საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტად ეკონომიკური ზრდა შეინიშნება მშენებლობის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.

რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,7% შეადგინა, იანვარ-სექტემბერში კი – 5%.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს

თოდრაძის ინფორმაციით, ზრდა სექტემბერში დაფიქსირდა მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში. ვარდნა ფიქსირდება სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სფეროებში.

რა უწყობს ხელს ზრდას?

მშენებლობის სფეროში ზრდის ტენდენცია, „საქსტატის" ხელმძღვანელის სიტყვებით, განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების, ისე გზების, ხიდებისა და ესტაკადების სამშენებლო სამუშაოების გააქტიურებით.

„მიმდინარე წლის ცხრა თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი დაახლოებით 24 პროცენტით გაიზარდა, ასევე 32 პროცენტით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობი", – აღნიშნა თოდრაძემ.

ტრანსპორტის სექტორის ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორის, მისი თქმით, არის ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება.

რას მოუტანს საქართველოს „Doing Business 2020“ რეიტინგში ქულების ისტორიული მაქსიმუმი>>

„ვაჭრობის დარგში კი ზრდა დაკავშირებული იყო 2019 წლის სექტემბერში საცალო ვაჭრობის მიმართულებით და ძირითადად საკვები პროდუქტებით ვაჭრობასთან, ასევე სასმელების და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან", – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს

საბითუმო ვაჭრობაში მან გამოყო ბუნებრივი აირით, მანქანებითა და მოწყობილობებით ვაჭრობა.

„საქსტატის" ხელმძღვანელმა აღნიშნა ასევე, რომ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან.

„მართალია, შემცირების ტენდენცია ფიქსირდება რუსეთიდან დაახლოებით 21 პროცენტით და დაახლოებით 38 პროცენტით შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ამ მიმართულებით სომხეთიდან, თურქეთიდან – დაახლოებით 8-8 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა. აღსანიშნავია ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი", – აღნიშნა ბრიფინგზე თოდრაძემ.

მისი თქმით, გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა დღგ-ის შედარებით მაღალ მოცულობას, რომელიც ქიმიურ მრეწველობაში შეიქმნა.

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების გაფართოება და აზოტოვანი სასუქების წარმოების გაფართოება. რაც შეეხება მეტალურგიას, ბოლო თვეების განმავლობაში გრძელდება შემცირების ტენდენცია ამ მიმართულებით, რაც დასტურდება კიდეც საგარეო ვაჭრობის მონაცემებით. დაახლოებით 13 პროცენტით არის შემცირებული ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი", – განაცხადა თოდრაძემ.

კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო
Standard & Poor's საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის

როგორც „საქსტატის" ხელმძღვანელმა განმარტა, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში შემცირების გამომწვევ მიზეზებს შორისაა ლითონის მადნების მოპოვების კლება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზის თანახმად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2018 წლის 4,7%-დან 2019 წელს 4,3%-მდე შემცირდება, რადგან მცირდება დაკრედიტების ზრდა, რუსეთიდან რეისების აკრძალვა კი აფერხებს ტურისტული სექტორის გაფართოებას.

ამის მიუხედავად, Fitch-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა „BB" რეიტინგის ქვეყნების საშუალო პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (3,3%) მაღალია. ინფრასტრუქტურაზე ხარჯის დაჩქარება და მცირედით შესუსტებული საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ზრდის ტემპის 4,7%-მდე დაჩქარებას, მიიჩნევს Fitch.

Fitch Ratings - Sputnik საქართველო
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობამ მოსალოდნელზე ნაკლები შეადგინა, დაადასტურა 2019 წელს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,6%-ის დონეზე.

ეკონომიკური ზრდის შემცირებას ვარაუდობს კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, ფიქრობენ კომპანიის ანალიტიკოსები.

ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს>>

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მოსაზრებას, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნილების (ტურიზმის ექსპორტი) მოსალოდნელი შესუსტების ფონზე 2019 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ს მიაღწევს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0