საუკუნის ძარცვა ჰელსინგფორსში და ქართველი ანარქისტების როლი რუსეთ-იაპონიის ომში

© FB/ Bank of Finlandფინეთის სამთავრობო ბანკი ჰელსინკიში
ფინეთის სამთავრობო ბანკი ჰელსინკიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, სრულიად შემთხვევით გავიგე ლენინგრადში. ჩემმა მეგობარმა, ისტორიკოსმა იგორ კუზმინმა ვინმე ფინელი ანარქისტის კონრად ცილიაკუსის მოგონებების წიგნი მაჩვენა — აქ ქართველებზე ბევრი საინტერესო წერიაო, მითხრა და სათანადო ადგილებიც მომინიშნა. მაშინ ბევრი რამ ამოვიწერე და ჩემ არქივში ქექვისას ახლახან წავაწყდი...

1904 წელს, გაგანია რუსეთ–იაპონიის ომის დროს სანქტ-პეტერბურგში მყოფმა იაპონელმა აგენტებმა შეიტყვეს, რომ ომისთვის საჭირო თანხა — 5 მილიონი მანეთი ოქროთი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინგფორსში (ამჟამად ჰელსინკი) მდებარე "სამთავრო ბანკში" ინახებოდა. დაზვერვის რეზიდენტს, პოლკოვნიკ მოტოჯირო აკაშის რუსეთის იმპერიის ხაზინის რეზერვის გატაცების იდეა ცნობილმა ფინელმა ანარქისტმა კონრად ცილიაკუსმა მიაწოდა და თან საქმის შემსრულებლად თავისი ქართველი „კოლეგა“ ვარლამ ჩერქეზიშვილი დაუსახელა.

© ეროვნული არქივირევოლუციონერი და ანარქისტი კონრად ცილიაკუსი
რევოლუციონერი და ანარქისტი კონრად ცილიაკუსი - Sputnik საქართველო
რევოლუციონერი და ანარქისტი კონრად ცილიაკუსი

იაპონელსაც, ეტყობა, გაგონილი ჰქონდა ეს გვარ-სახელი და დათანხმდა. ცილიაკუსი მაშინვე გაემგზავრა თბილისში. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ფინელი სტუმარი ქართული წესით მიიღო, ყურადღებით მოუსმინა.

"აქცია უსისხლოდ უნდა ჩატარდეს… მის ხელში ჩასაგდებად ჩვენ რომ თოფი გავისროლოთ, საპასუხოდ ზარბაზანს გვესვრიან და ყველაფერი ჩაფლავდება", — უთხრა მან ცილიაკუსს, რომელიც დადებითი პასუხით გულმოცემული მალე უკან დაბრუნდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი ბაქოში მყოფ ცნობილ ქართველ ავანტიურისტს სოლომონ აშორდიას დაუკავშირდა. ეს ის აშორდია გახლდათ, ვისი დამზადებული ყალბი საბუთებითაც ნახევარი საქართველო გააზნაურდა და რომელთაც ამის გამო „აშორდიას აზნაურებად“ მოიხსენიებდნენ. ვარლამ ჩერქეზიშვილმა მას რამდენიმე ყალბი საბუთის შედგენა სთხოვა და კარგი გასამრჯელოც აღუთქვა. ამ უკანასკნელმა ფულის აღება იუარა – კაცურად დაგეხმარებითო, შეუთვალა ჩერქეზიშვილს და მცირე ხანში საჭირო საბუთებიც აახლა.

© საქართველოს ეროვნული არქივიცნობილი ქართველი ავანტიურისტი სოლომონ აშორდია
ცნობილი ქართველი ავანტიურისტი სოლომონ აშორდია - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი ავანტიურისტი სოლომონ აშორდია

1904 წლის 20 დეკემბერს კავკასიიდან ჰელსინკიში ჩერქეზიშვილმა სამი „სპეციალისტი“ აფრინა — ბესო სვანიძე, აფრასიონ ჩიხრაძე და პავლე გოცირიძე.

მოგონებებში კონრად ცილიაკუსი წერდა, რომ ჩამოსულები დახვეწილი არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდნენ, ხოლო ბესო სვანიძე თავისუფლად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად.

მეორე დღეს გადაცმული ბესო სვანიძე ფინეთის „სამთავრო ბანკის“ ხელმძღვანელს, სენატორ კარლ თეოდორ ალექსანდრ ვეგელიუსს წარუდგა და აცნობა, რომ სანქტ-პეტერბურგიდან საიდუმლო დავალებით იყო წარმოგზავნილი და იმპერატორის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული აშორდიას დოკუმენტიც წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფო ხაზინის რეზერვების შემოწმების უფლება ენიჭებოდა.

აშორდიას ნახელავისთვის სიყალბის შეტყობა რთული იყო და სტუმარს საიდუმლო საცავისკენ თავად სენატორი წარუძღვა. იმ დღეს ბესო სვანიძემ ბანკის ავან-ჩავანი საფუძვლიანად შეამოწმა, მასპინძლებს გულითადად გამოემშვიდობა და წამოვიდა.

მეორე დღეს ბანკის საცავების დეტალური სქემა დახაზა, თან კონრად ცილიაკუსსა და მის თანამოაზრეებს აუწყა, რომ ბანკიდან ხაზინის რეზერვის გამოსატანად გვირაბი უნდა გაეთხარათ.  

© ეროვნული არქივიბესო სვანიძე
ბესო სვანიძე - Sputnik საქართველო
ბესო სვანიძე

მასპინძელს ბანკის რომელიმე თანამშრომლის მოსყიდვა დაავალა, იმავდროულად აფრასიონ ჩიხრაძესა და პავლე გოცირიძეს ბანკის უკან მდებარე შენობის სარდაფის სასწრაფოდ დაქირავება უბრძანა. ქართველებმა სარდაფი 22 დეკემბერს ვითომდა პურის საცხობის მოსაწყობად იქირავეს. ამასობაში ბანკის ერთ-ერთი მოლარის იან ფილიპ კუუსინენის მოსყიდვა მოხერხდა, რომელმაც ცილიაკუსის ხალხს ყველაფერში ხელის შეწყობა აღუთქვა.

შედგენილი სქემის თანახმად, ძირითადი სამუშაოები სამ დღეში დაასრულეს. 24 დეკემბრის საღამოს მათ ბანკის მთავარ საქვაბეში შეღწევა შეძლეს. შობა თენდებოდა, კუუსინენმა თანამშრომლებს წაქეიფება შესთავაზა. პოლიციელთა უფროსი რისი ფინელი იქნებოდა, უარი ეთქვა. კუუსინენმა ერთ-ერთ მათგანს დუქნიდან არაყი და ვახშამი მოატანინა და თორმეტი საათის დადგომისთანავე ქეიფი ეშხში შევიდა. კუუსინენმა მეინახეები შეუმჩნევლად მიატოვა, საქვაბისა და ხაზინის რეზერვის საცავის კარი გააღო და ისევ სუფრას მიუბრუნდა.

აფრასიონ ჩიხრაძე, პავლე გოცირიძე და ერთიც ფინელი დამხმარე საცავში შეიპარნენ, ოქროს ზოდები წინასწარ მომზადებულ ტომრებში ჩაყარეს და გვირაბის გამოვლით თავიანთ სარდაფში გამოვიდნენ. საქმის ბოლომდე მოგვარებას სამი გზა დასჭირდა. როცა საცავიდან ბოლო ტომარაც გაიტანეს, კუუსინენს ნიშანი მისცეს, ამ უკანასკნელმა სუფრა კვლავ შეუმჩნევლად მიატოვა, საცავის კარი ჩაკეტა, გასაღები თავის ადგილზე დაკიდა და გამტაცებლებს გაჰყვა.

ასე დასრულდა გასული საუკუნის ყველაზე გრანდიოზული ძარცვა. ზუსტად არ ვიცი, რა ბედი ეწიათ ქართველ „სპეციალისტებს“. სავარაუდოდ, მათ მშვიდობით ჩამოაღწიეს სამშობლოში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ რუსულმა ჟანდარმერიამ „სამთავრო ბანკის“ საქმე მკაცრად გაასაიდუმლოა და მეტიც — მასში შემავალი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი საერთოდ გაანადგურა. ამბავი ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი კარგა მოგვიანებით — გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა, თუმცა ბევრი რამ დღესაც დაუდგენელია. ნათელის მოფენას ვერც კონრად ცილიაკუსის მოგონებები შველის, რომელიც 1919-1920 წლებში სტოკჰოლმში გამოიცა, რადგან „დაზარალებულმა“ მხარემ ფაქტის გახმაურებას დუმილი ამჯობინა.

© ეროვნული არქივიპოლკოვნიკი აკაში მოტოჯირო
პოლკოვნიკი აკაში მოტოჯირო - Sputnik საქართველო
პოლკოვნიკი აკაში მოტოჯირო

P.S. ამბის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ, რადგან ჩერქეზიშვილის ბიოგრაფები ამ ფაქტს საერთოდ არ ახსენებენ. თხრობას კი დიდი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილს ეხება: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა“.

ყველა ახალი ამბავი
0