ქართველი დიდი ვეზირები ოსმალეთის იმპერიაში

© Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე
ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ შუა საუკუნეების თურქეთი იყო ტოტალიტარული, ჩამორჩენილი ქვეყანა. შეხედულება აშკარად მცდარია, რადგან სულეიმან კანუნიდან მოყოლებული ბევრი პროგრესული რეფორმა გატარდა. მათი სიძლიერის თავი და თავი კი სულ სხვაგან უნდა ვეძიოთ.

იმ პერიოდის ევროპულ და აზიურ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) ჩამოყალიბებული იყო დიდგვაროვანთა ე. წ. კასტა, რომელთაც შთამომავლობით, მემკვიდრეობით გადაეცემოდათ მეტად პასუხსაგები თანამდებობები. შედეგად, ხშირად, მნიშვნელოვან პოსტებზე ხვდებოდნენ ყოვლად გამოუსადეგარი პირები და სავალალო შედეგებამდე მიჰყავდათ ქვეყანა. ოსმალები სპეციალურად უყრიდნენ თავს ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ და მონათა ბაზარზე გაყიდულ ყმაწვილებს. ცხადია, მათ ამაჰმადიანებდნენ და აძლევდნენ საკმაოდ საფუძვლიან განათლებას, ხოლო რჩეულებს აწინაურებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებზე. თუ ქრისტიანი – ქართველი ან სხვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენელი – ისლამის აღმსარებელი გახდებოდა, ის უკვე ოსმალოდ ითვლებოდა და არანაირი შეფერხება მის კარიერას არ ემუქრებოდა. ოსმალეთში არ არსებობდა ძირძველი არისტოკრატია. ზემოხსენებულმა წესმა გამოიწვია, რომ სახელმწიფო თანამდებობების, მათ შორის დიდი ვაზირის თანამდებობის დასაკავებლად, გზა გაეხსნა ბევრ ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანს.

დიდი ვაზირი იყო ოსმალეთის პრემიერ-მინისტრი, ანუ, მთავრობის თავმჯდომარე. დიდი ვაზირი სულთნის შემდეგ პირველი კაცი იყო სახელმწიფოში, რომელიც ქვეყანას სულთნის სახელით განაგებდა. მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, სხვადასხვა დროს, 18 ქართველი იყო დანიშნული დიდი ვაზირის თანამდებობაზე.

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა ოთარ გიგინეიშვილმა დაადგინა, რომ პირველი ქართველი დიდი ვაზირი იყო ჰადიმ-მეჰმედ ფაშა. იგი სულთანმა დიდ ვაზირად დანიშნა 1622-1623 წლებში, ხოლო ბოლო ქართველი დიდი ვაზირი იყო მაჰმუდ-ნედიმ ფაშა-1871-1872 წლებში. აღსანიშნავია, რომ მაჰმუდ-ნედიმ ფაშა 1875-1876 წლებში მეორედაც იყო დიდ ვაზირი.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე თვით ნაპოლეონი უძლური აღმოჩნდა

ოსმალეთის სულთნის კარზე ქართველი დიდი ვაზირები იყვნენ: მელექ-აჰმედ ფაშა, სიაუშ ფაშა, გურჯი-მეჰმედ ფაშა, იფშირ-მუსტაფა ფაშა, ქეპრიულიუ-დამადი სიაუშ ფაშა, აღა-იუსუფ ფაშა, სილახდარ-სულეიმან ფაშა, ისმაილ ფაშა, მეჰმედ-საიდ ფაშა, ხაზინედარ შაჰინ ალი ფაშა, ხოჯა იუსუფ ფაშა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, ლაზ-აჰმედ ჰაშა, ჰურშიდ-აჰმედ ფაშა, რეშიდ მეჰმედ ფაშა, ხოჯა-ჰუსეინ მეჰმედ ფაშა.

მელექ-აჰმედ ფაშა, გატაცებული ქართველი ყმაწვილი თურქეთში 1617 წელს ჩაიყვანეს. ის მაშინ 15 წლის იყო. იზრდებოდა ოსმალეთის სულთნის – აჰმედ პირველის კარზე. მელექ-აჰმედ ფაშა იყო რამდენიმე ვილაიეთის (გუბერნიის) ვალი (გუბერნატორი). ის დაქორწინებული გახლდათ სულთნის ქალიშვილზე, რის გამოც მიიღო "დამადის" (სულთნის სიძის) ტიტული. მელექ-აჰმედ ფაშა ოსმალეთის სულთანს, მურად მეოთხეს, თან ახლდა ირანის წინააღმდეგ ომებში. 1650 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. მელექ-აჰმედ ფაშამ რადიკალური ღონისძიებები გაატარა ხაზინიდან ფულის ქურდობის აღსაკვეთად, რის გამოც მის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია შეიქმნა. დიდი ვაზირი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა, მელექ-აჰმედ ფაშა ამის შემდეგაც აქტიურ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეობას ეწევა.

