გიშრისთვალება ქართველი სულთანი და ეკატერინე II-ს „მთავარი საჭურისი“ მიხეილ კუტუზოვი

© photo: courtesy of Levan Avlabreliფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი
ფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მოგითხრობთ ქალზე, რომელიც წლების მანძილზე ოსმალეთის იმპერიის ისტორიას თავის ნებაზე წერდა და რომლის სურვილის გარეშე თვით რუსეთის უძლეველმა იმპერატრიცა ეკატერინამ ვერ მოახერხა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა.

საქართველოდან ტყვედ გაყვანილი გოგო-ბიჭების ამბების დასრულებას ნაფისა ხანუმის ისტორიით ვაპირებდი, თუმცა, „Sputnik-საქართველოს" რედაქტორებთან თათბირის შემდეგ, გავითვალისწინეთ რა მკითხველის დიდი ინტერესი (განსაკუთრებით, ემიგრაციაში მყოფი ქალბატონების), გადავწყვიტე, კვლავ მივუბრუნდე ამ თემას. დღეს მოგითხრობთ ქალზე, რომელიც წლების მანძილზე ოსმალეთის იმპერიის ისტორიას თავის ნებაზე წერდა და რომლის სურვილის გარეშე თვით რუსეთის უძლეველმა იმპერატრიცა ეკატერინამ ვერ მოახერხა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა. თანმიმდევრობით მივყვები.

დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში, სავარაუდოდ, 1745 წელს. სამწუხაროდ, მისი ნამდვილი გვარ-სახელი უცნობია. იმ პერიოდის ათასობით გოგონას დარად ისიც მოიტაცეს და სრულიად ახალგაზრდა სულთნის ჰარამხანაში აღმოჩნდა. აქ მიჰრიშაჰი (გიშრისთვალებას ნიშნავს) შეარქვეს. ლამაზმა და განათლებულმა გოგონამ მალევე მიიპყრო ირგვლივ მყოფთა ყურადღება.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე თვით ნაპოლეონი უძლური აღმოჩნდა

1760 წელს სულთან მუსტაფა III-ს და მიჰრიშაჰს შეეძინათ ქალიშვილი შაჰსულთანი, ხოლო 1761 წელს – მომავალი სულთანი სელიმ III. სელიმის დაბადების შემდეგ ქართველი ქალის გავლენა სასახლეში ერთიორად გაიზარდა. მუსტაფა III საყვარელ მეუღლესა და მემკვიდრის დედას ბევრ რამეს ეკითხებოდა. მას ხშირად სტუმრობდნენ სტამბულში მყოფი ევროპელი დიპლომატების ცოლები და სხვადასხვა საკითხზე ეთათბირებოდნენ. 1774 წელს მუსტაფა III-ის გარდაცვალების შემდეგ იგი თოფქაფის სასახლიდან ძველ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ტახტზე ფადიშაჰის ძმა აბდულჰამიდ I (1774-1789) ავიდა. ჭკვიანი ქალი სასახლის კარის ინტრიგებს გაერიდა და მთელ დროს სელიმის აღზრდა-განათლებას უთმობდა. ასე გაილია 15 წელი და აბდულჰამიდის გარდაცვალების შემდეგ (ოჩაკოვოს ბრძოლისას ინსულტი დაემართა), 1789 წელს სულთნის ტახტი სელიმ III-მ დაიკავა. მან პირველი, რაც გააკეთა – დედა სასახლეში დააბრუნა.

