1968 წლის 29 მარტს ქალაქ ვლადიმირის მახლობლად დაიღუპა პირველი კოსმონავტი, 34 წლის იური გაგარინი. ამ ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა; აბრალებდნენ უცხოპლანეტელებს, ამერიკის სპეცსამსახურებს, საუბრობდნენ ღვთიური ძალების "შურისძიებაზე" კოსმოსში შეჭრისათვის და ა. შ. რეალურ მიზეზზე რუსეთის ხელისუფლება დუმილს ამჯობინებდა, მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ავარია თვითმფრინავის გაუმართაობის ბრალი ყოფილა.
1961 წლის 29 მარტს აფრიკაში, 28 ადამიანი, მათ შორის ნელსონ მანდელა, სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს. 1964 წელს მანდელას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 30 წლის შემდეგ კი ის ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.
1977 წლის 29 მარტს პალმ ბიჩის (ფლორიდის შტატი) ფეშენებელურ სასტუმროში მოკლული იპოვეს ტეხასელი მულტიმილიონერი გრაფი დე მორენშილდი (ადრე გერმანიისა და საფრანგეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი).ერთ-ერთი ვერსიით, ჯორჯ მორენშილდი ჯონ კენედის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ის კარგად იცნობდა ლი ჰარვი ოსვალდს, რომლის ცოლი მარინა პრესკოვა ბელორუსიიდან იყო, ისევე როგორც თავად ტეხასელი მაგნატი, ვისი ნამდვილი სახელი გეორგი სერგეევიჩ მორენშილდია. კენედიზე თავდასხმის შემდეგ, ერთერთ ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნდა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო, სადაც მარჯვენა ზედა კუთხეში პისტოლეტით ხელში იდგა მამაკაცი, რომელიც საოცრად ჰგავდა მორენშილდს.
1282 წლის 30 მარტს სიცილიაზე სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომელიც მალე მთელ იტალიას მოედო და ფრანგთა მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ამბოხი ისტორიაში შევიდა როგორც "სიცილიური სერობა". ბევრი ფრანგი მოკლეს, დანარჩენები კუნძულიდან გაიქცნენ. აჯანყებულთა მთავარი ლოზუნგი იყო Morte Alla Francia, Italia Anela (სიკვდილი საფრანგეთს, ამოისუნთქე იტალია). ამ უძველესი ლოზუნგის პირველ ასოებს თუ შევკრებთ მივიღებთ ასეთ აბრევიატურას-MAFIA. მკვლევართა აზრით, ეს სიტყვა სწორედ აქედან იღებს დასაბამს.
1924 წლის 1 აპრილს მიუნჰენის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადოლფ ჰიტლერს, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ("ლუდის პუტჩში" მონაწილეობისთვის) მომავალმა ფიურერმა ციხეში მხოლოდ 9 თვე გაატარა, 1924 წელს ამნისტიით გამოუშვეს. სწორედ ამ პერიოდში, ციხეში დაიწერა "მაინ კამფი", რომელიც მოგვიანებით, ნაცისტური მოძრაობის პოლიტიკურ ბიბლიად იქცა. 1939 წლისთვის უკვე 11 ენაზე იყო თარგმნილი, ხოლო საერთო ტირაჟი 5 მილიონ ეგზემპლარს აჭარბებდა. წიგბში აღებულმა ჰონორარმა ჰიტლერი საკმაოდ შეძლებულ ადამიანად აქცია.