საერთაშორისო დონორებმა უნდა შეამოწმონ, რაზე ხარჯავენ არასამთავროები მათ ფულს - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2024
გამოწერა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ USAID იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო დონორებს გადაამოწმონ, ხომ არ გამოიყენება მათი ფინანსები ისეთ საქმეებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება და ხალხის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
პაპუაშვილის აღშფოთება გამოიწვია სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფამ, ასევე „ტოლერანტობის ცენტრის“ დირექტორის ბექა მინდიაშვილის განცხადებებმა, რომელიც საქართველოში საშობაო დღესასწაულის აღნიშვნის 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადატანას მოითხოვდა.
„მოვუწოდებ ყველა დონორს, არ დაელოდონ მსგავსი სკანდალების შემთხვევით გამჟღავნებას და თავად გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელიც არის მინდიაშვილი, სულაც არ წარმოადგენს სახალხო დამცველთან არსებულ რაიმე სტრუქტურას.
„ეს თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ტოლერანტობის ცემტრი“ ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში.
„აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ISFED 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მომზადებაში დაადანაშაულა >>
მან მაგალითად მოიყვანა მინდიაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკლესიის მისამართით და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის - „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. ტოლერანტობის ცენტრი წესით უნდა ებრძოდეს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება >>
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს >>
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს >>
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.
შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.
ყველა ახალი ამბავი
0