სტამბოლი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბულის ბაზარზე გაყიდული ქართველი ბიჭების ეგვიპტური ოდისეა

ამ დაბრუნებას ევროპელი მემატიანეები საოცარსა და პომპეზურს უწოდებენ: ძველი სასახლიდან ტახტრევანით გამოსულ მიჰრიშაჰს მდიდრული, საზეიმოდ შემოსილი ამალა მოჰყვებოდა და გზაზე ორ რიგად ჩამწკრივებული იანიჩარები ესალმებოდნენ. როდესაც პროცესია სულთნის სასახლეს მიუახლოვდა, სელიმ III სამჯერ მიესალმა დედას და ტახტრევანის ფარდიდან გამოწვდილ მის ხელს ეამბორა. სულთანმა იგი ჰარამხანის კარამდე მიაცილა. მიჰრიშაჰ სულთანი მხარს უჭერდა შვილის მიერ გატარებულ რეფორმებს და, როგორც ჩანს, დიდი გავლენით სარგებლობდა. ამის დასტურად ერთი საინტერესო და კურიოზული ამბავი გამოდგება. 1792 წელს რუსეთ–თურქეთს შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების ფონზე სტამბულში ელჩად დაინიშნა მომავალი ფელდმარშალი მიხეილ კუტუზოვი, რომელმაც ძლიერი ჯაშუშური ქსელი შექმნა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში. რუსეთ–თურქეთს შორის ვერ წყდებოდა საბაჟო გადასახადების საკითხი, რომელიც რუსულ გემებს შავ ზღვაში შესვლისა და გამოსვლის დროს უნდა გადაეხადათ. ამიტომაც გადაწყვიტა კუტუზოვმა – როგორმე ჰარამხანაში შეეღწია, მიჰრიშაჰს შეხვედროდა და ეს პრობლემა მისი დახმარებით მოეგვარებინა. უცხო მამაკაცის შესვლა ჰარამხანაში საარაკო ამბავი იყო და მთელ ოსმალეთში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. სელიმ III ძალზედ გამხიარულდა, როცა დაცვის უფროსმა მოახსენა დედამისის შეხვედრის შესახებ ეკატერინე II-ის „მთავარ საჭურისთან“ (როგორც მან კუტუზოვს უწოდა). სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მოგვარდა სავაჭრო ტარიფების საკითხი. მოლაპარაკებით კმაყოფილმა სელიმ III-მ ეკატერინე II-ს საჩუქრად გაუგზავნა ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკული ცხენის უნაგირი და მთელი მოკაზმულობა, რომელიც დღესაც მოსკოვის კრემლის იარაღის პალატაში ინახება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე, დაუდ ფაშად წოდებული, იფნისელი დათუნა მანველაშვილი!

მიჰრიშაჰ სულთანი სულთანთა დედებს შორის ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელით სარგებლობდა. სტამბულში მას ძალიან მოსწონდა ეიუპის უბანი და ზაფხულის თვეებს მეტწილად აქ მდებარე სანაპირო სახლში ატარებდა. აქვე ააგებინა აკლდამა, მედრესე (უმაღლესი სასწავლებელი), ბიბლიოთეკა და იმარეთჰანე (საქველმოქმედო დაწესებულება). მისი ბრძანებითვეა აგებული დაწყებითი სკოლა, ჰალიჯიოღლუში კი საკუთარ სახელზე აშენებული მეჩეთი. ამ საქველმოქმედო საქმეებს სელიმ III დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რადგან დედის ნაკეთებ ამა თუ იმ კეთილი საქმის განხორციელება ხან მიჰრიშაჰს, ხანაც სულთანს მიეწერებოდა. როგორც ამბობენ, სულთან სელიმ III-ს ანგელოზივით სახის ნაკვთები და სქელი წაბლისფერი თმა დედისგან გამოჰყვა. 1805 წლის 16 ოქტომბერს მიჰრიშაჰ სულთანი თოფქაფის სასახლეში გარდაიცვალა. დასაფლავების ცერემონია პომპეზურობით გამოირჩეოდა. ცხედარი ედირნეჰაფიდან ეიუპში წაასვენეს და იმარეთჰანეს გვერდით მდებარე აკლდამაში დაკრძალეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დიდებული ქალის ქართული ფესვების შესახებ არაფერია ცნობილი, არც ის ვიცით, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი სამშობლოსთან. ერთი კი ნათელია, რომ მისი ნიჭი და დედობრივი ზრუნვა უცხო ქვეყანას მოხმარდა…

ყველა ახალი ამბავი
0