თავის დროზე ეს თემა გამოიკვლია პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ (მცირე ხნით მასთან მუშაობის პატივი მეც მქონდა). მამლუქები იყვნენ არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო ხელი თეთრკანიანი მონების, უმთავრესად, თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა. ამჯერად მინდა მოგითხროთ იმ ქართველ მამლუქებზე, რომლებმაც დაუდ-ფაშას მსგავსი გზა გაიარეს და საუკუნეების მანძილზე აზანზარებდნენ მსოფლიო საოცრებების ქვეყანას – ეგვიპტეს და მის ახლომახლო სახელმწიფოებს.
ეგვიპტეს მამლუქთა ორი დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა ("ბაჰრუნ" – არაბულად ზღვა), ანუ ზღვისგაღმელთა დინასტია, რომელიც ძირითადად თურქული წარმოშობისა იყო, და ბურჯელთა (კავკასიელები, მეტწილად ჩერქეზები და ქართველები). ქართული წარმოშობის პირველი მამლუქი ბეი, რომელმაც თავისი საკუთარი სახლი (ბაით – არაბულად სახლი) შექმნა და დიდი ძალაუფლება მოიპოვა ეგვიპტეში, იყო მუჰამედ ბეი კატამიში. 1736 წელს ის ოსმალო შეთქმულებმა მოკლეს. ქართველი იყო აგრეთვე იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი — ოსმალთა ეგვიპტის ფაქტობრივი მამლუქი გამგებელი 1748-1754 წლებში.
ალი ბეი ალ-ქაბირი (დიდი) — 1741 წელს საქართველოდან მოიტაცეს და საჩუქრად მიართვეს ეგვიპტის მომავალ გამგებელს ქართველ იბრაჰიმ ქათხუდას. 1768-1772 წლებში მან შექმნა ცენტრალიზებული ხელისუფლება, თავის კონტროლს დაუქვემდებარა ზემო ეგვიპტე, ჰიჯაზი, პალესტინა და სამხრეთი სირია. ალი ბეიმ შეწყვიტა გადასახადების გაგზავნა სტამბულში და გააძევა ქვეყნიდან ოსმალო ფაშა. რა თქმა უნდა, არავინ იცოდა, რომ ეგვიპტის აღორძინებისთვის თავგადაკლული ალი-ბეი ქართველი იყო, სახელად იოსები, პატიოსანი მღვდლის შვილი და 13 წლისა სტამბულის მონათა ბაზარზე უღვთოდ გაყიდული…
ალი ბეის აჯანყების შემდეგ ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციამდე (1798 წ) ეგვიპტეში დომინირებდა მამლუქი ბეების ოლიგარქია — ბეილიქათი, რომელიც უმთავრესად ქართველებისგან შედგებოდა. ალი-ბეი ლაშქრით მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექაში ჩავიდა, ქალაქის მთავარი შეიხი გადააყენა და მის ადგილზე თავისი ხელქვეითი დასვა. იქიდან წითელი ზღვის სანაპიროს ჩამოუყვა და უზარმაზარი ტერიტორია ეგვიპტეს დაუმორჩილა…
1771 წელს ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით. ეგვიპტელებმა სათაყვანებელ სულთანს "ორი ზღვის ყაენი" უწოდეს.
უცნაურია, არა? შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული ქართველი ბიჭი აზია-აფრიკის გზასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა! ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდეგ… ისევ ქართველმა და საკუთარმა გაზრდილმა უღალატა – აბუ ზაჰადად წოდებულმა მძინარე გამოასალმა სიცოსხლეს.
ალი-ბეის შემდეგ ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი ედგა სათავეში კოალიციურ ძალებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. სახელოვანი ფრანგის მთავარი მეტოქეები სწორედ ქართველი მამლუქები იყვნენ და მათმა სიმამაცემ ათქმევინა დიდ იმპერატორს – ისინი უძლიერესნი არიან მთელ აღმოსავლეთში. თუ ამ რჩეულ ხალხს დავუმატებდი ჩემს არტილერიას, დაუმარცხებელი და დაუმხობელი არავინ და აღარაფერი დამრჩებოდაო!
იბრაჰიმ-ბეი საქართველოსთან კავშირის აღდგენასაც ცდილობდა. ერთხელ ერეკლე მეფისთვის დიდძალი ოქრო გამოუგზავნია და უთხოვია, დედაჩემი მოხუცებულია, უჭირს შორს სიარული და ეგებ მისი სახლის ახლოს ააშენებინო ეკლესიაო. ერეკლე მეფეს სურვილი აუსრულებია. მერე კიდევ შეეწია ლარით და განძით იბრაჰიმ შინჯიკაშვილი საქართველოს. მარტყოფში დღესაც დგას კოშკი, რომლის ასაგები ფული იბრაჰიმს ძმისთვის – ვასილ შინჯიკაშვილისთვის გამოუტანებია…
ასევე მარტყოფელი ყოფილა კაიროს გარნიზონის მხედართმთავარი სელიმ-აღა და არც მას დაუშურებია შესაწირი ქართული საქმისთვის… იბრაჰიმ-ბეის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეს მართავს მურად–ბეი. თბილისის შემოგარენიდან გატაცებული ქართველი ისე განთქმულა, რომ კაიროს ერთ-ერთი ქუჩისთვის ეგვიპტელებს მისი სახელი უწოდებიათ…
იმ დროის მამლუქებს, თურქთაგან დიდად შევიწროებულებს, სამშობლოში დაბრუნებაც სურდათ და რუსეთის საიმპერიო ძალებთან გაუმართავთ მოლაპარაკება… ოცნება ვერ აისრულეს. მეფობაგაუქმებულ საქართველოში რუსეთის სამეფო კარს ნამდვილად არ აძლევდა ხელს აღმოსავლეთის რისხვა რამდენიმე ათასი ქართველი მამლუქის დაბრუნება…
სტამბულში ყოფნისას ერთმა იქაურმა ქართველმა მაჩვენა ორი ვიწრო ქუჩა, რომლებიც მომცრო მოედანს ერთვიან. ერთს ქართველი ბიჭის, ხოლო მეორეს ქართველი გოგოს ქუჩად მოიხსენიებდნენ. გამოგიტყდებით, ცრემლიანი თვალით გამოვბრუნდი ადგილიდან, სადაც, როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, მილიონამდე ჩემი თანამემამულე მონად გაიყიდა.