09:08 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (783)
98 0 0

საქართველოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რუსეთია, ყველაზე დიდი იმპორტიორი – თურქეთი. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის პირველ ათ თვეში 10,4%-ით გაიზარდა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 10,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,4%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,9%-ით მეტია.

იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 3,1%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა 4,3 მილიარდი დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 41,4%-ია.

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი − კაცს?>>

სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 24,7%-ით გაიზარდა, მსუბუქი მანქანების – 65,4%-ით, მედიკამენტების – 23,7%-ით, ნატურალური ღვინის – 12,7%-ით და ა.შ. ამავე დროს ფეროშენადნობის ექსპორტი 16,5%-ით შემცირდა.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ საქართველოში იმპორტის შემცირება უკავშირდება მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე გავლენას ახდენს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავების შემდეგ საშინაო დანაზოგის ზრდა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, იმპორტის შემცირება ძირითადად საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 15,6%-ით შემცირებას უკავშირდება.

2019 წლის დასაწყისიდან იმპორტის შემცირების მიზეზად საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ასახელებენ დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის საქართველოდან თურქეთში რეექსპორტის მოცულობის შემცირებას, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში გაიზარდა 47,1%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 5,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 9,8%-ით, მედიკამენტების – 7%-ით და სხვ.

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34%-ია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,2%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ათი თვის განმავლობაში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გავიდა 65,2 ათასი ტონა არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატი, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადანი და კონცენტრატი, 13,9 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,5 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოში შემოვიდა 22,3 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქცია, 1,1 ათასი ტონა სამედიცინო მედიკამენტი, 46,7 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 2221 მსუბუქი ავტომობილი, 41,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და სხვ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 5%-ით მოიმატა და წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,4%-ია.

თბილისში ბინების ფასები ლარში გაიზარდა, ხოლო დოლარში – შემცირდა>>

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 95,1 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 35 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ღვინო, 77,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 44,6 ტონა ცენტრიფუგა, 5,6 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

რუსეთი საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია – რუსეთიდან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 274,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 335,5 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 105,3 ათასი ტონა კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 84,7 ათასი ტონა ნავთობის აირი, 30,1 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და სხვ.

ჩინეთი მესამე ადგილზეა

საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 871,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით შემცირდა.

ჩინეთში წლის დასაწყისიდან გავიდა 66,1 ათასი ტონა სპილენძის მადანი, 4,3 ათასი ტონა ნატურალური ღვინო, 62 ტონა ინსტრუმენტი და ხელსაწყო, რომელიც მედიცინასა თუ ვეტერინარიაში გამოიყენება, და სხვ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 3,9 ათასი ტონა მოწყობილობა ჰაერის კონდიცირებისთვის, 285,3 ტონა გამოსათვლელი ტექნიკა თავისი ბლოკებით, 7,5 ათასი ტონა რეზინის პნევმატური საბურავი და სხვ.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: აზერბაიჯანი (დაახლოებით727,8 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 533,6 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 522 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 426,1 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 402,1 მლნ დოლარი), რუმინეთი (332 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთი (333,7 მლნ დოლარზე მეტი).

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს>>

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის ათ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 3,8%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 685,2 მლნ დოლარი – 14,2%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარი – 9%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 28% შეადგინა.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,6%-ით მეტია.

ექსპორტმა შეადგინა 1,6 მილიარდი დოლარი – 22,5%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვეებელთან შედარებით, იმპორტმა კი – 1,9 მილიარდი დოლარი – 12,5%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დსთ-ის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7,4% შეადგინა.

გასაღების ბაზარი ფართოვდება

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ზრდასა და გასაღების ბაზრების არეალის გაფართოებაზე, რაც ექსპორტის მიმდინარე დინამიკაზე აისახება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებთან ექსპორტის 10,4%-იან ზრდაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ასევე ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიმართულებით დგამს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით მიღებული უპირატესობების გამოყენებას.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. ახლო მომავალში მოლაპარაკება დაიწყება ინდოეთთან.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (783)

მთავარი თემები