აღა-იუსუფ ფაშაც სტამბულის მონათა ბაზარზე გაყიდეს. მალე ის იანიჩართა ჯარში მოხვდა, მალე კი, იანიჩართა ჯარის სარდალიც გახდა. 1711 წელს სულთანმა იგი დიდ ვაზირად დანიშნა. 1711-1713 წლებში აღა-იუსუფ ფაშა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთის ჯარის მთავარსარდალი იყო. ამ დროს პეტრე პირველი ბალკანეთში შეჭრას ცდილობდა. რუსები დამარცხდნენ და პეტრე პირველი თავისი შტაბით ალყაში აღმოჩნდა. რუსების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა მთავარსარდალმა აღა-იუსუფ ფაშამ. მოულოდნელად, ოსმალებმა პეტრე პირველს გზა გაუხსნეს რუსეთის საზღვრებისკენ. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ პეტრე პირველმა ალყას დიდი ოდენობით ქრთამის გაღების ფასად დააღწია თავი. პეტრე პირველმა დანამდვილებით არ იცოდა, რომ ოსმალეთის ჯარების სარდალი აღა-იუსუფ ფაშა ქართველი იყო, ისევე, როგორც აღა-იუსუფ ფაშას არ ეცოდინებოდა, რომ რუსეთის მეფის ძარღვებში სავარაუდოდ, ქართული სისხლი ჩქეფდა.

სტამბოლი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბულის ბაზარზე გაყიდული ქართველი ბიჭების ეგვიპტური ოდისეა

საინტერესოა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშას ბიოგრაფიაც. ის დიდი ვაზირი იყო 1798-1805 და 1809-1811 წლებში. დატყვევების შემდეგ მისი ისტორია სხვათაგან არაფრით განსხვავდება. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 1798 წელს, ის ერზრუმის ვალიდ დაინიშნა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ნაპოლეონ ბონაპარტემ ეგვიპტის დაპყრობა დაიწყო, რომელიც იმხანად ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. ნაპოლეონმა თურქეთის არმია სასტიკად დაამარცხა. სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში დანიშნა სულთანმა დიდ ვაზირად კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, რომელიც ეგვიპტეში გაემგზავრა და ოსმალეთის არმიას ჩაუდგა სათავეში. მან რამდენიმე მარცხი აგემა ფრანგებს, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ომის დასრულების შემდეგ დიდი ვაზირი სტამბულში დაბრუნდა და მალე თანამდებობიდანაც გადადგა. ამის შემდეგ ტახტზე ადის ახალი სულთანი – მაჰმუდ მეორე, რომელმაც კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ისევ დიდი ვაზირის თანამდებობაზე დანიშნა. კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ოსმალეთში ცნობილი იყო როგორც თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი, წერდა ლექსებს.

დრო - Sputnik საქართველო
რა ხდებოდა სხვადასხვა საუკუნეებში 27 მარტიდან 2 აპრილამდე

დიდი ვაზირი მაჰმუდ ნედიმ ფაშა 1867 წელს საზღვაო მინისტრი გახდა. იგი ამ დროისთვის უკვე ცნობილი პოეტი იყო. 1871 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალეთში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან ინგლისი და რუსეთი. მაჰმუდ ნედიმ ფაშა პრორუსული ორიენტაციისა იყო და სულთნის კარზე ინგლისის გავლენის შეზღუდვისთვის იბრძოდა. ინგლისის დაზვერვამ სტამბულში გაავრცელა ხმები, რომ დიდი ვაზირი რუსეთის აგენტი იყო და კავშირი ჰქონდა რუსეთის ელჩთან – იგნატიევთან. საბოლოოდ, ინგლისმა მიაღწია იმას, რომ სულთანმა მაჰმუდ ნედიმ ფაშა თანამდებობიდან გადააყენა. მიუხედავად ამისა, მალე მაჰმუდ ნედიმ ფაშა ოსმალეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1875 წელს კი მეორედ დაინიშნა დიდ ვაზირად. ინგლისის დაზვერვის ძალისხმევით, ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა, თუმცა, სულთანმა აბდულ-ჰამიდ მეორემ იგი კვლავ გამოარჩია და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გიშრისთვალება ქართველი სულთანი და ეკატერინე II-ს „მთავარი საჭურისი“ მიხეილ კუტუზოვი

სამწუხაროდ, ოსმალური წყაროები საგულდაგულოდ მალავენ გამაჰმადიანებულ მამლუქთა წარსულს და ამიტომ ქართველი დიდი ვაზირების ბიოგრაფიიდან საქართველოსთან დაკავშირებული ცნობები პრაქტიკულად არ არსებობს, არც მათი ქართული სახელები ვიცით, ვიცით მხოლოდ, რომ სხვათა მსგავსად ბლომად ოფლი და სისხლი ღვარეს უცხოტომელთა სასარგებლოდ, მაშინ როდესაც სამშობლოს ასე სჭირდებოდა მათი ცოდნა და გამოცდილება…

ყველა ახალი ამბავი
0