ერთი ორისთვის - „ნაციონალური მოძრაობის" კონსულტანტი რჩევებს პარტიას „ლელოსაც" მისცემს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასავლელმა ლობისტთა ჯგუფმა ამერიკელი პიარ-კონსულტანტი ჯერემი როზნერი ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" კონსულტაციებისთვის გამოყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
„ლელოს“ წევრები პიარ-კონსულტანტთან თანამშრომლობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ როზნერი მათთან კონსულტაციებს 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართავს. ცნობილია, რომ როზნერი საქართველოში სამშაბათს ჩამოვა და პარტიის წევრებს შეხვდება.
„ვიცი, რომ ვთანამშრომლობთ კონსალტინგურ ფირმასთან. ვიცი, რომ როზნერი ამ ფირმის ერთ-ერთი თანამშრომელია, მაგრამ მეტი დეტალი არ ვიცი“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში.
ეს ფაქტი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემაც დაადასტურა.
„დიახ, ჯერემი როზნერი თანამშრომლობს „ლელოსთან". ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ სხვადასხვა კონსულტანტთან, მათ შორის საუკეთესოებთან და მათთან ერთად ვმუშაობთ ხელისუფლების შეცვლაზე", - განაცხადა ბუაძემ.
პარტია არ მალავს, რომ კონსულტანტებთან თანამშრომლობს, - განაცხადა „ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
„ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის კონსულტანტები. ჯერემი როზნერი ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა გეგელიამ.
როგორ გადაფარონ ახალი ამბები სკანდალით
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დასავლელმა ლობისტებმა „ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკელი პიარ-კონსულტანტი როზნერი მიამაგრეს, რომელთანაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დაახლოებით ორი კვირაა კონტაქტი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო და ანალიტიკურმა პორტალმა Kvira.ge-მ გაავრცელა.
Kvira.ge-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მსოფლიო ბანკის კვლევის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც საქართველომ კორუფციაში ბრძოლაში პროგრესს მიაღწია, როზნერმა „ნაცმოძრაობის" ლიდერებს დაავალა დოკუმენტის გამოქვეყნების დღეს საკუთარი ტელეარხების საშუალებით „წამოეწიათ" 2024 წლის 13 იანვრის ახალი ამბები იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა გადაემოწმებინა 300 ქართველი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია და ყოველივე ეს ისე წარმოედგინათ, თითქოს ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ ახალი სკანდალური ინფორმაცია.
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე>>>
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გეორგი ვოლსკის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ბევრ წევრ-ქვეყანას უსწრებს. რაც შეეხება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების აუცილებლობას, მისი თქმით, ეს ნორმალური პროცედურაა.
„ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეირჩევა გარკვეული ადამიანების ჯგუფი, ვინც ჩააბარა დეკლარაცია და მათგან კიდევ ხდება გადამოწმება ადამიანების, რომლებიც საზოგადოებაში თავიანთი პოლიტიკური საქმიანობით არიან ცნობილი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებამ იცის. შესაძლოა, როზნერმა არ იცოდა. შესაძლოა, ადამიანი, ვინც თანხას იხდის ამაში, იმანაც არ იცოდა. „ნამოძრაობაში“ ბევრი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს, საზღვარგარეთ მილიონები ხარჯეს და ვერც ამ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
როზნერი და „ნაცმოძრაობა"
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, როზნერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მრავალი წელია თანამშრომლობს. სწორედ კომპანიის კვლევამ, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვე არის - Rosner Research-მა, 2012 წელს „ნაცმოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის გამოიყენა და ამომრჩეველს „ნაცმოძრაობის" უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.
ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის და სხვა მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა>>>
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს შესახებ პოზიტიური ინფორმაციის სკანდალით გადაფარვას ცდილობს.
„ჩნდებიან ლობისტები, ვინმე როზნერი, რომელიც პირველად არ გამოდის ავანსცენაზე. საქართველოში 2012 წლამდე ის ეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“ თავისი რჩევებით... საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ დასრულდა 2012 წლის არჩევნები. შესაბამისად, ეს მოცემულობა არის უსუსური მცდელობა, ქვეყნის პროგრესი გადაიფაროს თითიდან გამოწოვილი ინფორმაციებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ვინ არის ოპოზიციის „დირიჟორი" საქართველოში?
უცხოელმა პარტნიორებმა როზნერი, რომელიც იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტად, ახლა „ლელოში" გაგზავნეს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არის ბევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობა - 2“, ანუ პარტიები, რომლებიც ახლა ცდილობენ აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ არიან.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს ერთი დირიჟორი ჰყავთ. ეს ერთ-ერთი მორიგი საჯარო მტკიცებულება გახლავთ, რადგან მათი დღის წესრიგი აუცილებლად ჯდება ერთმანეთის ინტერესებში, არეულობა, ომი ქვეყანაში და ბუნდოვანი მომავალი ჩვენი ქვეყნის, რასაც ჩვენ და ქართული საზოგადოება არ დავუშვებთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
55 პროცენტზე მეტი - ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა>>>
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.
ყველა ახალი ამბავი
0