რა უნდა იცოდე, ვიდრე ბანკში სესხს აიღებ...

© photo: Sputnik / Stringerსაბანკო ტერმინალი
საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
რა მოცულობის თანხაა გასესხებული კომერციული ბანკების მიერ, როგორია ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების თანაფარდობა, რა ტიპის სესხებზე მოდის საკრედიტო პორტფელის ყველაზე დიდი წილი, რამდენია ვადაგადაცილებული და უმოქმედო სესხების მოცულობა...

სამსონ ხონელი

გადავწყვიტე წინამდებარე სტატიაში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილო. კერძოდ, ვეცდები გავარკვიო, ჯამურად რა მოცულობის სესხია გაცემული; როგორია კრედიტების ლარიზაციისა და დოლარიზაციის კოეფიციენტი; რა ტიპის სესხებს გვთავაზობს საბანკო სექტორი და როგორია საპროცენტო განაკვეთები. სხვა პარამეტრებითაც დავინტერესდები. თანმიმდევრულად მივყვეთ...

ლარის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ვის გაურბის ლარი და სად არის ბოლო გაჩერება?

მიმდინარე წლის იანვრის პირველ დღეს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მთლიანი მოცულობა 38.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ბევრია ეს თუ ცოტა? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. გაგიკვირდებათ, არ მაქვს პასუხი. დახმარებისთვის საბანკო სფეროს ექსპერტს მივმართე. მთხოვა და ვინაობას არ გავამხელ, დიდი ხნის მეგობარია. „არც ბევრია და არც ცოტა. აბა, რა გითხრა, გააჩნია ვისთვის“, − მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. რა გაეწყობა, თავად განვაგრძობ თხრობას. ფაქტია, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც, როცა ერთმანეთს ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული გლობალური და წერტილოვანი შეზღუდვები პერიოდულად ენაცვლებოდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.9 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ზრდა 3.7 მილიარდი ლარია. გასული წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელის ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 9 პროცენტი იყო. ეროვნულ ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 5-10 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
ვისთვის და რა ვადით დარჩა უცვლელი სასესხო ვალდებულების პროცენტი?

გამართლდება თუ არა ქვეყნის მთავარი ბანკირის პროგნოზი, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველ რიგში საკრედიტო პორტფელის გეოგრაფიით დავინტერესდები. არაფერი მოულოდნელი, საბანკო სექტორის მიერ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობით დედაქალაქი ლიდერობს. დიახ, ლარში გაცემული 16.94 მილიარდი ლარის კრედიტიდან თბილისის წილი 63.6 პროცენტია, 7.4 პროცენტით მეორე ადგილს იმერეთი იკავებს. მესამე პოზიციაზე აჭარაა 7.1 პროცენტით. ყველაზე მცირე წილი, 0.12 პროცენტი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების შემთხვევაშიც პირველი სამეული უცვლელია, თუმცა რიგითობა განსხვავებულია. ლიდერის პოზიცია თბილისს კიდევ უფრო მყარად უკავია. მისი წილი 82 პროცენტია. იმერეთმა და აჭარამ ადგილები გაცვალეს. 9.9 პროცენტით მეორე ადგილზე აჭარაა. მესამე პოზიციაზე იმერეთია, რომლის წილი 2.9 პროცენტზე  ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებშიც აუტსაიდერი რაჭა-ლეჩხუმია 0.005 პროცენტით. მთლიან საკრედიტო პორტფელში, როგორც ლარში ასევე უცხოურ ვალუტაში, თბილისის წილი 73.9 პროცენტია, აჭარის − 8.7 პროცენტი, ხოლო იმერეთის 4.9 პროცენტი. მართალია, ეს სხვა „ოპერიდან“ არის, მაგრამ აქვე მოგახსენებთ: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70 პროცენტიც დედაქალაქზე მოდის. არც არის გასაკვირი, თბილისში ხომ ოფიციალურად მოსახლეობის 32 პროცენტი, რეალურად კი ნახევარზე მეტი ცხოვრობს და ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი წილიც ქვეყნის დედაქალაქზე მოდის.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
ჩვენ გველის გაკოტრება?! ანუ რას გვპირდება ახალი კანონი

ახლა კი დროა, საკრედიტო პორტფელის მიზნობრიობას გადავხედოთ. გაცემულ სესხებში 87.8 პროცენტი იპოთეკური და ბიზნეს-სესხების წილია. სამომხმარებლო კრედიტების წილი კი მხოლოდ 12.2 პროცენტია. ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხების მოცულობა 15 პროცენტით გაიზარდა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 45 პროცენტს აღწევს, თუმცა სამომხმარებლო კრედიტებში ეს მაჩვენებელი 87.7 პროცენტს აჭარბებს. ძალიან დიდი სხვაობაა, რატომ, რის ხარჯზე? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, სამომხმარებლო სესხების აბსოლუტური უმრავლესობა 200.000 ლარზე ნაკლებია და ბანკს მისი უცხოურ ვალუტაში გაცემა აკრძალული აქვს. გამონაკლისი მხოლოდ ის პირები არიან, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ. დიახ, ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც კრედიტის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ, სწორედ ეს არის: თანხა იმ ვალუტაში უნდა ისესხოთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ!..

