თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა ქალებს ლაჟვარდოვან სანაპიროზე ბურკინების ტარება აუკრძალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ „გარდიანზე“ დაყრდნობით.
ბურკინი — მთლიანად დახურული საცურაო კოსტიუმია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შარიათის მოთხოვნებს ქალის სამოსისადმი.
გავრცელებული ინფორმაციით, მერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც პლაჟებზე შესვლას უკრძალავს ყველა იმ პირს, რომელსაც არ ექნება „სეკულარიზმის პრინციპებისა და მორალური სტანდარტების შესაბამისი“ საცურაო კოსტიუმი.
„პლაჟის სამოსმა, რომელიც დემონსტრაციულად წარმოაჩენს რელიგიურ კუთვნილებას მაშინ, როცა საფრანგეთი ტერორისტული შეტევების სამიზნეა, შესაძლოა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიოს“, — ნათქვამია კანის მერის ბრძანებაში.
მანამდე საფრანგეთის ქალაქ ლე-პენ-მირაბოს ხელმძღვანელობამ გააუქმა ღონისძიება, რომელიც აკვაპარკში Speed Water იყო დაგეგმილი და რომელსაც მხოლოდ ბურკინებში გამოწყობილი მუსლიმი ქალები და მათი შვილები უნდა დასწრებოდნენ.
ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება „ვითარების სტაბილიზაციის“ მიზნით მიიღეს მას შემდეგ, რაც ღონისძიების ორგანიზატორების, კომპანია Smile 13-ის მიმართ საზოგადოებამ ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება და მუქარაც კი გაისმა.
კომპანიის ხელმძღვანელობამ ისიც კი განაცხადა, რომ თანამშრომლებს მუქარის შემცველი წერილებიც მოსდიოდათ, რომელთაგან ერთ-ერთში ტყვიები ეწყო.
2011 წლის აპრილში საფრანგეთში მუსლიმური ფარანჯის ტარება აიკრძალა, რომელიც მთლიანად ფარავს ქალის სახეს. ფრანგული კანონით, ამ სამოსის ჩაცმა საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია, ხოლო შინ, სასტუმროს ნომერში, დახურულ შენობებსა თუ სხვა ამგვარ ადგილებში ფარანჯის ჩაცმა ნებადართულია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი 2014 წელს სამართლიანად სცნო.