილიზაციის უმაღლესი მიღწევაა და რეგრესი არის სწორედ ტანისამოსის გახდა და დაბრუნება ძველ ეპოქაში, როდესაც ადამიანები ტანისამოსს საერთოდ არ ატარებდნენ (თითქოს კანონპროექტი ვინმეს თანზე ახევდა ტანსაცმელს). საინტერესოა, რომ აღნიშნულ კანონპრპექტს განსაკუთრებით აკრიტიკებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი.
ამ დროს, საფრანგეთში მცხოვრები 5 მილიონი მუსლიმანიდან მხოლოდ 2000 მანდილოსანი ატარებდა ნიქაბსა და ჩადრს, რადგანაც შარიათი მუსლიმი ქალებისგან მხოლოდ ჰიჯაბის ტარებას მოითხოვს.
ახლა კი გავერკვიოთ, რა განსხვავებაა ამ იდუმალებით სავსე აღმოსავლურ ჩაცმულობებს შორის.
ჰიჯაბი გახლავთ კოსტუმი, რომელიც ფარავს ტანს, თმას, ყელსა და ყურებს, მაგრამ არა სახეს. აშშ-სა და ევროპაში კი ჰიჯაბად მოიხსენიებენ თავზე მოხვეულ ნაჭერს, რომელიც სახეს და თვალებს ღიად ტოვებს.
ნიქაბი წარმოადგენს თავსაფარს, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს და ტოვებს მხოლოდ ვიწრო ხვრელებს თვალებისთვის.
ფარანჯა კი ქალის ხალათია, გრძელი სახელოებით, რომელსაც აქვს სახეზე ასაფარებელი ბადე (ჩაჩვანი). სწორედ ფარანჯაში იყო გამოწყობილი ცნობილ ფილმ „უდაბნოს თეთრ მზეში“ კახი კავსაძის (აბდულა) ჰარემის უმცროსი მეუღლე გიულჩიტაი, რომელსაც პეტრუხა მთელი ფილმის განმავლობაში სახის გამოჩენას თხოვდა. საწყალმა პეტრუხამ ნამდვილად არ იცოდა, რომ მისი წინადადება ისეთივე გამომწვევი იყო, როგორც მის საყვარელ რუსეთში უცნობი ქალისთვის რუსული, წითელი მამლებით დაქარგული სარაფნის გახდა რომ შეეთავაზებინათ.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში 1975 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვას ჩადრის ან მოტოციკლეტის მუზარადის მეშვეობითაც კი.
ლატვიაშიც მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით აიკრძალება სახის დაფარვა და ეს აკრძალვა, ნიქაბებისა და ჩადრების გარდა, შეეხება სახეზე გაკეთებულ ნებისმიერ ნიღაბს. ანუ, ამ შემთხვევაში, რელიგიური შემადგენელი არაფერ შუაშია.
ახლა კი მინდა გადავიდე მთავარზე. ჯერ ერთი, რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანს ჰქონდეს ღია სახე და განსაკუთრებით კი თვალები. სწორედ სახე და თვალები გამოხატავს ემოციებს, განწყობას, განზრახვებს, თორემ არავის არა აქვს რაიმე გართულება გრძელ ტანისამოსზე ან თავის დაფარვაზე.
მეორეც: საერთოდ, როდესაც სტუმრად მიდიხარ, ცოტა ხნითაც კი, ხომ ითვალისწინებ მასპინძლის სახლში არსებულ ადათ-ჩვევებს, რადგანაც მას პატივს სცემ? ასე რომ არ იყოს, მე, მაგალითად, ყველგან ჩემი ძაღლით ვივლიდი. მაგრამ ყველა ჩემსავით ხომ არ გიჟდება ლაბრადორზე? რომ გიჟდებოდეს, ხომ ეყოლებოდა თავისი?
რა თქმა უნდა, პირიქითაც არის: როდესაც შენთან მოდის სტუმარი, შენც ცდილობ ასიამოვნო და შესაძლოა, შეიქმნა რაღაცა დისკომფორტიც კი მის გამო, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. მაგალითად, არ მისცე შენს ძაღლს უფლება, ბოლომდე გამოავლინოს, რამდენად გახარებულია სტუმრის მოსვლით. ხომ შეიძლება, ვინმეს არ სიამოვნებდეს, ამხელა ლაბრადორის მხრიდან ამხელა სიყვარულის გამოვლენა?
იტყვით, ალბათ, რას გადაეკიდაო ამ ძაღლს, მაგრამ ყველაფერი სერიოზულის ახსნა უბრალო მაგალითებზე უფრო ადვილია და, სხვათა შორის, შედეგიანიც.
ასე რომ, ჩემო ბატონო, სტუმრად და თანაც დიდი ხნით რომ ხარ ჩამობრძანებული, უნდა გაიარო გარკვეული ასიმილაცია.
საქართველო მსოფლიოში ცნობილია თავისი ტოლერანტობითა და სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს: რა სოფელშიც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაიჩაგრო, ან დაკარგო საკუთარი კულტურა, ენა, ტრადიციები…
უამრავია იმის მაგალითი, როდესაც ემიგრანტებში ყველაზე მეტად ინახებოდა ეროვნული ღირსება და თვისებები. უფრო მეტიც, ისინი უხვად გასცემდნენ თავის გამოცდილებას და ხშირად მათი კულტურა ამდიდრებდა იმ ქვეყნის საუნჯეს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, რადგანაც ადამიანებს გააჩნიათ შესანიშნავი თვისება — თანაცხოვრების ნიჭი, რომელიც, პირველ რიგში, ნიშნავს გარკვეულ კომპრომისსა და მიმტევებლობას ერთმანეთის მიმართ.
თანაარსებობა კიდევ სხვაა, თანაცხოვრება ურთიერთობების გაცილებით მაღალი საფეხურია.
მაგალითისთვის ერთ რამეს ვიტყოდი: ჩემი დედიკო 27 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში. ჩემთან ერთად, დედა-ენით ისწავლა ქართული ენა, რამდენიმე წელიწადში უკვე წერდა და კითხულობდა ქართულად, უფროს კლასებში კი ქართულ თემებსაც „მისწორებდა“. აქ ენის სწავლის ნიჭი არაფერ შუაშია — ის ბოლომდე ძალიან სასაცილო შეცდომებს უშვებდა. უბრალოდ, იმ ქართული ანდაზისა არ იყოს, „სოფლის ქუდი“ თავზე მხოლოდ კი არ უნდა დაიხურო, გემრიელადაც უნდა მოირგო და ეს ასე მაშინ ხდება ხოლმე, როცა ქუდიც გიყვარდება და სოფელიც.
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე