მდინარაძე: საქართველოში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას დონორები ლობირებენ
© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქართული ორგანიზაციების უცხოელი დონორები, რომლებიც რევოლუციურ გეგმებს აწყობდნენ, აწარმოებდნენ ლგბტ-პროპაგანდას და ებრძოდნენ იდენტობას საქართველოში, სერიოზულად მუშაობენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და არ მოუწიოთ ინფორმაციის გამჟღავნება თავიანთი მტრული ქმედებების შესახებ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„დონორებიდან არავის არ აწყობს ამის გამოქვეყნება (მტრული ქმედებების დაფინანსება - რედ.), ამიტომაც ჩართულია ლობისტების ქსელი. სხვა ახსნა არ არსებობს თუ რატომ გვიკრძალავენ იმას, რაც მათ ქვეყნებშია მიღებული... სიტყვა „რუსულს“ აღარ იყენებენ, მაგრამ შეფასებები მაინც საგანგაშოა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სკანდალური კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეებმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის თანამოაზრეებთან ერთად, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ და სხვებმა, „მავნებლური მესიჯი“ გაავრცელეს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მტრებიც და კეთილისმყოფელებიც „ერთ ქვაბში" აღმოჩნდებიან.
„ის ფინანსები, რომელიც სასიკეთოდ არის მიმართული, მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობს ყველა, ვინც აფინანსებს ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ გეგმებს, ლგბტ-პროპაგანდას და არ აქვს მნიშვნელობა ისინი ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლელის დონორები არიან.
მან პრეტენზია გამოთქვა მათ წინააღმდეგ, ვინც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს „სირცხვილიას“ და „დროას“, ასევე ვინც დააფინანსა არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების სერბული ცენტრის (CANVAS) ტრენინგები საქართველოში.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.