19:21 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
თბილისის ქუჩებში

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი − კაცს?

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1034 0 0

ბოლო ევროპაში და ბოლოდან მეორე მსოფლიოს მასშტაბით... გაიზრდება თუ არა მინიმალური ხელფასი, როგორი იქნება ხალხის რჩეულების გადაწყვეტილება?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით ვეცდები ყველა დროების აქტუალურ კითხვას გავცე პასუხი. შესაძლოა ბრძანოთ, ბანალური კითხვააო, არც ის გამიკვირდება, დასძინოთ, რომ საპასუხოდ ძალისხმევა არ არისო საჭირო... მოგიწოდებთ, ნუ აჩქარდებით, ნაფიქრალს უფრორე დაეჯერება... თავადაც ვიფიქრებ და პასუხის ჩემეულ ვერსიას სტატიის დასკვნით ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი, გამოგიტყდებით, უკვე ცხოვრების წესად მექცა – ყოველი კვირის მიწურულს სტატისტიკურ მონაცემებსა და კვლევითი ჯგუფების ანალიტიკურ მასალებს ვეცნობი. ვეჭვობ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჩემზე ერთგული მომხმარებელი ჰყავდეს. გამონაკლისი არც ეს გასული შაბათი-კვირა იყო, თუმცა ამჯერად ჩემი ყურადღება პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებმა მიიქცია... განსაკუთრებული რა ხდება? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ. ვითარება მართლაც განსაკუთრებულია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელიც და თანაც საგანგაშო! თანმიმდევრულად მივყვეთ...

საქართველოში დაახლოებით 23 ათასი მოქალაქის ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ 100 ლარია, 60 ათასი ჩვენი თანამოქალაქის ჯამაგირი კი თვეში 200 ლარზე ნკლებია. ახლა გასაგებია, მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევისას მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის მთავარ გამოწვევად მუდმივად სიღარიბეს რატომ ასახელებს... ჩვენი დუხჭირი ყოფის გამომწვევი კიდევ სხვა ბევრი მიზეზიც არის, მაგრამ ამჯერად მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დადგენილი სახელფასო მინიმუმი − 20 ლარი არავის გაუუქმებია, ეს ნორმა დღემდე ძალაშია. მკითხველს მოეხსენება, მთავრობის წარმომადგენლები სიამაყით მიგვანიშნებენ, რომ მსოფლიო რეიტინგებში ჩვენმა ქვეყანამ პოზიციები გაიუმჯობესა. არც არავინ უარყოფს, რომ ბევრი მიმართულებით ასეა, მაგრამ გამონაკლისიც არის. მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველოს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, სავალალოა. ამ მაჩვენებლით ევროპაში ბოლო ვართ, ხოლო მსოფლიოში − ბოლოდან მეორე. ჩვენ გვისწრებს ყველა, მათ შორის – ნიგერია, სომხეთი, უზბეკეთი... აღარ განვაგრძობ, ჩამონათვალი ვრცელია!

სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებისგან მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდას მოითხოვს და კონკრეტულ რიცხვსაც ასახელებს − 320 ლარი. ეს  წინადადება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე შევიდა და, სავარაუდოდ, განხილვაც მალე დაიწყება. პროფკავშირების გაერთიანებაში დარწმუნებული არიან, რომ ამ ოდენობის მინიმალური ხელფასის დაკანონება დასაქმებულების ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. დღეის მონაცემებით კი, მინიმალური ანაზღაურება კერძო სექტორში 20 ლარია, ხოლო საჯარო სამსახურში − 135 ლარი.

საინტერესოა, როგორია ხალხის რჩეულების, კანონმდებლების პოზიცია? საარსებო მინიმუმი გადასახედია − ეს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებაა. მათი შეფასებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა მისაღებია, თუმცა მსჯელობას საჭიროებს. რა ღრმა და კომპეტენტური ხედვაა, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, სადაც მსჯელობის საჭიროებაზე არის საუბარი. სულ ცოტა, ირკვევა, რომ სალაყბოში არის საკითხები, მსჯელობას რომ არ საჭიროებს. სიღრმისეული მიდგომით არც საპარლამენტო ოპოზიცია გამოირჩევა. მათი შეფასებით, მძიმე სოციალური ვითარების განმუხტვა უნდა იყოს პრიორიტეტი. ორიოდე სიტყვას მათაც შევაწევ და ვიტყვი, კი, უნდა იყოს, მაგრამ არ არის. საინტერესოა, მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდა რამდენად შეუწყობს ხელს ამ „მძიმე სოციალური ვითარების განმუხტვას“...

