თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა – 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში გავიდა დაახლოებით 75,6 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
აშშ-ში ქართული ღვინის ფორუმს უმასპინძლეს>>
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.
ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გადის. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.
ათი თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.
ღვინის გარდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58%).
მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58%).
საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაძაბული ვითარების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
რაჭული ხვანჭკარა: ყველაზე ტკბილი ღვინო საქართველოს ულამაზესი მხარიდან - ვიდეო>>
რუსი დეპუტატები ასევე განიხილავდნენ რუსეთში რიგი ქართული პროდუქტების შეტანის აკრძალვასაც, თუმცა მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციებს არ დააწესებდა.