თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობა დაახლოებით ორ კვირაში წარმოადგენს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც მუშაობს საერთაშორისო დონორებთან და მსოფლიოში ცნობილ ეკონომისტებთან ერთად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
„გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში. დღეს ვიწყებთ ტურიზმით, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობით და ფერმერებით, შემდგომ იქნება მშენებლობა და დეველოპმენტის მხარდაჭერა და შემდგომ იქნება განათლება. ვსაუბრობ პოსტკრიზისული გეგმის, ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების თაობაზე“, - განაცხადა გახარიამ.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ის გულისხმობს მოსახლეობის სოციალურ დახმარებას და ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ქვეყნის დაბრუნებას ეკონომიკური აქტივობისკენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში 21 მაისამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 615-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.