როგორია დამსაქმებლების პოზიცია? – ბუნებრივი, ლოგიკური კითხვაა და არც პასუხის გაცემაა რთული. არავის გაუკვირდება, დამსაქმებელს ურჩევნია ნაკლები გაიღოს. „იაფად, სწრაფად და ხარისხიანად“ − საბჭოთა, კომუნისტური ეპოქის ეს დევიზი არც თანამედროვე ეპოქაში კარგავს აქტუალობას. კაცმა რომ თქვას, ადამიანის ბუნებაა ასეთი, სურს მაქსიმალური შედეგი ნაკლები ძალისხმევით. შეგახსენებთ, ოქტომბრის თვის მესამე დეკადაში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაააქტიურა. ჯერ იყო თემატური შეხვედრები, შემდეგ − შემაჯამებელი აუდიენცია.

„ყველანაირი გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვენ მეუბნებით – კონკრეტულად სად და რა პრობლემები გაქვთ“, − მიმართა ბიზნესს გიორგი გახარიამ. მაშინ ბიზნეს-ელიტას არც დაუმალავს, რომ ლარის გაუფასურებითა და საბანკო რეგულაციებით გამოწვეული პრობლემების გარდა მას შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები აწუხებს. ბიზნესმენები პარლამენტის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივას გულისხმობდნენ, რომელიც შრომის კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის: ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათებისა და მათი ანაზღაურების პარამეტრების განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების და შეწყვეტის წესის გამკაცრება, შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება. მაშინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს მხოლოდ ერთი დეპუტატის ინიციატივაა და ვნებათაღელვაც უსაფუძვლოაო, თუმცა გიორგი გახარიამ ისიც დასძინა, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებში ბალანსის დაცვა აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველა მხარემ უნდა იფიქროს. მთავრობის თავმჯდომარემ პირობაც დადო, რომ უკლებლივ ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილება, მიღებული იქნება ბიზნესის სექტორის აქტიური ჩართულობით. საინტერესოა, როგორი იქნება ბიზნეს-ელიტის პოზიცია? პასუხს კითხვაზე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ, თუმცა ძნელი არ არის მათი პათოსის დღესვე განჭვრეტა.

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, მინიმალური ხელფასის ოდენობის განსზღვრის მიღმა რისკებს ხედავს ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი. მათ შორის არის „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი. მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში პაატა ბაიარახტარმა განაცხადა, რომ არსებობს სამუშაო ადგილების შემცირების, პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე ფასების ზრდისა და შავი ბუღალტერიის წარმოების რისკი.

„როდესაც ეკონომიკურ დაშვებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გათვითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა, სტრუქტურა. შესაძლებელია რაღაც მიმართულებებით რეგულაციები გამოვიყენოთ და ამან პოზიტიური შედეგი მოგცეს, ასევე შესაძლებელია სხვა მიმართულებით რეგულაციების შემოღებამ ნეგატიური შედეგი მოიტანოს... როდესაც მინიმალური ხელფასის ზღვარს ვადგენთ, ხოლო ბიზნესმენს არ აქვს რეგულაციის შესრულების შესაძლებლობა, ის დგება სამი არჩევანის წინაშე: პირველი – გაათავისუფლოს თანამშრომლების რაღაც ნაწილი და გამოთავისუფლებული თანხებით დარჩენილებს გაუზარდოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც რეგულაციით არის დადგენილი; მეორე – გაზარდოს ფასები პროდუქტსა და მომსახურებაზე; მესამე – აწარმოოს ე.წ. შავი ბუღალტერია. ანუ, თანამშრომლები გააფორმოს კანონის გვერდის

ავლით. ასეთია რისკები, რომელსაც ინიციატივა გვიქადის“, – განაცხადა პაატა ბაიარახტარმა.

ერთი სიტყვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინიციატივას ბევრი მომხრე და ბევრიც წინააღმდეგი ეყოლება. არავის გაუკვირდება, თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებში ბალანსის ვექტორი დამსაქმებლის სასარგებლოდ გადაიხრება. ეს ჩემი მხოლოდ ვარაუდია.

და, ბოლოს, დაპირებული პასუხი სტატიის სახელდებისას დასმულ კითხვაზე. აკი შეგპირდით, რომ დასკვნით ნაწილში ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებდით. არ ვარ გუნდიდან − „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ჩემსას გეტყვით: ჯამაგირი არასოდეს ეყოფა კაცს! ნათქვამია, რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტი გინდა. ასე რომ, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს, მიუხედავად იმისა, ბევრია ის თუ ცოტა...

 

მთავარი თემები