თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“,„ქვევრის სიმპოზიუმს“და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“.
„ქვევრის სიმპოზიუმზე", რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა, სხვა გამომსვლელებს შორის იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად, მეცნიერულად დადასტურდა, რომ 8 ათასი წლის წინ, მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა.
ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ "საფერავისა და ქვევრის ღვინის კონკურსზე" წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართველი მწარმოებლის პროდუქცია, ხოლო დასკვნით დღეს გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სხვა ქართული ღვინოების გვერდით იყო საქართველოში ჩატარებული ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 30-მდე ღვინო. დეგუსტაციებს რამდენიმე ასული პროფესიონალი და ღვინის ექსპერტი დაესწრო.
ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არა მხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვან ღვინოებს აწარმოებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან.
„ქართული ღვინის ფორუმის“ ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 60%-ით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ქართული ღვინის პირველი ფორუმი აშშ-ში 2018 წლის ნოემბერში ვაშინგტონში ჩატარდა, რასაც ღვინის პროფესიონალების მხრიდან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.