თურქეთის და ისრაელის გუნდებს შორის მატჩი ბათუმში ქომაგების დაკავებების ფონზე წარიმართა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა პოლიციის 3 თანამშრომელი, დაკავებულია 16 პირი
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში თურქული „ბეშიქთაშის“ და ისრაელის „ბეერ-შევას“ მატჩი თურქი ქომაგების აგრესიის და დაკავებების ფონზე წარიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
ხუთშაბათს საღამოს „ბეშიქთაში“ ისრაელის კლუბს ევროპა ლიგას მეხუთე ტურის ფარგლებში ხვდებოდა. თავდაპირველად თამაში თურქეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო არჩეულ იქნა ნეიტრალური სტადიონი „ბათუმი არენა“.
ბათუმში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.
გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი.
პოლიციასთან პირველი შეტაკებები სწორედ მსვლელობის დროს დაიწყო.
„ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.
გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
„კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.
„სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
თამაში საპოლიციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ განახლდა.
„ბეშიქთაშმა“ „ბეერ-შევას“ ძირითად დროში ანგარიშით 2:1 მოუგო.
მედიის მონაცემებით, ბათუმში 15 ათასამდე თურქი ქომაგი ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0