დღეს უნდა გესაუბროთ ერთ მეტად გლობალურ თემაზე… კერძოდ კი, მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის პრიზმაში, ბირთვული იარაღის გამოცდებზე, რომლებიც მეტად სავალალო შედეგების მომტანია ჩვენი პლანეტის ეკოლოგიისათვის…
ხომ შეგაშინეთ? იმედია, მიმიხვდით, რომ ვხუმრობ… თუმცა, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში მხოლოდ მცირედი წილია ხუმრობის… ანუ, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, მაინც უნდა შევეხო აშშ-ის მიერ 1946 წლის ზაფხულში წყნარი ოკეანის ბიკინის კუნძულებზე ჩატარებული ბირთვული იარაღის გამოცდას, რადგან სწორედ ამ აფეთქების ადგილის სახელი — „ბიკინი“ დაერქვა ცნობილ საზღვაო კოსტიუმს, რომლის პირველი დემონსტრირება მოხდა ზუსტად დღევანდელ დღეს, 1946 წლის 5 ივლისს… ანუ, დღეს „ბიკინი“ 70 წლის ხდება!
კოსტიუმის შემქმნელი გახლდათ ფრანგი მოდელიერი ლუი რეარდი, რომელმაც ასე ახსნა სახელწოდება „ბიკინი“: „როგორც ატომური აფეთქების დროს იშლება ბირთვი, ასე დაიშალა საზღვაო კოსტიუმი 4 სამკუთხედად“…
წარმოიდგინეთ რომ ასეთი რეკლამის მიუხედავად ლუის ძალიან გაუჭირდა მოეძებნა მანდილოსანი, რომელიც ბიკინის დემონსტრირებას დათანხმდებოდა. ყველა ცნობილმა მოდელმა კატეგორიული უარი განაცხადა… ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა პარიზის პოპულარული კლუბის Casino de Paris-ის მოცეკვავე მიშელინ ბერნანდინი, რომელიც პირველი წარდგა „ბიკინიში“ გაოცებული და ერთდროულად აღფრთოვანებული საზოგადოების წინაშე…
სხვათა შორის, ამ ჩვენების შემდეგ მიშელინმა 50 ათასზე მეტი საქორწინო წინადადება მიიღო მსოფლიოს ყველა კუთხიდან… არსებული ინფორმაციით (მე ხომ ბოლომდე უნდა გამოვიკვლიო ყველაფერი), 1947 წელს მიშელინი საცხოვრებლად გადავიდა ავსტრალიაში, სადაც მუშაობდა ტრივოლის თეატრში. შემდეგ ცოლად გაჰყვა ამერიკელ სამხედროს და აშშ-ში გადაინაცვლა, სადაც 1970 წლამდე მსახიობად მუშაობდა. სამწუხაროდ, ამ ადგილზე მისი კვალი ინტერნეტში იკარგება… სვანივით… მე კი წარმომიდგენია, რომ ის დღეს არის ცხოვრებისმოყვარული და მხიარული ბებია, რომელიც თავის შვილიშვილს ტანგას ჩაცმას უშლის… ბებიებმა ასე ვიცით ხოლმე, ვითომ ბავშვობაში თვითონ სულ სამაგალითოდ ვიქცეოდით…
„ბიკინის“ წარმატების მიუხედავად, მთელი 10 წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ის ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში შემოსულიყო. მის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს მშვენიერმა ქალბატონებმა მერლინ მონრომ და ბრიჯიტ ბარდომ. ამბობენ, რომ 1956 წელს როჟე ვადიმის ცნობილი ფილმის „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სადაც ბრიჯიდ ბარდო ყვავილებიან ბიკინიში გამოწყობილი გამოჩნდა, ბიკინის გაყიდვებმა მსოფლიოს ცნობილ სავაჭრო ცენტრებში მაქსიმუმს მიაღწია…
რაც შეეხება ჩემს ახალგაზრდობას, ძალიან კარგად მახსოვს, რომ პირველად ზემოხსენებულ საზღვაო „კუპალნიკში“ სოხუმის პლაჟზე გასვლა რომ გავბედე, იმხელა პირსახოცი მქონდა შემოხვეული, მის ქვეშ რა მეცვა, მაინც არ ჩანდა… და მთელი ერთი კვირა დამჭირდა, სანამ მივხვდებოდი, რომ პირსახოცში მუმიასავით შეფუთული უფრო ვხვდებოდი ყურადღების ცენტრში, ვიდრე „ბიკინიანი“…
სხვათა შორის, დღეს ბიკინის უამრავი სახესხვაობა არსებობს, მაგალითად:
„ტანკინი“ — ეს არის იგივე ბიკინი, მაგრამ ზედა ნაწილის 2 სამკუთხედს მთლიანი ნაჭერი (ტოპი) ცვლის.
„მანკინი“ — არის მამაკაცის „ბიკინი“, რომელიც ოფიციალურად შესულია პრესტიჟული ინგლისური ლექსიკონის Collins English Dictionary-ს ახალ გამოშვებაში.
„ბურკინი“ კი სპეციალური საზღვაო კოსტიუმია მუსულმანი ქალებისთვის… რომელიც პასუხობს შირიათის ყველა ნორმას, ჩამოჰგავს პიჟამოს და თავზე კაპიუშონიც კი მოჰყვება… სამაგიეროდ, მუსულმანი ქალების მოთხოვნით „ბიკინების“ კატეგორიაში შედის და მაღაზიების შესაბამის განყოფილებაშიც იყიდება.
კიდევ არსებობს „მიკროკინი“ და „სლინგ ბიკინი“, მაგრამ მათი დახასიათება გამიჭირდება – ბოლო პერიოდში ცოტა მხედველობა დამიქვეითდა და მათში გამოწყობილ ქალბატონებს საერთოდ თუ რამე აცვიათ და მით უმეტეს ეს ორი „რამე“ ერთმანეთისგან რითი განსხვავდება, ვერ გავარჩიე…
ისე კი, ბოლოს ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გამოვთქვა: რა თქმა უნდა, ყველაფერში ზომაა საჭირო და ქალი, რა ლამაზიც და ტანადიც არ უნდა იყოს, მაინც ყოველთვის უნდა იტოვებდეს თავის პატარა საიდუმლოებას…
გისურვებთ ძალიან ლამაზ, ბედნიერ და წარმატებულ დღეს!