03:27 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ავღანეთი, ხედი ქაბულზე

ავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

© Sputnik/ Alexander Grashenkov
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
3493527415

პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: "მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი.

ვინ იყო გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? ისტორია გვამცნობს, რომ იგი ქართლის გვირგვინოსანი მეფე, ვახტანგ მეხუთეს ძე, გურგენ-ხანად წოდებული ქართლისა და ირანის სპასალარი, გიორგი მეთერთმეტეა. ქართველ მეფეს ბედმა და გარემოებამ არ დააცადა, თავისი ნიჭი და ძალა სამშობლოს ხსნისთვის გამოეყენებინა და იძულებული გახდა, დამმონებლის – სპარსეთის მთავარსარდლობა მიეღო.

ირანის მბრძანებელმა, შაჰ-სულთან ჰუსეინმა ქართლის ნომინალურ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა და ბოლოს აიძულა ისლამიც მიეღო. გიორგი მეთერთმეტემ მაჰმადიანობა მხოლოდ მტრის თვალის ასახვევად მიიღო, გულზე კი ისევ ქრისტეს ჯვარი ეკიდა. შაჰმა მას ირანის სამხრეთ პროვინცია – ქირმანი ჩააბარა და აჯანყებული მომთაბარე ტომების – ბელუჯებისა და ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა.

მეფე გიორგი XI
მეფე გიორგი XI

ქართლის მეფემ 14 წელი გაატარა უცხო ქვეყანაში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის მისი თანამედროვე და თანამებრძოლი სეხნია ჩხეიძე, რომელიც წერდა: „უბოძა ყაენმან შაჰსულთან ჰუსეინ მეფე გიორგის ქართლი და ერანის სპასალარობა, ყანდაარის ბეგლარბეგობა…რა გაეწყობოდა: შეგვექნა სიხარული ქართლის შოვნისათვის, მაგრამ ყანდაარს წასვლისთვის მოწყენა“. 1703 წელს მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24-ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო მათი ბელადი მირვეისი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. თანაც შაჰს შეუთვალა: „ესე სულთანი უარშიობს, უნდა არევა ამა ქვეყნისა, ნუღარ გამოუშვებთ თვარამ ერთს რასმე მოახდენს". გიორგიმ დატყვევებულ მირვეისთან ერთად ყიზილბაშთა 20-ათასიანი ლაშქარიც გაგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა.

აჯანყებულ ავღანელებთან ომის მთელი სიმძიმე ქართველებს დააწვათ მხრებზე, რადგან გიორგი მეფის მტრებმა ისპაჰანში აჯანყებულთა მეთაური მირვეისი შაჰს, უკან, ავღანეთში დააბრუნებინეს. ბრძოლის ველზე ქართველების მიერ არაერთგზის ძლეულმა მირვეისმა მუხანათობით მაინც გაიმარჯვა. 1709 წელს მან ყანდაარის სიახლოვეს რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო, გიორგი მეფემ აჯანყებულთა დასასჯელად ქართველთა 3-ათასკაციანი ჯარი გაგზავნა თავისი ძმისწულის ალექსანდრეს მეთაურობით. თავად კი მირვეისის მიერ მის პატივსაცემად გაშლილ სუფრაზე მცირერიცხოვანი ამალით გაემგზავრა. მაგრამ — „უღალატა მეფეს გიორგის ყანდაარის სულთანმა მირვეისმა, მოუხდა განთიადსა, დაესხა თავსა. რა სცნა მეფემან, ედვა ქარქაში სარჩისა გვერდას მისსა, გაიკრა ხელი, თავმან მისმან, სანამდის ისარი ჰქონდა არც ერთი არ დააცდინა, რა ისარი დაელია, გაიკრა ხმალსა ხელი, როგორც დევი ისე იბრძოდა, ჰკრეს თოფი ამა მორჭმა დიდების პატრონსა და მოკლეს, ვინცა ქართველნი დარჩომილ იყო ამოსწყვიტეს“. უცნაურია, მაგრამ თავად მკვლელმა მირვეისმა თანამემამულეებს ასე მიმართა: „ის იყო ერთადერთი კაცი ირანელთა შორის, რომელმაც ღირსეული მეომრის სახელი დაიმსახურა“.

მეფე გიორგის ქრისტიანობის ერთგულება დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს მტრებმა. როგორც ირანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ და ვახუშტი ბატონიშვილიც მოგვითხრობს: „მოკლეს მეფე გიორგი დიდსა ხუთშაბათსა და აჰყარნა ჯვარნი მეფესა, მირვეის და ფსალმუნი, რომელსაცა იკითხვიდა ჟამსა მას და წარმოუგზავნა ყეენსა“.

ცოცხლად დარჩენილ ქართველებს კი მირვეისმა 12-ათასიანი ლაშქარი დაუპირისპირა: „დაუწყეს უკან დევნა და ომი ფიცხელი, თორმეტჯერ ქართველთ გაემარჯვა, მოკლეს იმათი ჯარი ორი ათასი და შეწევნითა ღუთისათა ამათ არა რა ევნოთ“.

