რევოლუცია, მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა - პრემიერი საფრთხეებზე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან
12:30 18.04.2024 (განახლებულია: 14:14 18.04.2024)
© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ ქართველ პარტნიორებს უამბო, რა აწუხებს ხელისუფლებას ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად საქართველო სერიოზული საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, რაც არ მოხდებოდა რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. პარლამენტთან მესამე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
„კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაახლოებს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის - ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან.
კანონპროექტი ავალდებულებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას „უცხოური ძალის“ გამტარ ყველა იმ NGO-ს და მედიას, რომლის წლიური შემოსავლის 20% უცხოურ დაფინანსებას წარმოადგენს.
კანონპროექტი არანაირად არ ზღუდავს NGO-ების და მედიების საქმიანობას და არ ეხება ფიზიკურ პირებს.
დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია არ იგულისხმება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
რევოლუციის მცდელობები
არასამთავრობოებმა ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა საქართველოში - 2020 და 2022 წლებში, განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. ამავე ორგანიზაციამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ოქმებში არსებულ ზედმეტობებზე და თითქოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები გვიან გამოაქვეყნდა.
„ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შესულიყვნენ პარლამენტში - ისინიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
საბოლოო ჯამში ხელისუფლებას მოუწია ხელი მოეწერა „ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე“, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომლის შუამავლობითაც ის გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ იმავე წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43% მაინც ვერ მოიპოვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი გადალახა.
„მთელი ამ პროცესის მიზანი შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ISFED-ს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
„ენჯეოების“ მეორე რევოლუციური მცდელობა 2022 წლის ივნისში იყო, განაცხადა კობახიძემ.
მტკიცებულებად მან მოიყვანა რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის გამოსვლა ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსის, ეკა გიგაურის სიტყვები.
„მაშინ ეს ენჯეოები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არასამთავრობოები ვაბანკზე წავიდნენ, რადგან წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მათი გეგმა ჩავარდა.
„მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
თავდასხმები ეკლესიაზე
პრემიერმა ცალკეული „ენჯეოები“ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებში და მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობებში დაადანაშაულა.
„ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ ენჯეოებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან დასვა კითხვა, რა აზრის უნდა იყოს მოსახლეობა უცხოელ დონორებზე, როდესაც ეკლესიაზე მათ თავდასხმებს ხედავს.
რელიგიური ექსტრემიზმი
„მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად“, - განაცხადა კობახიძემ.
მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში, აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა არ დაასახელა ორგანიზაციები, რომლებიც რელიგიური ექსტრემიზმით გამოირჩევიან. მან მხოლოდ თქვა, რომ „მათი ადვოკატი სისტემატურად არის ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი დასავლური წყაროდან ფინანსდება“.
და ამ შემთხვევაში კობახიძე დარწმუნებულია, საქართველოში ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი ვერ გაბედავდნენ ასე ღიად სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებდნენ.
ლგბტ პროპაგანდა
„ენჯეოები, სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ დონორების რეპუტაციას.
სტრატეგიული პროექტების ჩავარდნა
პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაადანაშაულა კონკრეტული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების ჩავარდნაში, რის შედეგადაც დაზარალდა სახელმწიფოს ინტერესები ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ პროექტებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობდა. მან აღნიშნა, რომ ამ ენჯეოებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შემთხვევაში, გაუჭირდებოდათ „ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო გაუფრთხილდებოდნენ დონორებს“.
სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია
კობახიძემ განაცხადა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები სისტემატურად ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას.
„განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყო სასამართლო და პოლიცია“, - განაცხადა პრემიერმა.
მან განაცხადა, რომ ის „ენჯეოები“, რომლებიც ახლა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამოდიან და სტიგმატიზაციის დაუშვებლობაზე საუბრობენ, მაშინ უხეში, საბჭოური მეთოდებით ცდილობდნენ ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას და სასამართლოსა და პოლიციას იარლიყებს აკერავდნენ.
„მათ კარგად იციან ძალიან, რომ თუ გინდა სახელმწიფო ჩამოშალო, პირველ რიგში სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო. აქედან გამომდინარე, ეს „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ კანონს რომ ემოქმედა, არასამთავრობოები ვერ გაბედავდნენ ასე ღია თავდასხმებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებდნენ.
მეორე ფრონტი
2022 წელს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოში ამოქმედდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მეორე ფრონტის გახსნას, და მას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.
„ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება რომ დათანხმებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პირველივე წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდებოდა, ანუ ეკონომიკა რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა. შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიის დროს 6,5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
მოხდებოდა ეკონომიკური კოლაფსი, განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სწორე ეს იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მისი შესრულება პირდაპირ ნიშნავდა შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. უფრო მეტიც, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, სწორედ ამას ითხოვდა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს დაუგმეს უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს ჰქონიათ რეაგირება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მოწოდებებზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.
კობახიძემ მოიყვანა ეკა გიგაურის სიტყვები უკრაინის წარმატებებზე და თითქოს რუსეთს აღარ ჰქონდა რესურსები სამხედრო მოქმედებებისთვის სხვადასხვა მიმართულებებზე. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ და ვუჩვენოთ დასავლეთ, რომ ერთად ვართ“, - განაცხადა გიგაურმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე.
პრემიერი ამ შემთხვევაშიც დარწმუნებულია, რომ მაშინ რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის კანონს“, არასამთავრობოები ომის პროპაგანდისგან თავს შეიკავებდნენ და დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებდნენ.
რადიკალიზაცია და პოლარიზაცია
კობახიძის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამის დასტურია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პოსტები სოციალურ ქსელებში.
„ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს თუმცა რეაგირება ამ საკითხებზე არ იყო არავითარი, მათ შორის გამჭვირვალობის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ დონორად პრემიერმა დაასახელა „დემოკრატიის ევროპის ფონდი“ (EED), რომელსაც ხელმძღვანელობენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან.
კობახიძის თქმით, EED-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ დიპლომატს პირდაპირ დაუსვეს კითხვა, რატომ ითხოვენ დეპოლარიზაციას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი პოლარიზაციას აფინანსებენ.
„რა თქმა უნდა, ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. თავიდან დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალე შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა გამჭვირვალობა დღემდე არ არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იმ წლებში რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის კანონს“, დონორებს გაუჭირდებოდათ ღიად პოლარიზაციის დაფინანსება საქართველოში, ხოლო არასამთავრობოებს - პოლარიზაციის ღიად წახალისება.
„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია“, - განაცხადა კობახიძემ.