კალაძე: არაფრის გულისთვის არ მიღირს უარის თქმა ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გათელოს, განაცხადა კახა კალაძემ
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. არც ერთი გაერთიანება არ ღირს ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებზე საპასუხოდ.
საპარლამენტო უმრავლესობამ იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0