საბედნიეროდ, დროულად ჩავიხედე ჯადოსნურ კალენდარში და არაფრისდიდებით არ გამოვტოვებ 31 მარტს, რადგან, ერთი, რომ ტრადიციებისა და ადათ-წესების დღეა, მეორეც – ევროპისკენ გაქანებულ თანამოქალაქეებს მინდა მცირედით შევეშველო, იქნებ გამოგადგეთ კიდეც იმ ქვეყნების ტრადიციების ცოდნა, სადაც აწი უვიზოდ მოგიწევთ სეირნობა.
თურქეთში აქამდეც არ ვაკლდით ქართველები, თუმცა ბევრმა, შესაძლოა, არ იცის, რომ თურქ მამაკაცებს ეკრძალებათ მეორე ცოლის მოყვანა, სანამ პირველს, სულ ცოტა, 10 000 დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს არ უყიდიან. ზოგი ქალბატონის საყურადღებოდ: თუ სტამბულში მამაკაცი გაგეპრანჭათ, სასწრაფოდ შეამოწმეთ მისი მეუღლის ზარდახშა, რა იცით, ეშმაკს არ სძინავსო, ამბობენ.
ბულგარეთში „საშოპინგოდ“ წასულებმა დაიმახსოვრეთ: იქაურები თავის დაქნევით კი არ გეთანხმებიან, არამედ უარს გეუბნებიან. თანხმობა თავის გაქნევაა.
ესპანეთში, ანდალუზიის მხარეში ერთი უცნაური ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. სასიძო ქორწილის წინ კლდიდან თავით უნდა გადმოეშვას, რადგან, წინაპართა რჩევით, ცოლის მოყვანა მხოლოდ მტკიცე თავის ქალას პატრონების ხვედრია.
თუ უნგრეთში და პორტუგალიაში საქორწინო სუფრასთან მოხვდებით და შუაგულ დარბაზში ცარიელ მაგიდაზე დაწყობილ ქალის ფეხსაცმელს დაინახავთ, არ იფიქროთ, რომ კონკიას ეძებენ. ვისაც პატარძალთან ცეკვა უნდა, ფეხსაცმელში ფულს დებს და ისე მიართმევს დედოფალს.
საბერძნეთში მიმავალი ტურისტების გასაგონად: თუ რომელიმე ოჯახში სტუმრად მიგიწვიეს, არავითარ შემთხვევაში არ შეაქოთ ან მოიწონოთ რამე ნივთი, რადგან ასეთ შემთხვევაში მასპინძელი ვალდებულია ის ნივთი გაჩუქოთ. ნუ, ამ რჩევის პირიქით გამოყენებაც შეიძლება…
სკანდინავიის ქვეყნებში მოხვედრილთა საყურადღებოდ: იქ ჭიქის მიჭახუნება ცუდ ტონად ითვლება, თუ სტუმრად მოხვდით, ნაკლები ილაპარაკეთ და ხელები აუცილებლად მაგიდაზე, ყველას დასანახად უნდა გეწყოთ (ვინ იცის, მაგიდის ქვეშ რას გააკეთებთ), მადლობა გადაუხადეთ მხოლოდ დიასახლისს და არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვოთ მარილი, ეს მასპინძლის შეურაცხყოფაა. თუმცა დანიაში მსგავსი პრობლემები არ გემუქრებათ, რადგან ამ პატარა ქვეყანაში სტუმრების მიღების ტრადიცია პრაქტიკულად არ არის. აქაურები მიიჩნევენ, რომ სხვისი ლაყბობის მოსასმენად ტელევიზორიც საკმარისია.
შვეიცარიაში სტუმრისთვის გაწყობილ მაგიდაზე აუცილებლად დიდი რაოდენობით იქნება ყველი. თავს ნუ მოიკლავთ მისი ჭამით, რადგან ბევრი ყველი იმიტომ მოაქვთ, რათა მიგანიშნონ, რომ ოჯახი საკმაოდ შეძლებულია.
კიდევ ბევრი რჩევის მოცემა შეიძლებოდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ევროპაში წამსვლელთა უმეტესობამ კარგად იცის ქართული წეს-ჩვეულებები, გნებავთ მოქცევის და გნებავთ სუფრასთან ჯდომისა. თუ ასეა, ნურაფრის შეგეშინდებათ, არც არაფერი შეგეშლებათ და არც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ასე რომ, ისწავლეთ საკუთარი ქვეყნის ადათ-წესები და საბილეთო სალაროებს მერე მიაშურეთ…