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2021
რა არ მოეწონა ახალ წელს ლარს?

სამომხარებლო სესხების თითქმის 96 პროცენტი გრძელვადიანია. სხვა ტიპის კრედიტებთან შედარებით, სამომხმარებლო კრედიტზე, მცირე მოცულობისა და შედარებით მაღალი რისკის გათვალისწინებით, პროცენტი უფრო მაღალია, საშუალოდ 17.3 პროცენტს შეადგენს. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 0.8 პროცენტით – 17.6-დან 18.4 პროცენტამდე გაძვირდა.

საბანკო კრედიტების 64.8 პროცენტი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. ეს იპოთეკური სესხებია, რომელთა მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 6 მილიარდი ლარით გაიზარდა. ლარიზაციის კოეფიციენტი 33.6 პროცენტია. როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელზე მეტი ვადისაა, კერძოდ, ლარში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა 94 პროცენტს აღწევს, ხოლო უცხოურ ვალუტაში − 94.5 პროცენტს.

ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2021
რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების 67 პროცენტი ფიზიკურ პირებზე მოდის. მათი წილი 43 პროცენტამდე მცირდება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ბუნებრივია, ქონებით უზრუნველყოფილი სესხები კრედიტორისთვის ნაკლებ რისკს შეიცავს და ის სამომხმარებლო სესხზე იაფია. ფიზიკურ პირებს გრძელვადიან სესხში საშუალოდ 11.8 პროცენტის გადახდა უწევთ, იურიდიულ პირებს − 12.4 პროცენტის. უცხოური ვალუტის შემთხვევაში სესხს 6.7 პროცენტი ერიცხება. ფიზიკური პირებისთვის – 6.3 პროცენტი, ხოლო იურიდიული პირებისთვის − 7 პროცენტი.

მიმდინარე წლიდან საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გაირკვა, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 43.7 პროცენტით შემცირდა. დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელმაც მოიკლო, დაახლოებით 7 პროცენტით. აქვე შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 70 მილიონ ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2021
როგორ გაღრღნა „ვირთხამ“ ყულაბა? უცხოური ინვესტიციების ერთი წლის ამბავი

მოგეხსენებათ, კოვიდეკონომიკამ მოქალაქეთა შემოსავლებზე უკიდურესად ნეგატიურად იმოქმედა. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და რამდენს შემოსავალი შეუმცირდა, თუმცა არავინ დავობს, რომ მათი რაოდენობა ათასობით ითვლება. ეს პროცესი საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების წილზეც აისახა. ბოლო ერთ წელიწადში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 46 პროცენტით გაიზარდა. ერთი წლის წინ პრობლემური სესხების მოცულობა საკრედიტო პორტფელის 1.13 პროცენტს შეადგენდა, დღეს ის უკვე 1.37 პროცენტია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მომსახურების პრობლემა უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ასეთ კრედიტებს გაცვლითი კურსის რისკები ახლავს თან.

კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სესხების 8.8 პროცენტი რესტრუქტურიზებულია. პანდემიის დაწყებამდე რესტრუქტურიზებული სესხების წილი პორტფელის 3.7 პროცენტი იყო. მთავარი ბანკირის განმარტებით, ბანკები სესხების რესტრუქტურიზების ყველაზე მეტ მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე იღებენ. მათ შორის კი პირველ ადგილზე ევროში დაკრედიტებული იპოთეკური სესხებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც თავის დროზე სესხები ევროში აიღეს, კურსის გაუარესების გამო, ახლა მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

ვადაგადაცილებული სესხები საკრედიტო პორტფელის ნეგატიური წილის მხოლოდ ერთი ნაწილია და თანაც ისეთი, რომელსაც გასტუმრების პერსპექტივა მეტ-ნაკლებად მაინც აქვს. არსებობს კიდევ ე.წ. უმოქმედო სესხები. ეს კომერციული ბანკების მიერ არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული სესხების ჯამია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის განმავლობაში საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხების 10 პროცენტამდე ზრდას პროგნოზირებს. ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8.4 პროცენტს შეადგენს.

და, ბოლოს, რა არის ის მთავარი, რაც ბანკში თანხის სესხებამდე უნდა ვიცოდე? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი, რითიც მოკრძალებულად მიმანიშნებს, რომ სტატიის სახელწოდებად დასმულ კითხვაზე პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო. რეპლიკას უპასუხოდ არ დავტოვებ და მოგახსენებთ: სანამ ნასესხებ თანხას სალაროსთან დათვლით, კრედიტ-ოფიცერთან კარგად გათვალეთ თქვენი შემოსავლები. იმდენი ისესხეთ, რამდენის გასტუმრებასაც შეძლებთ. გახსოვდეთ, ბოლო ჟამს ფულის სესხება ადვილი აღარ არის, მაგრამ ჩასესხება კიდევ უფრო ძნელია! აი, სულ ეს არის...

 

ყველა ახალი ამბავი
0