სამი დალიე, შეგერგება... ანუ რატომ აირჩია ღმერთმა საქართველო ვაზის სამშობლოდ

© Flickr / Megan Eavesღვინო შავი და თეთრი
ღვინო შავი და თეთრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik–საქართველოს" ავტორი თამაზ ჩიქვანაია ვაზზე, ღვინოსა და საქართველოში მათთან დაკავშირებულ უძველეს ტრადიციებზე გიამბობთ.

უკვე შევთანხმდით, რომ ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში. არც იმაზე ვდაობთ, ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ შეიძინა ქართული ერისთვის და მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა ნინომ ვაზისგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული.

სხვათა შორის, თურმე, საქართველოს გარდა არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.  

მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან 450 საქართველოში აბორიგენული სახეობაა. მათგან 62 ჯიში შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში — 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

აბა, საქართველოში ლეგენდებს რა გამოლევს და, ისე როგორ იქნებოდა, ამ თემაზე არ ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლეგენდის მიხედვით, მამა ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

ძველ საქართველოში მიწა-წყლის მთად და ბარად გაყოფა სწორედ მევენახეობის გავრცელებაზე იყო დამყარებული. სადამდეც მევენახეობა შესაძლებელი იყო, იქამდე ქვეყნის ნაწილი ბარად ითვლებოდა, საიდანაც ვაზის მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, იქიდან მოყოლებული უკვე მთად იყო მიჩნეული. ყურძნის დაწურვასა და ღვინის დაყენებას განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული, რადგან ღვინოს დიდი ფასი ჰქონდა და სოფლის მეურნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.

ყურძნის დაწურვისთვის განკუთვნილ ადგილს და მოწყობილობას სასაწნახელეს და საწნახელს ეძახიან. საწნახელიდან გამოსულ ტკბილს კახეთსა და ქართლში 12–18 საათის განმავლობაში ასევე ტოვებდნენ, შემდეგ კი ტკბილის დუღილისთვის ხელის შესაწყობად ჭურ–ქვევრში ჭაჭას აყოლებდნენ, რაკი ჭაჭა ატივტივებულ ტკბილს თავზე ჰქონდა მოქცეული, ამიტომ მას ქუდი ერქვა. დუღილისგან წარმოშობილ აირებს გამოსასვლელად გზა რომ ჰქონოდა, ამისთვის ქართლ–კახეთში სარქველს ქვემოდან ლერწს ამოუდებდნენ ხოლმე. სარქველში დატოვებულ ამ ნახვრეტს სასულეს უწოდებდნენ.

10–15 დღის შემდეგ მდუღარე ტკბილის ზედაპირზე ამოტივტივებული ჭაჭის არევას იწყებდნენ, რომ ჭაჭა ტკბილის სიღრმეში ჩასულიყო. ჭაჭის მოხდის შემდეგ ქვევრი იგოზებოდა და მას ხშირად აღდგომამდე ხელს არ ახლებდნენ.

იმერეთში ღვინის დაყენება სამნაირად იცოდნენ. იყო შუმი ღვინო და ღვინო საუდიერო. შუმი ღვინო წარმოადგენდა წმინდას, უწყლო ღვინოს, საუდიერო ღვინო კი განსაკუთრებით დაყენებული წყალნარევი ღვინო იყო. წმინდა – შუმ ღვინოს ორნაირად აყენებდნენ, ან უჭაჭოდ, ან ჭაჭაზე დადუღებულს. უჭაჭოდ ღვინის დასაყენებლად ყურძნის ტკბილს დაწურვისთანავე უმალ ჭურში ან ქვევრში ასხამდნენ ისე, რომ წვენს შიგნით არაფერი ჩაჰყოლოდა. მართალია, ასე დაყენებული თეთრიცა და შავ–წითელი ღვინოც წმინდა დგებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებდა. ღვინის ჭაჭით დასაყენებლად ჭაჭიან ახლადდაწურულ ტკბილს 3–4 დღით მაგრად დახურულ საწნახელში დასადუღებლად ტოვებდნენ ხოლმე. მერმე კი უჭაჭოდ ჭურში ასხამდნენ.

ჩვენებურ ვაზსა და ღვინოზე ბევრი გამონათქვამი წამიკითხავს, მაგრამ დღეს მინდა აკა მორჩილაძისეული შეფასება შემოგთავაზოთ: „მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა, თუ კი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ–ერთი ამათთაგანი არის ღვინო. იცინი – სვამ, ტირი – სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს, ღვინო აერთიანებს და აცალკავებს, ღვინო მალავს დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებას გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი ამაზე ნამდვილი ამაზე ბებრი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და მასზე ვერავინ ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება, მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ ჩვენთან საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება“.

ქართველი კაცი ვენახს სულიერად თვლიდა. თუ ქართველი კაცის ოჯახს თავს რაიმე უბედურება დაატყდებოდა, იტყოდა, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ცნობილ სიმღერას – „სამი დალიე, შეგერგებას“ რაც შეეხება, ვისაც გეცოტავებათ, მინდა გული გაგიკეთოთ: ჯერ ერთი, საქართველოს კონსტიტუციაში მსგავსი კანონი არ შემხვედრია, თან სასმისის ზომაც მითითებული არსად არის, ასე რომ…

ყველა ახალი ამბავი
0