ამის შემდეგ ქართველთა საომარი ეპოპეა ავღანეთში კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა, რასაც არაერთი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. სამაგიეროდ სპარსელებმა ავღანეთში მეომარი ქართველების ღალატისთვის სულ მალე საკუთარი სისხლით აგეს პასუხი, როდესაც მირვეისის მემკვიდრეებმა ისპაჰანი აიღეს და უმოწყალოდ ამოჟლიტეს ოდესღაც ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიის სატახტო ქალაქის მოსახლეობა.

ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი: „ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით ცხვრები. ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებით“.

ახლა, მცირე ხნით ჩვენ დროში გადმოვინაცვლოთ. 90-იანი წლების ბოლოს გავიცანი განერალ-მაიორი თენგიზ ეპიტაშვილი. მასთან აგარაკზე სტუმრობისას კი ეს საოცარი იტორიაც მოვისმინე, რომელიც მის წიგნში იმდენად კარგად არის აღწერილი, რომ უმჯობესია მისი შემოკლებული ვერსია შემოგთავაზოთ:

„…ავღანეთის ომის დროს დიდხანს ვიბრძოდი ყანდაგარის ჭიშკართან. მოწინააღმდეგეც შესაფერისი მყავდა – მოლა მოჰამედ ომარი – სოფლის მოლა, რომელიც მოგვიანებით მრისხანე საველე მეთაური გახდა. 10 წელიწადს გვეომებოდა, ომარის ხელმძღვანელობით მოჯაჰედები გააფთრებული გვებრძოდნენ. თითქმის ყველა აული, ყველა სახლი ციხე-სიმაგრედ იყო გადაქცეული. ჩემს გაოცებას დღესაც იწვევს ის, ამ სამხედროწვრთნაგაუვლელ, ფეხშიშველა ხალხს საიდან ჰქონდა ამხელა გამოცდილება. აქვე  შევიტყვე გიორგი მეთერთმეტეს საფლავის არსებობის შესახებ და მოსვენება დავკარგე. ბრწყინვალე მეფის, სწორუპოვარი მეომრის ბედი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას შევადარე და აღმოვაჩინე… რომ იყო რაღაც, რაც გვაერთიანებდა. დიდებული მხედართმთავარი, ისიც  თავისი ნების საწინააღმდეგოდ იბრძოდა უცხო მხარეში. განგებამ ინება, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩენილიყო როგორც ტრიუმფალური ქართლის მეფე, რომლის გამარჯვებასაც დამარცხებულმა ავღანელმა ხალხმა მარადიული ძეგლი აუგო.

დიდი სურვილი მკლავდა, მუხლი მომეყარა გურჯი გიორგის სახელით დამშვენებული სვეტისა და საფლავის წინაშე, მაგრამ ვერ ვიღებდით ყანდაგარს, ვერაფრით წავიწიეთ წინ, თითქმის ერთ ადგილს ვტკეპნიდით. ჩემში ისე იძალა სურვილმა, რომ ბიჭებს წყაროს წყალზე ჩამოსული ავღანელი გლეხი დავაჭერინე და მოჯაჰედების მეთაურს მისი პირით შევუთვალე – მე, გურჯ პოლკოვნიკს, გურჯი გიორგის თანამემამულეს, სურვილი მაქვს, ჩემი დიდი წინაპრის საფლავს ვცე თაყვანი და, თუ ნებას დამრთავთ, ხვალ 3 საათზე უიარაღოდ მარტო გამოვალ-მეთქი. არავითარ გარანტიას არ გთხოვთ, მეომრის სიტყვის გარდა. იცოდეთ, მეც თქვენსავით პატარა ქვეყნის შვილი ვარ-მეთქი.

შუაღამისას დაბრუნდა შუამავალი. შემომითვალეს, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ გურჯი პოლკოვნიკის შესახებ, ვიდრე მე მეგონა. რიტუალის შემსრულებელი კაცი მათთვის წმიდათაწმიდა იყო და მოსისხლეც რომ ყოფილიყო, არაფერს დაუშავებდნენ. უფლება დამრთეს – მოვიდეს, მუხლი მოიყაროს თავისი დიდი პაპის წინაშე, ჩვენ ჩვენი მხრივ დერეფანს გავუკეთებთ, რომ ვინმე მოჯაჰედს შემთხვევით იარაღი არ გაუვარდესო.

მოდი და ნუ გადაირევი ამ ამბის შემტყობი. ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი მე მათთვის? – საბჭოთა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი დახელოვნებული მკვლელი, რომელსაც მათთვის ზიანის მეტი არაფერი მომიტანია, მაგრამ ხმები მომივიდა (დაზვერვა იქაც კარგად მუშაობს და – თითო გამყიდველი ყველგან მოიძებნება), მათ იცოდნენ ჩემი ჩამომავლობის – გურჯობის შესახებ და ჩემს სახელს რაღაცნაირი პატივისცემითაც კი მოიხსენიებდნენ. ყოველივე ეს მაკვირვებდა. იცით, რატომ? რა კარგს მე ვუკეთებდი ამ უწყინარ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს – დღისით, მზისით, თავს ვესხმოდი და ვანადგურებდი. მინდა ჩემ სასარგებლოდაც ვთქვა ერთი რამ: ბრძანება მქონდა გაცემული – ლოცვების დაწყებისთანავე ჩვენებს შეეწყვიტათ სროლა. ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა, ვინც ჩემ დაქვემდებარებაში იყო. ამის შესახებ იცოდნენ მოჯაჰედებმა და ამას დიდ ადამიანურობად და ჩემგან უდიდეს პატივისცემად მიიჩნევდნენ.

