„ქართულმა ოცნებამ" აშშ-ს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა

© iStock.com / olyniteowlაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ელჩ რობინ დანიგანს ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხის განხილვის მოთხოვნით მიმართა, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვსურს მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას - საელჩოს, ქალბატონ ელჩს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რათა დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ", - განაცხადა მდინარაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ლიდერიც მდინარაძეა, წარმოდგენილია მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატებით.
„თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომაც, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და რომლ ჩვენმა მეგობრებმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება არ მისცენ", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა.
„ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
მდინარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული სკანდალი გაიხსენა, რომელმაც 2022 წლის მაისში ნიკა გვარამია გაასამართლა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია „ახალის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მდინარაძის თქმით, ჩხიკვაძის შემთხვევაში სანქციები, პრაქტიკულად, დაწესდა სავიზო შეზღუდვების სახით და მას, როგორც მოსამართლეს, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
„შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით გამოხატა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრებისთვის", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ჩხიკვაძემ თავად განაცხადა, აღნიშნული ბულინგის გამო მის ვაჟს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, აღნიშნა მდინარაძემ.
„ყოველივე ამას ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ადრე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ჩხიკვაძის თქმით ბურკმა შეხვედრისას მას შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.
ჩხიკვაძე იყო ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
რაც შეეხება გვარამიას, მან საპყრობილე 2023 წლის ივლისში დატოვა, მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
გვარამიამ დანაშაული არ აღიარა. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვაზე უარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს იყო მოსამართლის მიუკერძოებლობის დასტური, მაგრამ გვარამიამ გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა - მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, იმ დროისთვის აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.
ყველა ახალი ამბავი
0