22:39 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (752)
161 0 0

პირველ კვარტალში მსხვილი კომპანიების 47,2% მიიჩნევდა, რომ გარდაუვალია თანამშრომლების შემცირება ამ წლის მეორე კვარტალში.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. კერძო ქართული კომპანიების დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ გარდაუვალია თანამშრომლების შემცირება კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე ნახევარი კი არ აპირებს გაფართოებას - ასეთია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის კვლევის შედეგები.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია (BAG) 70-ზე მეტ დიდ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის, ბანკებს, გასამართი სადგურების ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, კომუნიკაციების კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.

დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინები BAG-ის ინდექსის ყოველკვარტალური გამოკითხვის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც ასოციაციის წევრებს შორის დასაქმების დონის მოსალოდნელ ცვლილებებს ასახავს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და –46,7 პუნქტი შეადგინა. შედარებისთვის: 2019 წლის მეოთხე კვარტალში BAG-ის წევრ საწარმოებს დასაქმებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ჰქონდათ, ამიტომ დასაქმების ბარომეტრი დადებითი იყო და 26,1 პუნქტს შეადგენდა.

კომპანიის კვლევის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიების 47,2%-მა ჩათვალა საჭიროდ თანამშრომლების შემცირება ამ წლის მეორე კვარტალში, კიდევ 50,9% თანამშრომელთა რაოდენობაში ცვლილებებს არ ელოდება.

მუშაობა კორონავირუსის პირობებში: ქართულ კომპანიებში შრომის პირობებს ამოწმებენ>>

ამასთან, კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად ნეგატიური მოლოდინებია სამშენებლო და ვაჭრობის სფეროებში, ხოლო შედარებით პოზიტიური – მრეწველობის სფეროში.

„მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს“, – აღნიშნულია კვლევაში.

დასაქმების ბარომეტრი ეფუძნება საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრთა გამოკითხვას, რომელშიც კომპანიები დასაქმებულების რაოდენობის მხრივ თავიანთ გეგმებს აღწერენ.

იმის შესახებ, რომ საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა. მისი პროგნოზით, კორონავირუსის გამო სამუშაო ადგილები ქვეყანაში 350 ათასით შემცირდება.

უმუშევრობა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წლის მეოთხე კვარტალში 12,3%-დან 10,9%-მდე შემცირდა.

„საქსტატმა" უმუშევრების დათვლის სისტემა შეცვალა. ამჟამად თვითდასაქმებულების მონაცემები ახალი მეთოდიკით ითვლება. თუ ადრე თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა საკუთარ მიწაზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, აწარმოებდა ის პროდუქციას თავისთვის თუ ბაზარზე გასაყიდად, ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულის კატეგორიიდან ამოიშალა.

1 იანვრიდან ამოქმედდა ცალკე უწყება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

მთავრობამ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვით, ახალი უწყება ასრულებს უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, რომელსაც მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებდა.

ყველაფერი საპრივატიზაციოდ: კალაძეს თბილისის ეკონომიკის „გაცოცხლება“ სურს>>

სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს სამუშაოს მძებნელთა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს დასაქმების მსურველებს, სწავლობს შრომის ბაზარს და შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

2019 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოში 11,6%-ს შეადგენდა, ანუ ოფიციალურად უმუშევრად მიიჩნეოდა 221 ათასი ადამიანი.

დახმარება მათთვის, ვინც სამუშაო დაკარგა

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლოს ისინი, ვისი შემოსავალიც 1,5 ათას ლარამდეა, თუმცა შეღავათები ყველას არ შეეხება.

საგადასახადო შეღავათები მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში შემოსავლების გარეშე დარჩნენ, ასევე დასაქმებულების წასახალისებლად.

გეგმის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა ხელფასი 1,5 ათას ლარამდეა. ამასთან, არ დაიბეგრება 750 ლარამდე თანხა. ანუ, მაგალითად, 1000 ლარი ხელფასის დროს საშემოსავლო გადასახადი გამოითვლება 250 ლარიდან და არა მთლიანი თანხიდან.

გადასახადებისგან გათავისუფლების მიზნით დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (752)

მთავარი თემები