„ხალხის ძალა“: ომი და აგენტურა აშშ-ის „დახმარების“ შედეგია
© Courtesy of People’s Power„ხალხის ძალა“
© Courtesy of People’s Power
გამოწერა
პარტიაში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნაზე უარს მიიღებს
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ“ შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში დახმარების სახით ქვეყნის განვითარებისთვის გამოყოფილი ფული ამერიკული აგენტურის შესაქმნელად იხარჯებოდა და ასევე ქვეყანა ომამდე მიიყვანა.
„ხალხის ძალამ“ უსაფუძვლო კრიტიკა უწოდა შეერთებული შტატების, ევროკავშირის და სხვების კრიტიკას, ვინც მოუწოდებს საქართველოს არ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ სპეციალური რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
„ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, ამ ფულს რაში ხარჯავ. დანარჩენში საზოგადოება თვითონ გაერკვევა: ფული ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება თუ საზიანოდ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ხშირად ამბობდა, რომ 30 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოს 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ახლა ამაზე საუბრობს ამჟამინდელი ელჩი, რობინ დანიგანიც, და არც ის განმარტავს, რაზე იხარჯებოდა ეს ფული.
„ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ არცერთი სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სხვა სახელმწიფოების დახმარებისთვის არ იქმნება. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. უაზრობაა ქველმოქმედების დამალვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ბევრი რამ აქვს დასამალი.
„როცა ამას აკეთებ, გამოდის, რომ ბევრი რამ გაქვს დასამალი. დასამალი გაქვს პირველ რიგში ის, რომ შენს მიერ გაცემული ე.წ. დახმარება, სინამდვილეში, არა საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ აშშ-ის ე.წ. დახმარების შედეგად ქვეყანამ მიიღო ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი.
„კრედიტებს, რომლებიც 2008-2011 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ მოუწოდა ამერიკას, გაამხილოს, რაზე იხარჯება ახლა გამოყოფილი ფული.
„იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება?“ - დასვეს კითხვა პარტიაში.
„ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ ენჯეოებზე გაცემული გრანტებით მთელი ეს წლები ისე არყიეს საქართველო, რომ ეს ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად აისახა. რომელ არსამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი, განცხადებაში არ არის ნათქვამი.
„ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პერსპექტივები ევროინტეგრაციის გზაზე და რევოლუციური გეგმები
„ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე უარს მიიღებს.
ევროკომისიამ ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში რეკომენდაციებით ევროპული საბჭოსთვის, ხოლო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები, დეკემბერში მიიღებენ.
„ჩვენმა ქვეყანამ ამ სამ წელიწადში უამრავი სირთულე დაძლია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, დაუძინარი მეგობრების გეგმა ცხადია - საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ უარის მიზანია „კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, 2020 წლიდან რევოლუციის მოწყობა“.
მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, დარწმუნებული ვართ, რომ რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება. თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და ქვეყანა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპაც მსხვერპლია
„ხალხის ძალამ“ ევროკავშირის 16-წლიან სტაგნაციაზეც ისაუბრა. ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16,3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17,3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14,8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება.
პარტია დარწმუნებულია, რომ ევროპაში ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი სამმა კონფლიქტმა ითამაშა: საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და ახლა. ამასთან, მიმდინარე კონფლიქტის უკრაინის შემდეგ მთავარი მსხვერპლი ევროპაა.
„ევროპულ აგენტოკრატიას კი საკუთარ ხალხზე სადარდებლად არ სცალია, რადგან დავალებული აქვს, უკრაინის ომი ბოლო უკრაინელამდე (როგორც ამას დასავლელი პოლიტიკოსების პრაგმატული ნაწილი ხშირად ამბობს ხოლმე) და ბოლო ევროპულ საწარმომდე გააგრძელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, „ხალხის ძალამ“ მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმის გამო, რომ საქართველოს მხრიდან გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვიეს, ხოლო საქართველოს ელჩი უკრაინიდან გააძევეს. გარდა ამისა, სამშობლოში მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ.
„იმიტომ ხომ არ გვებრძვიან, რომ დანილოვისა და პოდოლიაკის მოწოდებების მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გავხსენით?“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ ზელენსკის დამოუკიდებლობის ხარისხი ზუსტად ისეთივე დაბალია, როგორიც სააკაშვილის იყო 2008 წელს.
„ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩვენს დაშანტაჟებას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იმავე პატრონების კარნახით ცდილობს, რომლებიც სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებისას პატრონობდნენ და რომლებიც ახლა უკვე ევროპასაც ფართოდ დაეპატრონნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპა უკეთესად დაიცავდა თავს, ევროპული ბიუროკრატია გარედან რომ არ იმართებოდეს, დარწმუნებულია „ხალხის ძალა“.
„2021 წლიდან ევროკავშირის სამივე მთავარი სტრუქტურა ჩართეს საქართველოზე თავდასხმაში. ევროპარლამენტს მიაღებინეს 3 რეზოლუცია, რომლებითაც უმძიმესი დამნაშავეების გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოათხოვნინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათქმევინეს უარი. საქართველომ სტატუსი მხოლოდ ერთი წლის მერე მიიღო.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოიყვანეს საქართველოში და მისი ხელით, საქართველოს კონსტიტუციის 19 აპრილის შეთანხმებით ჩანაცვლება მოინდომეს, ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაეტარებინა, თუ იმავე წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ს მაინც ვერ დააგროვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი გადალახა.
„ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნების“ დანგრევა და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, ანუ აგენტურის დაბრუნება იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ ასევე გაიხსენა, რომ 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
„სადაც ევროპული აგენტოკრატიის ჩარევა არ იყო საკმარისი, საქმეში უშუალოდ ამერიკული აგენტურა ერთვებოდა. სწორედ მათ დაუწესეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქციები ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს და ყოფილ მთავარ პროკურორს (ოთარ ფარცხალაძეს - რედ.)“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალაში“ მიაჩნია, რომ ამ სანქციების დაწესების მიზანი იყო ხელისუფლების გატეხვა და სახელმწიფოს ჩამოშლა.
„კარგია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ პრინციპულობა აჩვენა და სახელმწიფოს ჩამოშლა არ დაუშვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამავე დროს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. თავდაპირველად ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, 2024 წლის მარტში კი ის პარტიად გადაკეთდა.