დათქმულ დროს უიარაღოდ, შილიფად ჩაცმული წავედი. თეთრი კვართის მსგავსი მოსასხამი მოვიცვი. ეგ იყო, საბჭოთა ოფიცრის ქუდი მაინც მეხურა. ხელები წელზე შემოვიწყვე და ხანდახან ნაბიჯს ვანელებდი, რომ კარგად შემათვალიერონ. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ უიარაღოდ ვიყავი.

ჩემ „ზონას“ რომ გადავცილდი, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. მაგრამ იმ წუთს ამ სრულიად ადამიანურ შიშს, რომელიც თავისდაუნებურად დამეუფლა, „მოქიშპე“ გამოუჩნდა – ჩემ არსებაში გაღვიძებული საოცარი გრძნობა: მე ხომ ქართველი ვიყავი და თანაც გიორგი მეთერთმეტის ნაკვალევზე მიმავალი…

ყოველ ოც მეტრში თეთრად თავყბაახვეული მოჯაჰედები იდგნენ, მათ ახლოს ჩავლისას ვხედავდი, ყველა მათგანი როგორი გაფართოებული თვალებით მიღიმოდა. როგორც იქნა, მივაღწიე ნანატრ ადგილამდე, მოწიწებით ვემთხვიე გრანდიოზულ სტელას, რომელზეც ავღანურ ენაზე შესრულებული ისტორიული სიტყვები ამოვიკითხე. რამდენიმე წუთი ხელი იმ ადგილზე მედო, სადაც „გურჯი გიორგი“ იყო ამოტვიფრული. მერე მისი საფლავის წინაშე მოვიყარე მუხლი. კარგა ხანს ვიყავი ასე მუხლმოყრილი. როცა წამოვდექი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და იქვე საკუთარ თავს გამოვუტყდი: ახლა რომც ესროლათ, აღარ ვინანებდი, რადგან მე ხომ ჩემი მისია შევასრულე.

სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ირგვლივ მიმოვიხედე. საოცარი იყო, ორიოდე მოჯაჰედი „მცველის“ გარდა ირგვლივ ვეღარავინ დავინახე. მადლიერების ნიშნად ორივე ხელი ზეაღვმართე. მოულოდნელად იქვე, დაახლოებით 50 მეტრში „შავი შაშხანის“ (ამერიკული M-16) სროლის ხმა გაისმა. დავიბენი, არ შემეშინდა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილია, მაგრამ თავს შევუძახე, შიში არ შეგამჩნიონ, გიორგი მეთერთმეტის შთამომავალს არ გეკადრება-მეთქი და წელში უფრო გავიმართე.

გაუგებრობა სწრაფად გაირკვა: თურმე, ჩემ მიერ გადადგმული სწორედ ამ გაბედული ნაბიჯის პატივსაცემად ისროლეს ჰაერში. ცოცხალ დერეფანში ჩამწკრივებულ მოჯაჰედებს გავუსწორდებოდი თუ არა, სამხედრო წესის თანახმად, მხრიდან შაშხანას იხსნიდნენ, ჰაერში ისროდნენ, შემდეგ კვლავ მხარზე იკიდებდნენ, თეთრ კბილებს მიელვებდნენ და გზას ხელით მიჩვენებდნენ – მიბრძანდითო.

უზომოდ გახარებული და სიცხისგან თუ განსაცდელისგან ოფლში გაღვარული დავბრუნდი ჩემ ბლინდაჟში. მეორე დღეს კი საომარი მოქმედებები, საუბედუროდ, კვლავ გაგრძელდა. ერთი თვე დამჭირდა, რათა ყანდაგარი ამეღო. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ქორივით ვედექი ჯარისკაცებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობათაგან არავინ გაეძარცვათ ან გაეუპატიურებინათ. თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი. რას ვიზამთ, ომი მაინც ომია. ასეთი „უსიამოვნებები“ ყოველთვის თან ახლავს“.

სამხრეთ ავღანეთის მთებში, ჰელმანდის პროვინციაში დღემდე არსებობს საკმაოდ მოზრდილი სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ და თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის გიორგის შთამომავლებად. როგორც ამბობენ, კიდევ რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. ავღანელები ამ „გურჯების” შესახებ ამბობენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებით უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან… ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე და გარეგნობით არ განირჩევიან სხვებისგან, თითქოს ქართველებთანაც საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები და დარჩენილი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ. იქ დარჩენილნი ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა. დარჩა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება და გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცების მეომრული სული…

მთავარი თემები